სამართლის ძიება უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სისასტიკისთვის

მასობრივი საფლავები იზიუმში, უკრაინა

ცხრა თვის წინ, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი თავდასხმა წამოიწყო, რუსეთის ჯარებმა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს ან დაჭრეს; 13 მილიონ უკრაინელს დაატოვებინეს სახლი; ელექტროენერგიისა წყლის ქონისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა დაბომბეს; მიზანში ამოიღეს საავადმყოფოები, სკოლები და საცხოვრებელ სახლები; მიწასთან გაასწორეს ისტორიული ქალაქები.

უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას თან ახლავს სისტემატური ომის დანაშაულები ყველა რეგიონში, სადაც რუსული ძალებია განლაგებული - თქვა ბეთ ფონ შააკმა, რომელიც ამერიკის ელჩია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან გლობალური სისხლის სამართლის საკითხებში. მისი თქმით, "იკვეთება ამ დანაშაულთა მიჩქმალვის მცდელობებიც".

“გვაქვს ცნობები, რომ ადამიანები სიცოცხლეს გამოასალმეს სიკვდილით დასჯის მსგავსად, ხელებშეკრულნი. ვნახეთ წამების შედეგად დასახიჩრებული ცხედრები, გვაქვს ქალებისა და ბავშვების წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის სასტიკი შემთხვევები”- თქვა ელჩმა. უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ უკვე გამოავლინა ათასობით ინციდენტი, რაც შესაძლოა ომის დანაშაულებს წარმოადგენდეს.

SEE ALSO: გაერო მოუწოდებს, უკრაინაში მომხდარის გამო, რუსეთს რეპარაციები დაეკისროს

ამასთან, რუსეთის მთავრობამ ათასობით უკრაინელი დაუქვემდებარა ფილტრაციის ოპერაციების ფართომასშტაბიან, საერთაშორისო ინფრასტრუქტურას. არსებობს უტყუარი სამხილები, მათ შორის - უკრაინის მოქალაქეებზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის, სიკვდილით დასჯის და ათასობით უკრაინელი ბავშვის ტრანსფერის და დეპორტაციის, რომლებიც გაიტაცეს და რუს ოჯახებში იძულებით გააშვილეს.

ეს ცნობები ასახავს ძალადობის შემაშფოთებელ ტენდენციას ყველგან, სადაც რუსეთის ძალებია ჩართული. ძალადობა იდენტურია იმ ფაქტებთან, რაც ფიქსირდებოდა კრემლის წინა სამხედრო კამპანიებში ჩეჩნეთში, სირიაში და საქართველოში.

შეერთებული შტატები ეხმარება სხვადასხვა საერთაშორისო მცდელობას, რომლებიც უკრაინაში ჩადენილ, განსაკუთრებული სისასტიკის დანაშაულებს იძიებს. მათ შორისაა მიმდინარე გამოძიება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში, რადგან უკრაინა ამ სასამართლოს იურისდიქციაში შედის. ასევე მიმდინარეობს უკრაინაში მომხდარი ფაქტების დამდგენი კომისიის მუშაობა გაეროში და დაწყებული აქვს მუშაობა გაეროს ადამიანის უფლებების მონიტორინგის მისიას. ევროპელებმა ამასობაში შექმნეს ერთობლივი საგამოძიებო გუნდი “ეუროჯასტის” ქსელის საშუალებით. ცოტა ხნის წინ იქ შეიმუშავეს წესები, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს, სამხილები აღნუსხოს და წარადგინოს საერთაშორისო დანაშაულის შემსწავლელ კომისიაში. ამერიკა ასევე დიდ დახმარებას აწვდის უკრაინის გენერალურ პროკურატურას რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი სისასტიკის დოკუმენტირების, გამოძიებისა და აღნუსხვისთვის. ეს სხვადასხვა აქტივობა მისასალმებელი და კრიტიკულია.

მსოფლიო ერთიანია იმ საკითხში, რომ რუსეთს უკრაინაში ჩადენილ სისასტიკეზე პასუხი აუცილებლად უნდა მოეთხოვოს.