რუსეთის ობსტრუქციის მიუხედავად, ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულება კვლავ მტკიცეა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მიმართავს გაეროს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების განხილვის სხდომას. ნიუ-იორკი, 1 აგვისტო, 2022 წ.

კვირების განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებების შემდეგ, რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა დაებლოკა კონსენსუსი, რომელიც ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შეთანხმების გადახედვის მე-10 კონფერენციის საბოლოო დოკუმენტზე იქნა მიღწეული. მოლაპარაკება იმ შეთანხმების გადახედვის ნაწილი იყო, რომელიც ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის რეჟიმის ქვაკუთხედს წარმოადგენს.

რუსეთმა უარი თქვა დოკუმენტის მიღებაზე, რომელშიც იყო მოწოდება ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგურზე კონტროლი „უკრაინულ კომპეტენტურ უწყებას“ დაბრუნებოდა. თითქმის 150 მონაწილე ქვეყანას შორის, რუსეთი იყო ერთადერთი, ვინც საბოლოო დოკუმენტს შეეწინააღმდეგა. დოკუმენტი შეიცავდა ფორმულირებებს ბირთვული რისკის შემცირებაზე, ატომური ენერგიის მშვიდობიანი გამოყენების გაფართოებაზე და ბევრ სხვა მნიშვნელოვან საკითხზე.

რუსული ობსტრუქციის მიუხედავად, ხელშეკრულების მონაწილე მხარეებმა დაადასტურეს მოქმედების საჭიროება იარაღის კონტროლზე, კრიზისების გავრცელებაზე და მშვიდობიან ბირთვულ ენერგიაზე წვდომის გაფართოებაზე, მეცნიერებაზე და ტექნოლოგიებზე, განსაკუთრებით - სამხრეთ ნახევარსფეროს ქვეყნებში. შესანიშნავია ის, თუ რა დონეზე შეძლეს საერთო ნიადაგის გამოძებნა ხელშეკრულების მონაწილე მხარეებმა, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის რეჟიმის გაძლიერების მხარდასაჭერად, რთული საერთაშორისო პოლიტიკური და უსაფრთხოების გარემოს პირობებში - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის მოადგილემ, ვერდან პატელმა.

SEE ALSO: ბლინკენი ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების შესახებ

იმავდროულად, უდავო საერთაშორისო კონსენსუსის წინაშე, რუსული მთავრობის მიერ ასეთი ფორმულირებების მიუღებლობა ხაზს უსვამს რუსეთზე წნეხის გაზრდის საჭიროებას, რათა მან ატომურ ელექტროსადგურთან თავისი სამხედრო ქმედებები დაასრულოს და მასზე კონტროლი უკრაინას გადასცეს - თქვა პატელმა. ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგური ევროპაში უდიდესია და მარტიდან ის რუსულ ძალებს უკავია.

რუსეთის ცინიკური ობსტრუქციონიზმის მიუხედავად, ხელშეკრულების მტკიცე და არსებით როლზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ კონფერენციაში მონაწილე ყველა სხვა ქვეყანამ საბოლოო დოკუმენტის მხარდაჭერა შეძლო, რათა მოხდეს ბირთვული იარაღის გავრცელების არდაშვება და ბირთვული ომის საფრთხის თავიდან აცილება.

შეერთებული შტატები გააგრძელებს მუშაობას საერთაშორისო საზოგადოებასთან, რათა მთელ მსოფლიოში ბირთვული იარაღის გარეშე მშვიდობას და უსაფრთხოებას მიაღწიოს. ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულება ბირთვული გაუვრცელებლობის რეჟიმის ფუნდამენტური ქვაკუთხედია, ასეთად დარჩება და ბირთვული განიარაღების და ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი გამოყენების დაწინაურებისთვის, კვლავ არსებითი მნიშვნელობა ექნება.

„ვამაყობთ იმით, რომ კონსენსუსის მიმართულებით, ყველა მონაწილესთან კონსტრუქციულად და კეთილსინდისიერად ვიმუშავეთ,“ განაცხადა პატელმა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის მოადგილის თქმით, „რუსეთის ქმედებები მხოლოდ რუსეთზე მეტყველებს. ნათელია, რომ ხელშეკრულების სხვა მონაწილეები აღიარებენ ხელშეკრულების როლს, როგორც საერთაშორისო, წესებზე დაფუძნებული წესრიგის არსებითი ქვაკუთხედის".