Accessibility links

Breaking News

ირანელი ჟურნალისტის ბარბაროსულად მოკვლა


დისიდენტი ჟურნალისტი რუჰოლა ზამი
დისიდენტი ჟურნალისტი რუჰოლა ზამი

ირანის დაუნდობელი რეჟიმისთვისაც კი, დისიდენტი ჟურნალისტის რუჰოლა ზამის მოტაცება და მოკვლა, განსაკუთრებული სისასტიკით და საერთაშორისო ნორმების აღმაშფოთებელი უგულვებელყოფით გამოირჩეოდა.

ირანმა 12 დეკემბერს ჩამოახრჩო რეჟიმის მოწინააღმდეგე პოპულარული ვებგვერდის „ამადნიუსის“ დამაარსებელი. ეს მხოლოდ რამდენიმე დღით ადრე მოხდა, ვიდრე ირანის სასამართლო რუჰოლა ზამის სიკვდილით დასჯის განაჩენს დაამტკიცებდა. განაჩენი მას ე.წ. კორუფციის დედამიწაზე გავრცელების დანაშაულისთვის გამოუტანეს.

თუმცა სინამდვილეში, ზამის დანაშაული, ირანის ოფიციალური პირების თვალში, მათი მართვის მეთოდების ეჭვქვეშ დაყენება და სიცრუეში მხილება იყო.

რუჰოლა ზამი თავს საფრანგეთს აფარებდა. 2019 წელს, ის სავარაუდოდ, ისლამის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) გაიტაცა და ირანში დააბრუნა. 2020 წლის თებერვალში, ზამი სასამართლოს წინაშე წარსდგა. დისიდენტს 2017 წლის ანტისამთავრობო დემონსტრაციების პროვოცირებაში დასდეს ბრალი. მისი იძულებითი აღიარება ტელევიზიით გადაიცა. ბრალეულობა კი ზამს ივნისში დაუმტკიცდა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ მკაცრად დაგმო ზამის მოკვლა, უწოდა რა ამ ფაქტს „უსამართლო“ და „ბარბაროსული“. მან „ტვიტერზე“ დაწერა, რომ „ზამმა ამხილა იმ რეჟიმის სისასტიკე და კორუფცია, რომელმაც ტერორის ზეობის 41 წლის მანძილზე, 860-ზე მეტი ჟურნალისტი მოკლა ან დააპატიმრა“. პომპეოს თქმით, „ირანელი ხალხი თავისუფალ და მრავალფეროვან მედიას იმსახურებს, და არა - ცენზურას, დაკავებებს და ჟურნალისტთა სიკვდილით დასჯას“.

რუჰოლა ზამის მოკვლის გამო, აღშფოთება საერთაშორისო საზოგადოებამაც გამოხატა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის, მიშელ ბაჩელეტის თქმით, ის „აღშფოთებული“ დარჩა სიკვდილით დასჯის ფაქტით. მისი განცხადების მიხედვით, ზამის შემთხვევა „დანაშაულის დამტკიცებისთვის იძულებითი აღიარებების, ძალზე დამახასიათებელი ტენდენციის, სიმბოლური გამოხატულებაა, რასაც ირანში წამების გზით აღწევენ და შემდეგ ამას სახელმწიფო მედიით გადასცემენ“.

შერიფ მანსურმა, ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ზამის მოკვლას „საზარელი და სამარცხვინო“ უწოდა.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადება გააკეთა, რომელშიც ზამის სიკვდილით დასჯის ფაქტს „ბარბაროსული და მიუღებელი“ უწოდა. საფრანგეთი შეუერთდა გერმანიას, ავსტრიას და იტალიას, რომელთაც ევროპა-ირანის ბიზნეს ფორუმს ბოიკოტი გამოუცხადეს. ფორუმი 14 დეკემბერს უნდა გამართულიყო.

შეერთებული შტატების საგანგებო წარმომადგენელი ირანის და ვენესუელის საკითხებში, ელიოტ აბრამსი, ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ზამის სიკვდილს წინ უსწრებდა სექტემბერში, ირანელი მოჭიდავის, ჩემპიონ ნავიდ აფქარის სიკვდილით დასჯა. „ეს კიდევ ერთხელ შეგვახსენებს იმას, რომ საქმე გვაქვს სასტიკ და რადიკალურ რეჟიმთან, რომელიც საერთაშორისო კანონების და ნორმების დარღვევაზე მიდის, რათა განამტკიცოს ძალაუფლება და კონტროლი“ - განაცხადა ელიოტ აბრამსმა. მისი თქმით, „სწორედ ამიტომაა ასე კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რომ მსოფლიოში ტერორიზმის წამყვანმა სპონსორმა ქვეყანამ ვერასდროს მოიპოვოს ყველაზე მომაკვდინებელი იარაღი დედამიწაზე“.

XS
SM
MD
LG