Accessibility links

Breaking News

კოვიდ-19-თან ბრძოლის გაძლიერება


მალავის არმიის ერთ-ერთი მეთაური კოვიდ-19-ის ვაქცინას იკეთებს
მალავის არმიის ერთ-ერთი მეთაური კოვიდ-19-ის ვაქცინას იკეთებს

„ბოლო ორმა წელმა დაგვარწმუნა იმაში, რომ როცა საქმე ეხება კოვიდ-19-ს, თუ რისკი ერთ ადამიანს ექმნება, მაშინ ყველა რისკის ქვეშ ვიმყოფებით“ - განაცხადა ენტონი ბლინკენმა, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა.

ბლინკენის თქმით, შეერთებული შტატების მიზანია „პანდემიის დასრულება და მსოფლიოს უკეთ მომზადება მომავალი პანდემიისთვის“. დემოკრატიის სამიტზე გამოსვლისას, მან აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა მსოფლიოს 110 ქვეყანას უკვე მიაწოდა 330 მილიონი დოზა უსაფრთხო და ეფექტიანი ვაქცინა. ეს მხოლოდ ერთი ნაწილია გეგმის, რომელიც მომავალ შემოდგომამდე ვაქცინის 1.2 მილიარდი დოზის გაზიარებას ითვალისწინებს.

„ჩვენ მიზნად დავისახეთ, რომ სექტემბრამდე მსოფლიოს 70 პროცენტი ავცრათ ხარისხიანი, უსაფრთხო და ეფექტიანი ვაქცინებით“ - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

„ამის შესასრულებლად სხვა ქვეყნებიც უნდა შემოგვიერთდნენ, რომ გაიზარდოს წარმოება, ვაქცინებით ქველმოქმედება და შესრულდეს „კოვაქსისთვის“ მიცემული დანაპირები, რათა გადაიჭრას ბოლო გამოწვევები, რაც ვაქცინებს გადააქცევს ვაქცინაციის პროცესად“.

ეს კი, ბლინკენის განცხადებით, ნიშნავს „ლოჯისტიკის მოგვარებას მილიონობით ვაქცინის უსაფრთხოდ მიწოდების და შენახვის მიზნით; ქვეყნების დახმარებას მასობრივი ვაქცინაციის კამპანიის დაგეგმვის და დანერგვისთვის; ასევე - ჯანდაცვის მუშაკთა მხარდაჭერას“.

მან დასძინა, რომ დემოკრატიულ ქვეყნებს ამ გლობალური ინციატივის გაძღოლის უნიკალური შესაძლებლობა გააჩნიათ.

„დემოკრატიული ქვეყნები საუკეთესონი არიან სიმტკიცის, შემოქმედებითი მიდგომის მხრივ, შეუძლიათ მრავალმხრივი გამოწვევების დაძლევა და სწრაფად ადაპტაცია, როცა ეს საჭიროა. ყველაზე მეტად კი, ისინი ერთგულნი არიან ადამიანთა საჭიროებების დაკმაყოფილების მიმართ, განსაკუთრებით მაშინ, როცა კრიზისია“ - განაცხადა ბლინკენმა.

კოვიდ-19-ის შესაჩერებლად, ქვეყნებს საკუთარ მოქალაქეებთან გამჭვირვალობა და პირდაპირობა მოეთხოვებათ. ეს საჭიროებს მონაცემთა გაზიარებას, საჯარო რესურსების პასუხისმგებლობით გამოყენებას და თუ შეცდომაა დაშვებული, ამის გააზრებას. სახელმწიფო მდივნის თქმით, ვინაიდან პანდემიას ვერ შევაჩერებთ, ვიდრე ყველა დაცული არ არის, უნდა დარწმუნებული ვიყოთ იმაში, რომ ყველას, ყველას აქვს წვდომა უსაფრთხო და ეფექტიან ვაქცინებზე.

საბოლოოდ, ბლინკენმა აღნიშნა, რომ კოვიდ-19-თან ბრძოლა ერთმანეთში იდეების და გამოსავლის თავისუფალ გაზიარებას მოითხოვს.

„მთავრობის ოფიციალურმა პირებმა, ჯანდაცვის ექსპერტებმა, მეცნიერებმა, სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა, მოქალაქეებმა, ყველამ ერთობლივად უნდა იმუშაოს პანდემიის დაძლევაზე, ერთიანი რეაგირების მიზნით, დაწყებული [ინფიცირებულთა] კონტაქტების აღრიცხვით და დამთავრებული ვაქცინების დისტრიბუციით, თუ [ვაქცინაციისკენ მიმართული] ჯანდაცვის კამპანიებით. ეს ყოველივე კოვიდთან ბრძოლის საქმეში სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე იარაღია, და ისე მოხდა, რომ ეს ფუნდამენტური დემოკრატიული ფასეულობებიც არის“ - აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.

ენტონი ბლინკენის თქმით, „მომავალი თვეების მანძილზეც მათი ერთგულნი უნდა დავრჩეთ, რათა მათ ირგვლივ მთელი მსოფლიო გავაერთიანოთ და პანდემიის დასასრულებლად მაქსიმალური ძალისხმევა გავწიოთ“.

XS
SM
MD
LG