Accessibility links

Breaking News

სანქციები კორუმპირებულ ინდივიდებს და ორგანიზაციას ნიკარაგუაში


შეერთებული შტატების მთავრობამ, ნიკარაგუის დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელი საქმიანობის გაგრძელების გამო, სამთავრობო ოფიციალურ პირებს სანქციები დაუწესა. ნომერ 13851 აღმასრულებელი განკარგულების საფუძველზე, სანქცირებულია ანა ხულია გუიდო ოჩოა, პოლ ოკუისტ კელეი და „კახა რიურალ ნაციონალი“, იგივე „კარუნა“. აღნიშნული ინდივიდები და ეს ორგანიზაცია ხელს უწყობენ და თავადაც სარგებლობენ ნიკარაგუაში [პრეზიდენტ] დანიელ ორტეგას კორუმპირებული რეჟიმით.

„გუიდოს და ოკუისტის სანქცირება ორტეგას რეჟიმის და სხვათა ანგარიშვალდებულებას უსვამს ხაზს, რომლებიც ცდილობენ, კიდევ უფრო სასტიკი ქმედებები ჩაიდინონ“ - თქვა განცხადებაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ. კოოპერატივ „კარუნას“ სანქცირება რეჟიმს კიდევ ერთ ინსტრუმენტს უსპობს“.

გუიდო ქვეყნის გენერალური პროკურორია და ანგარიშის მიხედვით, მან მონაწილეობა მიიღო პროკურორების იმ ჯგუფის ჩამოყალიბებაში, რომელიც მუშაობდა ამერიკის მიერ სანქცირებულ ნიკარაგუის ეროვნულ პოლიციასთან ერთად, რათა პოლიტპატიმრების მიმართ წაყენებული ბრალდებების გაყალბება მომხდარიყო. ასევე, ანგარიშების მიხედვით, ამ სპეციალურმა ორგანომ, რომელიც გუიდომ შექმნა, ბოლო ორი წელი მოანდომა დაკავებული მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ბრალდებების წაყენებას.

ოკუისტი პრეზიდენტ ორტეგას აპარატის მდივანია და „წამყვან როლს თამაშობს რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებათა, თუ ადამიანის უფლებათა შელახვის მიჩქმალვაში და გამართლებაში“ - აცხადებს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო.

„კარუნა“ ფინანსური საკრედიტო კოოპერატივია, რომელიც ორტეგას რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია, ნიკარაგუას და ვენესუელას შორის საწვავის ბიზნესით მიღებული მოგების გასანაწილებლად და შეღავათიანი სესხებისთვის, რომელიც ორტეგას პატრონაჟის ქვეშ მყოფი ადამიანებისთვისაა განკუთვნილი. ნიკარაგუაში მოქმედი რეჟიმის ოფიციალური პირები, რომელთა შორის შეერთებული შტატების მიერ ახლად სანქცირებულებიც არიან, ფართოდ სარგებლობენ „კარუნას“ მიერ შეთავაზებული მინიმალური ზედამხედველობით და საწვავით ვაჭრობის შედეგად მიღებული გაურკვეველი წარმოშობის მოგებებით.

„ორტეგას რეჟიმი აგრძელებს თავისი წევრების პირადი კეთილდღეობის მიზნით, სამთავრობო რესურსებით ბოროტად სარგებლობას და ყურად არ იღებს ნიკარაგუელი ხალხის მოწოდებებს რეფორმების თაობაზე“ - განაცხადა აშშ-ის ხაზინის მდივანმა სტივენ მნუჩინმა. მისი თქმით, „ორტეგას რეჟიმი კვლავ რჩება [პრეზიდენტ ტრამპის] ადმინისტრაციის სამიზნედ, ის ადგენს იმ ადამიანების ვინაობას და ამხელს მათ, ვინც [ნიკარაგუაში] აშკარა კორუფციას უწყობს ხელს“.

შეერთებული შტატები მომავალშიც გააგრძელებს ნიკარაგუელი ხალხის მხარდაჭერისკენ ნაბიჯების გადადგმას და გააგრძელებს ორტეგას რეჟიმზე ზეწოლას, რათა შეწყდეს რეპრესიები, პატივი სცენ ადამიანის უფლებებს და შეიქმნას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის აუცილებელი პირობები, რაც ნიკარაგუაში დემოკრატიას აღადგენს.

XS
SM
MD
LG