ივნისში, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა, განიარაღების საწინააღმდეგო ქმედებისთვის, სანქციები დაუწესა ირანის ისლამური რესპუბლიკის სატვირთო კომპანიას „ირისლი“ (IRISL- Islamic Republic of Iran Shipping Lines) და შანხაიში მოქმედ ამავე ფირმის განშტოებას „ი-სეილის სატვირთო კომპანია“ (E-Sail Shipping Company LTD). სახელმწიფო დეპარტამენტმა სხვა პარტნიორი კომპანიებიც გააფრთხილა, რომ „ირისლთან“ ან „ი-სეილთან“ საქმის დაჭერის შემთხვევაში, სანქციების რისკის ქვეშ აღმოჩნდებოდნენ.
შემდეგ, 21 ოქტომბერს, სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გარკვევით განაცხადა, რომ აღნიშნული რისკი რეალობა გახდა.
„ამ კვირაში, ჩვენ ივნისში დადებული პირობა შევასრულეთ, როცა ვთქვით, რომ სანქციებს დავადებდით სავაჭრო პარტნიორებს, რომლებიც საქმეს დაიჭერდნენ ირანის ისლამური რესპუბლიკის რეჟიმთან და მათ სატვირთო კომპანიებთან. 6 ორგანიზაცია და 2 ინდივიდია ახლა სანქცირებული. ეს გაფრთხილებაა ყველასთვის, ვინც ამ კომპანიასთან საქმიან ურთიერთობას გააბამს“ - თქვა სახელმწიფო მდივანმა.
ეს ექვსი კომპანიაა: შანხაიში დაფუძნებული კომპანია „რიჩ ჰოლდგინგ გრუპი“ (Reach Holding Group Company Ltd); „რიჩის სატვირთო ხაზები“ (Reach Shipping Lines); „დელაით სატვირთო კომპანია“ (Delight Shipping Co. Ltd); „გრაციუს სატვირთო კომპანია“ (Gracious Shipping Co. Ltd); „ნობილ სატვირთო კომპანია“ (Noble Shipping Co.Ltd) და „სუპრიმ სატვირთო კომპანია“ (Supreme Shipping Co. Ltd).
ორი ინდივიდი კი, რომლებიც ამ კომპანიებთან ასოცირდებიან, არიან ერიკ ჩენი, ასევე ცნობილია როგორც ჩენ გუპინგი და დენიელ ჰე, იგივე ჰე უი. ერიკ ჩენი შანხაიში, „რიჩის ჰოლდინგ გრუპის“ უფროსი აღმასრულებელი ოფიცერია, დენიელ ჰე კი - იმავე კომპანიის პრეზიდენტი.
ამ სანქციების დაწესება, ირანზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ დაწესებული ყველა სანქციის აღდგენიდან, ერთი თვის შემდეგ მოხდა, იარაღით ვაჭრობაზე ემბარგოს ჩათვლით. მათი აღდგენა გაეროში შეერთებულმა შტატებმა მოითხოვა, გაეროს უშიშროების საბჭოს 2231-ე რეზოლუციის საფუძველზე.
აღნიშნული სვლის შემდეგ, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ თქვა, რომ „შეერთებული შტატები მზად არის საკუთარი რესურსის გამოყენებით, სანქცია დაადოს ნებისმიერ ინდივიდს ან ორგანიზაციას, რომელიც მატერიალურად შეუწყობს ხელს ირანისკენ ან ირანიდან ჩვეულებრივი იარაღის მოძრაობას, ყიდვას, ან გაყიდვას“.
პომპეოს თქმით, შეერთებული შტატების გზავნილი მარტივია:
„შეერთებული შტატები არასდროს დაუშვებს მსოფლიოში ტერორიზმის უდიდესი სპონსორის მხრიდან თვითმფრინავებით, ტანკებით, რაკეტებით, ან რომელიმე სხვა ჩვეულებრივი შეიარაღებით თავისუფალ ვაჭრობას“.
ირანი ასევე დააბრუნეს ძველი სანქციების ქვეშ, რომელიც ეხებოდა ბალისტიკური იარაღის გამოცდას და მიმდინარე ბირთვულ აქტივობას. ეს მოიცავს ურანით შემდგომ გამდიდრებას და ირანის ბირთვული პროგრამების განვითარებას.
ახლახან გაკეთებულ განცხადებაში, სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ აღნიშნა, რომ ირანის რეჟიმს არჩევანი აქვს: მას შეუძლია გააგრძელოს იარაღის შესყიდვა გაეროს სანქციების ზომების დარღვევის ფასად, ან გამოიყენოს საკუთარი რესურსები ირანელი ხალხის საკეთილდღეოდ... ჩვენ ირანის ხალხის გვერდში ვართ ტირანიის წინააღმდეგ, მათი რესურსების გაფლანგვის და რეჟიმის მცდელობის წინააღმდეგ, რომელიც საკუთარი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლის ჩახშობას ცდილობს“ - აცხადებს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი.