Accessibility links

Breaking News

ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა ძლიერია


ენტონი ბლინკენი (მარჯვნივ) და ჯოზეფ ბორელი (მარცხნივ)
ენტონი ბლინკენი (მარჯვნივ) და ჯოზეფ ბორელი (მარცხნივ)

ცოტა ხნის წინ, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ბრიუსელში რამდენიმე ევროპელ ლიდერს შეხვდა. ამ შეხვედრებმა ტრანსატლანტიკური ალიანსის მნიშვნელობას და სიმძლავრეს გაუსვა ხაზი.

ევროკავშირის საგარეო საქმეების და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელთან შეხვედრის შემდეგ, სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა თქვა, რომ განხილვის საკითხები მოიცავდა გლობალურ გამოწვევებს, ეთიოპიიდან ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკამდე და ახლო აღმოსავლეთამდე, სადაც შეერთებული შტატების და ევროპის თანამშრომლობას მნიშვნელოვანი შედეგების მოტანა შეუძლია.

თუმცა, მათი საუბრის მნიშვნელოვანი ფოკუსი უკრაინა იყო და მსჯელობა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის გარშემო იყო კონცენტრირებული.

„შეერთებული შტატები და და ევროკავშირი გააგრძელებენ ფეხაწყობილ მუშაობას, პარტნიორების ფართო კოალიციასთან ერთად... რათა უზრუნველყონ, რომ უკრაინას შეეძლოს საკუთარი თავის, საკუთარი ხალხის, საკუთარი ტერიტორიის, საკუთარი გზის არჩევის უფლების დაცვა“, თქვა სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა.

მან აღნიშნა, რომ ამ დროისთვის, ევროპელმა პარტნიორებმა ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების მიზნით გამოყოფილ მილიარდებთან ერთად, უკრაინის სამხედრო დახმარებაზე დაახლოებით 13 მილიარდი დოლარი დახარჯეს. უფრო მეტიც, ცოტა ხნის წინ ევროკავშირმა გამოაცხადა, რომ ევროპული მშვიდობის ფონდის მეშვეობით, უკრაინას დამატებით 2 მილიარდი ევროს ღირებულების საბრძოლო მასალას მიაწვდის. უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ აშშ-მაც გამოაცხადა, რომელიც მოიცავს 500 მილიონი დოლარის ღირებულების საბრძოლო მასალას თუ აღჭურვილობას და ასევე 2.1 მილიარდი დოლარის ღირებულების საბრძოლო მასალას, ნაღმმტყორცნების სისტემებს, რაკეტებს და ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემებს.

ევროკავშირი და შეერთებული შტატები ასევე „აწესებენ ყოვლისმომცველ სანქციებს და ექსპორტზე კონტროლს, რომელიც რუსეთის მიერ ომის წარმოების შესაძლებლობებს აკნინებს“, თქვა სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა.

მან შეაქო ევროკავშირი რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირების გამო, რომელიც ომის დაწყების დროს თითქმის 40 პროცენტს შეადგენდა და 2022 წლის ბოლოსთვის დაახლოებით 15 პროცენტამდე დაეცა, რასაც გასულ წელს ამერიკული გათხევადებული ბუნებრივი გაზის იმპორტის 140%-ით გაზრდაც დაეხმარა.

უმაგალითო თანამშრომლობის კიდევ ერთი სფერო ენერგოუსაფრთხოებაა, რომელიც კლიმატური კატასტროფის თავიდან ასაცილებლად, საზიარო ვალდებულებას საჭიროებს. სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი გლობალურად სუფთა ენერგიაზე გადასვლა დააჩქარონ. ისინი განახლებადი ენერგიისთვის მოქნილ, უსაფრთხო და დივერსიფიცირებულ მიწოდების ჯაჭვებს ქმნიან.

სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა აღნიშნა, რომ უმაღლეს წარმომადგენელ ბორელთან გამართული ყველა მსჯელობის დროს, ერთობლივი ფოკუსი, მათი დემოკრატიების და დემოკრატიული ფასეულობების გამოცოცხლებისკენ იყო მიმართული.

შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა მსოფლიოში ყველაზე ყოვლისმომცველი, დინამიური ურთიერთობაა“, თქვა სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა, „და ჩემთვის სასიამოვნოა... გავაგრძელო ჩვენი საქმე, რათა ხალხისთვის, ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს, უფრო ძლიერი და უფრო უსაფრთხო მომავალი შევქმნათ“.

XS
SM
MD
LG