როგორი იქნებოდა სამყარო ფრინველების გარეშე? ჩიტები მხოლოდ ლამაზები როდი არიან. მათ კრიტიკული მნიშვნელობა ენიჭებათ სოფლის მეურნეობის და ზოგადად, გარემოში ბალანსის დაცვის საქმეში. ჩიტები აკონტროლებენ მწერების პოპულაციებს, ავრცელებენ თესლებს და ზოგიერთი მცენარის დამტვერვასაც უწყობენ ხელს. ვინაიდან ისინი გარემოს ცვლილებებზე მგრძნობიარედ რეაგირებენ, ეკოლოგები ყურადღებით აკვირდებიან ცვლილებებს ფრინველთა პოპულაციებში. ეს ადრეული ინდიკატორებია, რომლებიც გარემოს დაცვის პრობლემებზე მიუთითებს.
განსაკუთრებული პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ ის ფრინველები, რომლებიც სეზონურად დიდ დისტანციებზე მიგრირებენ. ბოლო 50 წელია მომთაბარე ფრინველთა რიცხვი მკვეთრად იკლებს. მეცნიერების დაანგარიშებით, 1970 წლის შემდეგ, ჩვენ დაახლოებით 3 მილიარდი ფრინველი დავკარგეთ. ფრინველებისთვის გაჩენილ ბევრ საფრთხეს შორის სახელდება: მომთაბარეთა შორის საცხოვრებელი გარემოს გაქრობა და ფრაგმენტაცია; ნაგებობებზე დაჯახება; ტოქსიკური ქიმიკატებით მოწამვლა; აგრესიული მტაცებელი სახეობების მსხვერპლად ქცევა და გლობალური კლიმატური ცვლილებები.
მომთაბარე ფრინველებს ამერიკაში კანონმდებლობა იცავს. ისინი დაცულნი არიან 1918 წლის მომთაბარე ფრინველთა ხელშეკრულების აქტით. შეერთებული შტატები ასევე უერთდება საერთაშორისო შეთანხმებას მომთაბარე ფრინველების შესახებ, რომელიც დადებულია კანადას, მექსიკას, იაპონიას და რუსეთს შორის. თუმცა, ფრინველების დასაცავად ეს საკმარისი არ არის. 2000 წელს აშშ-ის კონგრესმა დაამტკიცა ნეოტროპიკულ მომთაბარე ფრინველთა დაცვის აქტი (NMBCA), რომელიც ამ ტიპის 341 სახეობას იცავს. საუბარია ფრინველებზე, რომლებიც მრავლდებიან ჩრდილოეთ ამერიკაში და ზამთრობით - ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკის ტროპიკულ ზონებში.
ამ უკანასკნელის დანერგვაზე ზედამხედველობის მოვალეობა აკისრია შეერთებული შტატების თევზეულის და გარეული სამყაროს სერვისს. ის ყოველწლიურად აწესებს კონკურენტულ საგრანტო პროგრამებს. ეს ხელს უწყობს ნეოტროპიკული მომთაბარე ფრინველების და მათი საცხოვრებელი გარემოს დაცვას. პროგრამის ფუნდამენტშივეა ჩადებული მოთხოვნა, რომ დაფინანსების სულ ცოტა, 75% გაეგზავნოს სამხრეთ ამერიკის და კარიბის კუნძულების პროექტებს, სადაც საცხოვრებელი გარემოს გაქრობის, თუ სხვა საფრთხეები ძალიან მნიშვნელოვანია, გარემოს დაცვის სუბსიდირება კი - ძალზე მწირი. პროგრამა მთელ დასავლეთ ნახევარსფეროში მუშაობს, რათა ხელი შეუწყოს ამ დერეფანში ჩიტების მიგრაციის მთელ სასიცოცხლო ციკლს.
ნეოტროპიკულ მომთაბარე ფრინველთა დაცვის აქტი ნებისმიერ არასამთავრობო წყაროს გრანტს, დამატებითი თანხებით უზრუნველყოფს. წელს $4.8 მილიონიანი ფედერალური სუბსიდირებით მოხდა პარტნიორების მიერ შემოტანილი $22.5-ის შემოწირულობის წახალისება. ეს თანხა ამერიკის კონტინენტზე 23 ქვეყნის 30 კოლაბორაციულ პროექტზე გადანაწილდება, რომლებიც ფრინველთა პოპულაციების და მათი საცხოვრებელი გარემოს ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
„ის რაც სამხრეთ ამერიკაში და კარიბის კუნძულებზე ხდება, გავლენას ახდენს ჩიტებზე, რომლებიც ჩვენს ეზოებს ყოველ გაზაფხულზე და ზაფხულში სტუმრობენ“ - განაცხადა მარტა უილიამსმა, აშშ-ის თევზეულის და გარეული სამყაროს სერვისის დირექტორის მოადგილემ. მისი თქმით, „აღნიშნული გრანტები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვის პროექტების მიმართულებით მიმდინარე თანამშრომლობას და კვლევებს მთელი ნახევარსფეროს მასშტაბით“.