რუსეთმა უკრაინის აღმოსავლეთ საზღვართან 100 000 ჯარისკაცს მოუყარა თავი და უკრაინას შეჭრით ემუქრება. ამ მუქარამ უპასუხოდ არ უნდა ჩაიაროს, განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა. მისი თქმით, „უკრაინას აქვს უფლება იყოს დამოუკიდებელი, დაიცვას საკუთარი ტერიტორიული მთლიანობა, დაიცვას მისი სუვერენიტეტი“. მეტიც, სახელმწიფო მდივნის განცხადებით, „სასწორზეა საერთაშორისო ურთიერთობათა ფუნდამენტური პრინციპები“.
„ერთ სახელმწიფოს უბრალოდ არ უნდა ჰქონდეს უფლება მეორე ქვეყნის საზღვრები ძალის გამოყენებით შეცვალოს, როგორც ეს რუსეთმა გააკეთა უკრაინის შემთხვევაში“ - ამბობს ბლინკენი.
სახელმწიფო მდივნის თქმით, „თუკი ამ საბაზისო პრინციპების დაუსჯელად დარღვევის უფლებას მივცემთ, ამით პანდორას ყუთს გავხსნით, რომელსაც არამარტო ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში დაინახავენ და იგრძნობენ. ეს დაგვაბრუნებს იმ დროში, როცა იყო დაპირისპირება, კონფლიქტი და რაც კიდევ უფრო უარესია, ეს მრავალი წლით დაგვხევს უკან, რომელთა მანძილზეც ბევრი ჩვენგანი წინსვლაზე მუშაობდა“.
ასე რომ სასწორზე ახლა გაცილებით დიდი რამ არის, ვიდრე უკრაინის ბედი. ეს გაცილებით მეტია, ვიდრე თუნდაც ევროპას და რუსეთს შორის ურთიერთობა, ან შეერთებულ შტატებს და რუსეთს შორის ურთიერთობა - აღნიშნავს ბლინკენი.
შეერთებულმა შტატებმა იმუშავა ნატოს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, რათა რუსეთისთვის დიპლომატიის და დიალოგის გზა შეეთავაზებინათ. ეს მოიცავს რუსეთთან შეხვედრებს უშუალოდ სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგის ფორმატში. მეორე გზა ნატო-რუსეთის საბჭოს მოწვევა და შეშფოთების საერთო სფეროებზე მოლაპარაკების განახლებაა. და ბოლოს, შეერთებული შტატები ჩართულია ეუთოსთან, ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციასთან ერთად, რათა მოხდეს ევროპის უსაფრთხოების გაცილებით ფართო საკითხების განხილვა 56 მონაწილე ქვეყანასთან ერთად, რომელთა შორის უკრაინა და რუსეთიც არიან წარმოდგენილნი, თანაბარი ადგილებით მოლაპარაკების მაგიდასთან.
მაგრამ, ამავე დროს, შეერთებული შტატები მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, მზად არის იმისთვის, რომ პასუხის გაცემა მნიშვნელოვანი შედეგებით მოხდეს, აღნიშნავს ბლინკენი:
„ჩვენ თანაბარი დრო მოვახმარეთ ორივე მიმართულებაზე მუშაობას, ვიმუშავეთ რა ძალიან მჭიდროდ ევროპელებთან ერთად, რომ მოგვემზადებინა ძალიან, ძალიან მძიმე დარტყმის უნარის მქონე სანქციების პაკეტი. ეს ისეთი რამაა, რისი გაკეთების დაპირებას არამარტო შეერთებული შტატები იძლევა, არამედ ყველა ჩვენი მოკავშირე და პარტნიორი“.
შეერთებული შტატები ასევე აგრძელებდა მუშაობას უკრაინის თავდაცვის გაძლიერების მიმართულებით.
რუსეთის წინაშე ორი გზაა: დიპლომატიის გზა, რომელსაც შეუძლია მშვიდობა და უსაფრთხოება მოიტანოს და აგრესიის გზა, რომელსაც მხოლოდ კონფლიქტის, მძიმე შედეგების და საერთაშორისო დაგმობის მოტანა შეუძლია. შეერთებული შტატები თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, აგრძელებს უკრაინასთან ერთად დგომას და რუსეთთან შესახვედრად ორივე მიმართულებით მზადყოფნაშია.