Accessibility links

Breaking News

ხსოვნის დღე - 2021


პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მეუღლესთან ერთად არლინგტონის მემორიალურ სასაფლაოზე
პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მეუღლესთან ერთად არლინგტონის მემორიალურ სასაფლაოზე

მაისის ბოლო ორშაბათს, ამერიკელები პატივს მიაგებენ შეიარაღებული ძალების წევრებს, რომლებმაც სიცოცხლე საკუთარ ქვეყანას შეწირეს. ბევრისთვის ეს არის დღე, როცა ხდება ამ ადამიანთა მსხვერპლშეწირვის და მათი წვლილის აღიარება ქვეყნის თავდაცვის, თუ მისი იდეალების დაცვის საქმეში.

ხსოვნის დღე პირველად 1868 წელს აღინიშნა, შეერთებული შტატების სამოქალაქო ომის მესამე წლისთავზე. ის არ უკავშირდება რომელიმე კონკრეტულ ბრძოლას, ან ომსაც კი. არამედ, მისი მიზანია ქვეყნის მოქალაქეებს ახსოვდეთ ის მსხვერპლი, რომელიც ადამიანებმა ქვეყნის სამსახურში გაიღეს, მოიგონონ ისინი, პატივი მიაგონ მათ საფლავებს და მორთონ ყვავილებით, თუ დროშებით.

როცა ხსოვნის დღე პირველად აღინიშნა, 5 000-მდე ადამიანი გავიდა არლინგტონის მემორიალურ სასაფლაოზე და დაახლოებით, 20 000 მეომრის საფლავი დეკორაციებით მორთო, განურჩევლად იმისა, თუ რომელ მხარეს იბრძოდნენ და დაიღუპნენ ისინი. შემდეგ ეს რიტუალი ტრადიციად იქცა და მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდა.

დღეისთვის ხსოვნის დღეს ამერიკის დიდი თუ პატარა ქალაქი აღნიშნავს და ღონისძიებებში, როგორც წესი, სამხედრო პერსონალი და ვეტერანთა ორგანიზაციები არიან ჩართულები. ხალხი გადის სასაფლაოებზე და მემორიალებთან. ზოგს გულ-მკერდზე პატარა, წითელი ყაყაჩო აქვს დაბნეული იმის ნიშნად, რომ ახსოვს ომში დაღუპული ადამიანები. ამ ტრადიციას კი პირველი მსოფლიო ომის დროს ჩაეყარა საფუძველი ერთი ლექსით, რომელიც ერთ-ერთმა ჯარისკაცმა საფრანგეთში, 1915 წლის მაისში, ომში დაღუპულ მეგობარს მიუძღვნა. ლექსში აღწერილია მდელოზე დაკრძალული ჯარისკაცთა საფლავები, სადაც კაშკაშა წითელი ყაყაჩოები იწყებდნენ ბიბინს.

მას შემდეგ, ყოველ ხსოვნის დღეს, გმირ მეომართა საფლავები მთელი ამერიკის მასშტაბით, მცირე ზომის დროშებით და გაზაფხულის ფერადი თაიგულებით ირთვება. პატარა წითელი ყაყაჩოებიც ისევ ამშვენებს ბევრის გულმკერდს და შეახსენებს ყველას იმ ჯარისკაცთა გმირობაზე, ვინც საკუთარ ქვეყანას შეწირა სიცოცხლე. ისინი დაიღუპნენ იმ ცხოვრების სტილისთვის, იმ ფასეულობებისთვის, რისიც ღრმად სწამდათ. მათი ხსოვნა და პატივისცემა დავიწყებას არასოდეს მიეცემა.

XS
SM
MD
LG