თავდაცვის ახალი შეთანხმება საქართველოსთან

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი საქართველოში. 18 ოქტომბერი, 2021 წ.

„შეერთებული შტატები აფასებს საქართველოს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს“, განაცხადა შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ახლახან საქართველოში ვიზიტისას. „ურყევი“ რჩება აშშ-ის ერთგულება „საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული ხელშეუხებლობის“ მხარდაჭერისადმი, დასძინა მან.

ლოიდ ოსტინმა გამოაცხადა „საქართველოს თავდაცვის და შეკავების ინიციატივის“ შესახებ. ახალი მემორანდუმი ორ ქვეყანას შორის თავდაცვის მზადყოფნის ინიციატივის პროგრამას ანაცვლებს, რომელსაც ვადა ეწურება.

„საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ბაზაზე, გავაგრძელებთ მშენებლობას თავდაცვის სექტორში, რაც მოხდება ინსტიტუციური რეფორმების მხარდაჭერის გაგრძელებით, ეფექტიანი შეკავების და თავდაცვის შესაძლებლობების და უნარის გაძლიერებით, და ნატოსთან საქართველოს ურთიერთთავსებადობის ხელშეწყობით" - განაცხადა შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა.

შეთანხმება ხაზს უსვამს აშშ-ის პოლიტიკის ურყევ ერთგულებას საქართველოს თავდაცვისუნარიანობის დახმარების და აგრესიის შეკავების მიმართ, ასევე მისი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დაწინაურებისადმი.

SEE ALSO: თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ხაზს უსვამს შავი ზღვის პარტნიორების მნიშვნელობას

ლოიდ ოსტინი ამბობს: „ამავე დროს, საქართველოს მთავრობამ საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს, რათა შეერთებული შტატების მხარდაჭერით, განამტკიცოს საქართველოს დემოკრატია და საქართველოს დასავლეთთან უფრო მეტად დაახლოების მიზნით, დანერგოს საჭირო ფუნდამენტური რეფორმები“.

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას და მის ხალხს ავღანეთში აშშ-ის და ნატოს მხარდაჭერისთვის.

„ჩვენი ერთობლივი წვლილი ავღანეთში არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცის, და საერთო ინტერესების და ფასეულობების დადასტურება“ - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.