როცა 2010 წელს, ჰაიტის ძლიერი მიწისძვრა დაატყდა თავს, რომლის გამოც 150 000-ზე მეტი ადამიანი ტრაგიკულად დაიღუპა, შეერთებულმა შტატებმა მაშინვე დაიწყო გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა. ვაშინგტონმა გააგზავნა მაშველთა საგანგებო ჯგუფები; სამედიცინო პერსონალი; ასობით ტონა საკვები, წყალი, სამედიცინო და ჰიგიენის საშუალებები, თუ დროებითი თავშესაფრების ასაგები აღჭურვილობა.
2021 წლის 14 აგვისტოს ჰაიტიზე კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომელსაც თან ახლდა მსხვერპლი, ადამიანთა დაშავება და შენობების ნგრევა. ჰაიტის ხალხს შეერთებულმა შტატებმა დახმარება ისევ შესთავაზა.
„ჰაიტელებისთვის უკვე ისედაც გამოწვევებით სავსე დროს, დამამწუხრა ამ დილით, სენტ-ლუის დუ სადში მომხდარმა გამანადგურებელმა მიწისძვრამ. ღრმა სამძიმარს ვუგზავნით ყველას, ვინც საყვარელი ადამიანი დაკარგა, ან თავისი სახლის, თუ ბიზნესის დანგრევას შეესწრო. მე გავეცი განკარგულება, რომ დახმარება შეერთებული შტატებიდან დაუყოვნებლივ გაიგზავნოს და ამ მიმართულების კოორდინატორად და ამერიკის უფროს ოფიციალურ პირად დავასახელე სამატა პაუერი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორი“ - განაცხადა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.
„ჩვენ USAID-ის საშუალებით, მხარს ვუჭერთ ზიანის შეფასების მცდელობას, დაშავებულთა გამოყვანას და აღდგენის პროცესს. შეერთებული შტატები ჰაიტელი ხალხის ახლო და მტკიცე მეგობარია და ჩვენ მათ მხარში ვუდგავართ მათ ამ ტრაგედიის შემდეგაც“.
ჰაიტისთვის ბუნებრივი კატაკლიზმები უცხო არ არის, იქნება ეს ქარიშხლები, თუ მიწისძვრები. ამის გათვალისწინებით, შეერთებული შტატების განვითარების სააგენტომ დახმარების აღმოჩენა რამდენიმე გზით დაიწყო. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის და გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის მეშვეობით, USAID აწვდის ჰაიტის გადაუდებელი დახმარების მარაგს და საკვებს. ამას გარდა, ის მუშაობს ჰაიტის მთავრობის პერსონალთან ერთად, რომ მოხდეს საწყობების მართვა, საჭიროების შემთხვევაში მარაგის წინასწარ შევსების მიზნით. ეს ნიშნავს, რომ როცა ჰაიტის მორიგი უბედურება დაატყდება თავს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთების მარაგი შეუფერხებლად და დაუყოვნლებლივ იქნება მზად დაზარალებულ მოსახლეობაში დისტრიბუციისთვის.
ამგვარი გადაწყვეტილების საჭიროება აშკარა გახდა მიწისძვრის შემდეგ, როცა USAID-ის პარტნიორებმა მოახერხეს სასიცოცხლო მნიშვნელობის სამაშველო კომპლექტების სწრაფი დისტრიბუცია. ამას გარდა, შეერთებული შტატების განვითარების სააგენტომ მეორე დღესვე ადგილზე ჩაიყვანა უბედურ შემთხვევებზე რეაგირების გუნდი, შემოკლებით - DART. ჰაიტის მთავრობის თხოვნით, ადგილზე იმყოფება მაშველთა რაზმებიც, რომლებიც სამაშველო სამუშაოების წარმოებაში დღესაც ეხმარებიან ჰაიტის, DART-თან და ადგილობრივებთან კოორდინაციის გზით.
USAID-ს ეხმარება შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის სამხრეთის მართვის ცენტრი და აშშ-ის სანაპირო დაცვა. ისინი უზრუნველყოფენ DART-ის პერსონალის გადაადგილებას უბედურების ადგილებზე და დაშავებულთა გადაყვანას სამკურნალოდ პორტ-ო-პრინსში.