Accessibility links

Breaking News

ბლინკენი - ნატოს მომავალ, მადრიდის სამიტთან დაკავშირებით


ენტონი ბლინკენი - აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

მადრიდში დაგეგმილ ნატოს მომავალ სამიტზე, ალიანსი ახალ სტრატეგიულ კონცეფციას განსაზღვრავს. სტრატეგიული კონცეფციის დოკუმენტის მიღების მიზანია, ჩვენს წინაშე არსებული საფრთხეების და გამოწვევების წინა პლანზე წამოწევა და ნატოს სამომავლო ადაპტაციის კურსის განსაზღვრა. ახალი კონცეფცია იქნება პასუხი გამოწვევებზე, რომელთა შორის სახელდება, თუმცა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება: კიბერ-სივრცეში მავნე მოქმედება, სტრატეგიული კონკურენტების ძალისხმევა დაასუსტონ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი და კლიმატის ცვლილებათა შესაძლო გავლენა უსაფრთხოებაზე. უკრაინას რაც შეეხება, შეერთებული შტატები მისთვის უაღრესად საჭირო დახმარების გაგზავნას გააგრძელებს. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა:

„პრეზიდენტმა ბაიდენმა განცხადება დახმარების ახალი, მნიშვნელოვანი პაკეტის თაობაზე გააკეთა, რათა უკრაინა მოწინავე იარაღის დამატებითი შესაძლებლობებით შეაიარაღოს. ეს არის ზუსტად ის, რაც მათ მიმდინარე რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად სჭირდებათ... ჩვენ სწრაფად ვიმოქმედეთ, რომ უკრაინისთვის იარაღის და საბრძოლო მასალის მნიშვნელოვანი მოცულობა გაგვეგზავნა, რათა მათ რუსეთის აგრესია მოიგერიონ და მეორეს მხრივ, ყველაზე ძლიერი პოზიციის ქონა შეძლონ ნებისმიერ მოლაპარაკების მაგიდასთან, რომელიც შეიძლება გამოჩნდეს“.

ნატოელმა მოკავშირეებმა, სხვა პარტნიორებთან ერთად, უპრეცედენტო სანქციებით, ექსპორტის კონტროლით და დიპლომატიური წნეხით, რუსეთის მთავრობა და მისი ხელშემწყობები მძიმე შედეგების წინაშე დააყენეს. თითქმის 7 მილიონი უკრაინელი იძულებული გახდა საკუთარი ქვეყანა დაეტოვებინა და ბევრი სხვა, უკრაინის შიგნით დევნილად იქცა. ევროპის სახელმწიფოებმა და მის მიღმა მყოფმა ქვეყნებმა, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა, მიიღეს უკრაინელები, რომლებიც ძალადობას გაურბიან.

ნატო მზადაა ამის მსგავს გამოწვევებს გაუმკლავდეს ძლიერი კიბერ-თავდაცვით, უახლესი ტექნოლოგიით და მსოფლიოს ქვეყნებთან გაძლიერებული პარტნიორობით. „ნატოს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრის დაცვას უზრუნველვყოფთ“, განაცხადა სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა. „ომის დაწყების შემდეგ ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე, დამატებით 20 ათასზე მეტი ჯარისკაცი განვალაგეთ“.

„ბევრი მოკავშირე აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო ძალას ზრდის. გასულ თვეში, ფინეთმა და შვედეთმა, დიდი ხნის განმავლობაში ნატოს პარტნიორებმა, ნატოში გაწევრიანების გადაწყვეტილება მიიღეს“, აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა.

მისი თქმით, „შეერთებული შტატები ფინეთის და შვედეთის განაცხადებს მხარს მტკიცედ უჭერს. ორივე ქვეყანას საკმარისზე მეტი კვალიფიკაცია გააჩნია, რომ რაც შეიძლება მალე, ალიანსის სრულუფლებიანი წევრები გახდნენ. ისინი ნატოში შესვლით, ნატოს გააძლიერებენ. მოუთმენლად ველით ისტორიაში უძლიერეს თავდაცვით ალიანსში მათ სწრაფად მიღებას“.

შეერთებული შტატები აპირებს მადრიდის სამიტზე მოკავშირეებთან ერთად დადგეს, რათა უზრუნველყოს ის, რომ ნატო დარჩეს ძლიერი, გამძლე და დღევანდელი თუ მომავლის გამოწვევებისთვის მომზადებული.

XS
SM
MD
LG