Accessibility links

Breaking News

ჯანდაცვის უსაფრთხოების განმტკიცება მსოფლიოს მასშტაბით


ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტი ჩინეთში
ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტი ჩინეთში

კოვიდ-19-ის სწრაფად გავრცელებამ თვალნათლივ დაგვანახა, რომ ინფექციური დაავადების საფრთხე ნებისმიერ ადგილზე, შესაძლოა გადაიქცეს საშიშროებად, რომელიც ყველგან და ყველას ემუქრება. დღევანდელ გადაჯაჭვულ სამყაროში, პათოგენს მსოფლიოს გარშემო მეგაპოლისებში მოგზაურობა საათების განმავლობაში შეუძლია. ეს იმას ნიშნავს, რომ როცა სასიკვდილო დაავადება გამოჩნდება, მას შეუძლია მსოფლიოს ძალიან სწრაფად მოედოს. ამაში ჩვენ კოვიდ-19-ის შემთხვევაშიც დავრწმუნდით.

„ბოლო ორი წლის მანძილზე მსოფლიომ სირთულეების და ტრაგედიების გზით შეიტყო, თუ რამხელა საშიშროება შეიძლება შექმნას გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოების პრობლემებმა და როგორი შემაფერხებელი შეიძლება აღმოჩნდეს ის“ - განაცხადა ჯეიკ სალივანმა, თეთრი სახლის უფროსმა მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.

მისი თქმით, „სწორედ აქედან გამომდინარე, ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციამ გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოება, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სამიზნეთა სათავეში დააბრუნა, რათა მოხდეს პანდემიის დამარცხება და ინვესტირება გლობალური ჯანდაცვის სისტემების განმტკიცების საქმეში“.

ნებისმიერი ინფექციური დაავადებისგან თავდაცვის ფრონტის წინა ხაზზეა პრევენცია, დეტექცია და რეაგირება. აქედან გამომდინარე, 2014 წელს 44 სახელმწიფოსგან და საერთაშორისო ორგანიზაციისგან შემდგარმა ჯგუფმა, რომელთა შორის შეერთებული შტატებიც არის, გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოების ინიციატივა (GHSA) ჩამოაყალიბა, ხუთწლიანი პროგრამა, რომლის მიზანია ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლაში, განვითარებადი ქვეყნების შესაძლებლობების გაუმჯობესება.

2020 ფისკალური წლის განმავლობაში, შეერთებული შტატების მთავრობამ პარტნიორ ქვეყნებს, გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოების ინიციატივის ფარგლებში, 480 მილიონ დოლარზე მეტი დაფინანსება გამოუყო. 2021 წელს დაფინანსებამ თითქმის 610 მილიონი დოლარი შეადგინა. გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოების ინიციატივის უახლესი ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, რომელიც ოქტომბრის შუა რიცხვებში გამოქვეყნდა, შეერთებული შტატების მიერ პარტნიორი ქვეყნებისთვის გაღებული რესურსების მოცულობამ, 2015 წლიდან მოყოლებული, 2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ეს თანხები მოხმარდა ინფექციური დაავადებების სწრაფი დეტექციის და ეფექტური რეაგირების გაუმჯობესების საქმეს. მათ შორის იყო კოვიდ-19, თუ ებოლას ვირუსით გამოწვეული დაავადება, ასევე ისეთი ინფექციების აფეთქებათა შეკავების მცდელობები, რომელთა პრევენციაც შესაძლებელია.

„ეს ადმინისტრაცია მომავალ წლებშიც ერთგული იქნება გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოების ინიციატივის მხარდაჭერის და გაძლიერების მიმართ. პარტნიორ ქვეყნებში ინვესტიციების გზით, ჩვენ გავაგრძელებთ ტექნიკური ექსპერტიზის გამოყენების მიმართულებით დახმარებას, რათა მოხდეს გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოების ინიციატივით დასახული მიზნების მიღწევა“ - აცხადებს ჯეიკ სალივანი.

თეთრი სახლის უფროსმა მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ასევე აღნიშნა, რომ „ინდივიდუალური ქვეყნების უნარების გაუმჯობესებით და ჩვენი საერთო შესაძლებლობებით, ინფექციურ დაავადებათა საფრთხეებზე იერიშის მიტანა ამაზე მნიშვნელოვანი არასდროს ყოფილა... ჩვენ ახლა შეგვიძლია ინვესტირება ადამიანთა სიცოცხლის ხსნაში და გაცილებით უფრო უსაფრთხო და ჯანმრთელი მომავლის შექმნა. გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოების ინიციატივა ამ სამუშაოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაწილია“.

XS
SM
MD
LG