შეერთებული შტატები და ევროპის კავშირი გამოვიდნენ გლობალური ინიციატივით, რომ დეკადის დასასრულამდე, მსოფლიოს მასშტაბით მოხდეს მეთანის აირის ემისიების მნიშვნელოვანი შემცირება. ამის თაობაზე ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სექტემბრის შუა რიცხვებში გამართულ წამყვან ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, რომელიც კლიმატური ცვლილებების საკითხს მიეძღვნა და რომელსაც უმაღლესი დონის ლიდერები ვირტუალურად ესწრებოდნენ.
„ჩვენ ვმუშაობთ ევროპის კავშირთან და სხვა პარტნიორებთან ერთად, რათა 2020 წელთან შედარებით, 2030 წლისთვის სულ ცოტა, 30 პროცენტით შემცირდეს გლობალურად ჰაერის მეთანით დაბინძურება.
ეს არამარტო სწრაფად შეამცირებს გლობალური დათბობის ხარისხს, არამედ გვერდითი მოვლენის სახით, მოიტანს ძალიან ძვირფას სიკეთეს, როგორიცაა საზოგადოებრივი ჯანდაცვის გაუმჯობესება და სოფლის მეურნეობის მოცულობის გაზრდა“ - განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა.
მეთანი სათბურის აირია, რომელიც პასუხისმგებელია დედამიწაზე ტემპერატურის 1-გრადუსიანი მატების დაახლოებით ნახევარზე, პრეინდუსტრიულ ხანასთან შედარებით. ის ჩვენს ატმოსფეროში არ არის ისევე უხვად წარმოდგენილი, როგორც ნახშირორჟანგი, მაგრამ გაცილებით უფრო ეფექტურია პლანეტაზე მიმდინარე დათბობის საქმეში. ტოქსიკურ ოზონის აირთან ერთად, ის საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ ჯანდაცვას და ამცირებს ნაყოფიერებას სოფლის მეურნეობაში. ადამიანებში მეთანი იწვევს რესპირატორულ პრობლემებს, როგორიცაა მაგალითად - ასთმა ბავშვებში, ასევე იწვევს ქრონიკულ ობსტრუქციულ ფილტვის დაავადებებს და ამწვავებს გულსისხლძარღვთა პრობლემებს. სოფლის მეურნეობაში მეთანის აირი უკავშირდება მოსავლის მნიშვნელოვან დანაკარგებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
თუმცა, როგორც ბუნებრივი აირის მთავარი შემადგენელი ნაწილი, მეთანს გარკვეული ფასეულობა გააჩნია და აქტიურად გამოიყენება გათბობისთვის, თუ საკვების მოსამზადებლად. საწვავის სახით მისი გამოყენებით მიღებული მოგების პარალელურად, საწარმოებმა უნდა განახორციელონ ინვესტიციები უახლეს ტექნოლოგიებში, რათა არ მოხდეს ატმოსფეროში მეთანის ზედმეტად გაჟონვა, რაც თავისთავად პროდუქტიული ინვესტიციაა და მწარმოებელთა ინტერესებშიც შედის.
ქვეყნების თითქმის ნახევარმა, რომლებიც გლობალურ ეკონომიკას წარმოადგენენ, უკვე გამოთქვეს სურვილი, რომ მხარს დაუჭერენ მეთანის ემისიების შემცირების ინიციატივას. მათ შორის 6 სახელმწიფო შედის მეთანით გარემოს წამყვანი დამბინძურებლების ათეულში.
თუმცა, ეს საკმარისი არ არის. ქვეყნებს შესაძლოა ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული პროფილი ჰქონდეთ, მეთანის ემისიების თვალსაზრისით. შესაბამისად, მათ დაბინძურების შემცირების სხვადასხვა შესაძლებლობა გააჩნიათ. მაგრამ, ერთობლივი ქმედებით, მათ შეუძლიათ მაქსიმალურად შეამცირონ ადგილობრივად მეთანის ემისიები, დაეხმარონ სხვებსაც და ამით საკუთარი წვლილი შეიტანონ საერთაშორისო მიზნის მიღწევის მცდელობაში.
„ჩვენ მხარდაჭერის მობილიზებას ვახდენთ, რათა დავეხმაროთ განვითარებად ქვეყნებს, რომ შემოგვიერთდნენ, დადონ პირობა, რომ ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამენ და ისარგებლებენ წარმოდგენილი შესაძლებლობებით“ - განაცხადა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.
„ჩვენ ადგილზე უკვე გადავდგით სერიოზული ნაბიჯები, რათა ემისიების პრობლემას თვალი გავუსწოროთ და შევქმნათ მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები, რომელთა ფუნქცია გაჟონვის შემცირება, მიტოვებული საბადოების მოვლა და მეთვალყურეობა იქნება.
გვჯერა, რომ ჩვენი ერთობლივი მიზანი ერთდროულად ამბიციურიც არის და რეალისტურიც. მოგიწოდებთ შემოგვიერთდეთ და თქვენც დადოთ [მეთანის ემისიების შემცირების] პირობა“ - აღნიშნავს შეერთებული შტატების პრეზიდენტი.