ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია, იგივე ნატო, ეს არის თავდაცვის ალიანსი, რომელიც 30 ქვეყნისგან შედგება, ეფუძნება კეთილ ნებას და მილიარდამდე ადამიანს მოიცავს. წევრი სახელმწიფოები „დემოკრატიის, თავისუფლების, ღიაობის და კანონზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის გარშემო გაერთიანდნენ, რათა უზრუნველყონ წევრი ქვეყნების მშვიდობიანი წინსვლის შესაძლებლობა“ - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ბრიუსელში, ნატოს სათაო ოფისში.
შეერთებული შტატების ერთგულება ნატოს მიმართ კვლავ მტკიცეა. „ჩვენ ძალიან ფართო მიზნები გვაქვს, რათა დავრწმუნდეთ იმაში, რომ ეს ალიანსი ისევე ეფექტური იქნება შემდეგი 75 წლის მანძილზე, როგორიც მისი პირველი 75 წელი იყო“ - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.
ენტონი ბლინკენმა ხაზგასმით აღნიშნა: „ჩვენ გადაჭრით გვაქვს გადაწყვეტილი ალიანსების გამოცოცხლება, პარტნიორობათა გამოცოცხლება, დაწყებული ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსით... რომ გადავავლოთ თვალი ყველა გამოწვევას, რომელთა წინაშეც აღმოვჩნდით როგორც სახელმწიფო, და რომლებმაც პრაქტიკულად შესაძლებელია ჩვენი, ჩვენი მოქალაქეების ცხოვრება შეცვალოს, მარტო ვერცერთ მათგანს ეფექტურად ვერ გავუმკლავდებით, შეერთებული შტატებიც კი, მთელი ჩვენი რესურსებით. ჩვენი ძირეული ინტერესია, იქნება ეს ახალი გამოწვევა, როგორიცაა კლიმატურ ცვლილებებთან გამკლავება და კიბერ-სფერო, თუ ავტოკრატიული სახელმწიფოების აღმავლობა და მათგან მომდინარე გამოწვევები, ეს ერთად გავაკეთოთ, კოლექტიურად გავაკეთოთ, კოლექტიურ უსაფრთხოებაზე დაყრდნობით. სწორედ ეს არის ის, რასაც ნატო წარმოადგენს“.
მისია ახლა იმაში მდგომარეობს, რომ დავრწმუნდეთ, „ნატო ამ მომენტისთვის მზადყოფნაშია, სრულად არის მზად დღევანდელი გამოწვევებისთვის, სწორედ ამაში მდგომარეობს 2030 წლისთვის დასახული მიზნები“ - აცხადებს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი. „ჩვენ სულმოუთქმელად ველით ერთობლივ მუშაობას [ნატოს] გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან და აქ მყოფ ყველა ჩვენს პარტნიორთან ერთად“ - ამბობს ენტონი ბლინკენი.