Accessibility links

Breaking News

USAID-ის გლობალური განვითარების ლაბორატორია


ექვსი წლის წინ, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) საფუძველი ჩაუყარა გლობალური განვითარების ლაბორატორიას. ეს არის ინოვაციური მექანიზმი, რომელიც მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინოვაციების და პარტნიორობების გზით, მსოფლიოში ექსტრემალური სიღარიბის დასრულებას ისახავს მიზნად.

„ლაბორატორია წარმოადგენს უწყებას, რომელიც მუშაობს არა პროგრამების განხორციელებაზე, არამედ ეძებს ამ პროგრამების გაუმჯობესების გზებს, რათა ისინი იყვნენ უფრო ეფექტური და უფრო ანგარიშვალდებული არა მხოლოდ ამერიკელი გადამხდელებისთვის, არამედ მათთვისაც, ვინც უშუალოდ სარგებლობს განვითარების ამ პროგრამებით“ - თქვა ჰარი ბეიდერმა, გლობალური განვითარების ლაბორატორიის ბიუროს აღმასრულებელმა დირექტორმა.

„ჩვენ მოვიცავთ როგორც შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ყველა სექტორს და ყველა რეგიონს, ასევე ვმუშაობთ საერთაშორისო პარტნიორებთან. ასე რომ, ლაბორატორია მეცნიერების, ინოვაციების და ციფრული ტექნოლოგიების დახმარებით, ჩართულია განვითარების პროგრამათა მიზნების განხორციელების მთელ სპექტრში, იქნება ეს ეპიდემიებთან და დაავადებებთან ბრძოლა; ექსტრემალური სიღარიბის, თუ წერა-კითხვის უცოდინრობის დაძლევა; სწრაფვა დემოკრატიისკენ, თუ ტოლერანტობის გაზრდა მთელ მსოფლიოში, მეტი მრავალფეროვნებისთვის და ორგანიზაციათა გაზრდილი ქმედითუნარიანობის ასაშენებლად“ - აცხადებს ჰარი ბეიდერი.

ლაბორატორია მთელი საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ინოვაციების ერთგვარი ჰაბია.

„ფოკუსირებულები ვართ სამეცნიერო კვლევებზე, რაც ძირითადად მსოფლიოს ასზე მეტი სხვადასხვა უნივერსიტეტის კონსორციუმის საშუალებით ხდება“ - აღნიშნავს გლობალური განვითარების ლაბორატორიის ბიუროს აღმასრულებელი დირექტორი.

„ჩვენ გვესმის, რომ მარტო ჩვენს სააგენტოს ვერ ექნება პასუხი ყველა კითხვაზე, რაც კაცობრიობის და მისი განვითარების წინაშე დგას. ამიტომ, ჩვენი სურვილია, მაქსიმალურად აღვიჭურვოთ გლობალურ კონსორციუმში გაერთიანებული უნივერსიტეტების სამეცნიერო კვლევათა მიღწევებით და შემდეგ ეს სრულიად რეალური პრობლემების დაძლევაში გამოვიყენოთ“ - ამბობს დირექტორი ბეიდერი და მაგალითად კოლეგათა პროგრამა მოჰყავს:

„კოლეგათა პროგრამის შემწეობით, ჩვენ ხელს ვუწყობთ იმ ამერიკელ მეცნიერებს, რომლებიც განითარებადი სამყაროს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებასთან თანამშრომლობენ, ვეხმარებით მათ საერთაშორისო სამეცნიერო მკვლევარ პარტნიორებს, რათა მათ ადგილზევე შეძლონ თავისი შესაძლებლობების და საკუთრი ინდივიდუალური წვლილის გაზრდა“.

და ბოლოს, ბეიდერის თქმით, ლაბორატორიის ერთ-ერთი წამყვანი, თვალსაჩინო პროგრამაა განვითარების ინოვაციათა საწარმო.

„ეს მოძრავი სტრუქტურაა, რომელშიც ნებისმიერ ადამიანს ან უწყებას, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ნებისმიერ დროს შეუძლია იდეის წამოყენება. შემდეგ ლაბორატორია მასთან ერთად მუშაობს. ეს მტკიცებულებებზე დაფუძნებული პროცესია, რომელშიც ანაზღაურება გარკვეული წარმატებების მიღწევის შემდეგ, ეტაპობრივად ხდება და რომელიც ასევე ხელს უწყობს ადგილზე შესაძლებლობების შექმნას, თუ არატრატრადიციული პარტნიორების მოძიებას, რომლებიც თანაბარი შენატანის წყალობით, საკუთარ, ან სხვა ქვეყნის შესაძლებლობათა განვითარებას უწყობს ხელს“ - აღნიშნავს გლობალური განვითარების ლაბორატორიის ბიუროს აღმასრულებელი დირექტორი.

„ჩვენი დაწინაურება ხდება მოწინავე ციფრული ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის, ახალი ალგორითმების, ანგარიშის სისტემების, თუ ბლოკ ჩეინის კრიპტო ვალუტის გამოყენების გზით“ - ამბობს დირექტორი ჰარი ბეიდერი, „რათა საერთაშორისო განვითარების პროგრამები გაუმჯობესდეს, გახდეს უფრო ხარჯეფექტური და სწრაფი“.

XS
SM
MD
LG