ბერლინში, ცოტა ხნის წინ ჩატარებულ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების არაოფიციალურ შეხვედრაზე, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ალიანსი „დემოკრატიული, დამოუკიდებელი და სუვერენული უკრაინის მხარდაჭერისადმი ერთგული“ რჩება. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ეს ომი დაიწყო იმის ფიქრით, რომ მას შეეძლო უკრაინა, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა გაენადგურებინა და ნატო დაეყო. „ამის ნაცვლად“, განაცხადა სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა, „იმ დროს, როდესაც უკრაინამ რუსული ჯარი კიევიდან განდევნა, მან უკრაინის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა მხოლოდ განამტკიცა.“
„ალიანსის ყოველ წევრს სურს, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს“, თქვა სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა, „მაგრამ ჩვენ თანაბარწილად მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ უკრაინისადმი უსაფრთხოების დარგში ჩვენი დახმარება შევინარჩუნოთ, გავაგრძელოთ ჩვენი სანქციები, ექსპორტზე კონტროლი და რუსეთზე დიპლომატიური წნეხი იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.“
„შეერთებული შტატები, მისი მოკავშირეები და პარტნიორები ორიენტირებული არიან უკრაინას ბრძოლის ველზე და ნებისმიერ მოლაპარაკების მაგიდასთან იმდენად ძლიერი დახმარების ხელი გაუწოდონ, რამდენადაც ეს შესაძლებელია, რათა მან შეძლოს რუსული აგრესიის მოგერიება და თავისი დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის სრულად დაცვა“.
შეერთებულმა შტატებმა, მის მოკავშირეებმა და პარტნიორებმა „მოახდინეს მტკიცე და თანმიმდევრული ტრანსატლანტიკური რეაგირება“ იმ 6 მილიონზე მეტი ლტოლვილის დასახმარებლად, რომელიც უკრაინიდან გაიქცა, თქვა სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა.
„შეერთებულმა შტატებმა დახმარების სახით მილიონობით დოლარი გამოუყო ქვეყნებს, რომლებიც უკრაინის მოქალაქეებს ღებულობენ, რათა მათ აუცილებელი მხარდაჭერის და მომსახურების უზრუნველყოფაში დაეხმაროს. ჩვენი ქვეყნები ასევე ერთიანდებიან იმ უფრო ფართო შედეგების გადალახვის მიზნით, რომელიც რუსეთის აგრესიიდან მომდინარეობს, როგორიცაა გლობალურად სურსათის ნაკლებობა და სურსათზე ფასების ზრდა, რასი მოწმეც ვართ.“
„ჩვენ ვიცით, რომ უკრაინის მხარდაჭერით ასევე ვიცავთ სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის პრინციპებს, რომელიც გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების საძირკველია. ამერიკელი დიპლომატები, რამდენიმე კვირის განმავლობაში პოლონეთიდან მუშაობის შემდეგ, უკრაინაში დაბრუნდნენ“, თქვა სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა. „ჩვენ კვლავ ვხსნით კიევში ჩვენს საელჩოს... და ძალიან მალე მუშაობას გავაგრძელებთ.“
სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა ასევე კიდევ ერთხელ დაადასტურა ნატოს ღია კარის პოლიტიკა და ყველა ქვეყნის უფლება, საკუთარი მომავალი, პოლიტიკა და უსაფრთხოების სტრუქტურა თვითონვე გადაწყვიტოს. როგორც ასეთი, შეერთებული შტატები ნატოში შვედეთის და ფინეთის ალიანსში შესასვლელ განაცხადს, ძლიერ უჭერს მხარს.
შეერთებული შტატები ელის ივნისში ნატოს მადრიდის სამიტს, როდესაც ალიანსი თავის ახალ სტრატეგიულ კონცეფციას გამოაქვეყნებს. კონცეფცია მიმდინარე უსაფრთხოების გარემოს მონახაზს გააკეთებს და გამოკვეთს იმას, თუ როგორ შეინარჩუნებს და გააძლიერებს ალიანსი ტრანსატლანტურ უსაფრთხოებას, პრეზიდენტ პუტინის აგრესიის და ასევე მომავალ ათწლეულებში სხვა საფრთხეების და გამოწვევების პირისპირ.