Accessibility links

Breaking News

ამერიკამ სანქციები დაუწესა თურქეთის თავდაცვის სამთავრობო ორგანიზაციას


რუსული "ეს-400" საჰაერო თავდაცვის სისტემის გადმოტვირთვა თურქეთში, ანკარის მახლობლად.
რუსული "ეს-400" საჰაერო თავდაცვის სისტემის გადმოტვირთვა თურქეთში, ანკარის მახლობლად.

შეერთებული შტატები სანქციებს უწესებს თურქეთის სამთავრობო ორგანიზაციას, სახელად - საპრეზიდენტო თავდაცვის ინდუსტრიები (SSB). ამის მიზეზია „როსობორონექსპორტისგან“ - რუსეთის შეიარაღების მთავარი ექსპორტიორისგან - „ეს-400“ სახელით ცნობილი საზენიტო-სარაკეტო სისტემის შესყიდვა. სანქციებს შორის სახელდება შეერთებული შტატებიდან ახალი საექსპორტო ლიცენზიების და SSB-ისთვის ავტორიზაციების გაცემის აკრძალვა. ასევე, SSB-ის პრეზიდენტ, ისმაილ დემირს და სხვა ოფიცრებს, ვიზების გაცემა შეეზღუდებათ და მათი საბანკო ანგარიშებიც გაიყინება.

ამ სანქციების მიზანი არ არის ძირი გამოუთხაროს თურქეთის, ან შეერთებული შტატების სხვა მოკავშირის თუ პარტნიორის, სამხედრო შესაძლებლობებს ან მათ საბრძოლო მზადყოფნას. არამედ, მიზანი რუსეთისთვის საზღაურის დაწესებაა, მოსკოვის მიერ განხორციელებულ, ფართო მასშტაბის მავნებლურ ქმედებებზე პასუხად.

შეერთებულმა შტატებმა თურქეთს გარკვევით უთხრა, რომ მის მიერ „ეს-400“ სისტემის შესყიდვა, საფრთხეში ჩააგდებდა შეერთებული შტატების სამხედრო ტექნოლოგიების და პერსონალის უსაფრთხოებას. ეს ნაბიჯი რუსეთის თავდაცვის სექტორს მნიშვნელოვანი ფინანსური სახსრებით უზრუნველყოფდა და ამასთან, რუსეთს თურქეთის შეიარაღებულ ძალებზე და თავდაცვის ინდუსტრიაზე წვდომის საშუალებას მისცემდა. თურქეთმა მაინც გადაწყვიტა „ეს-400“ სისტემის შესყიდვა და გამოცდა, იმის მიუხედავად, რომ საკუთრი თავდაცვის მოთხოვნების უზრუნველსაყოფად, ნატოსთან (ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან) თავსებადი სისტემების გამოყენების საშუალება ჰქონდა. ამ გადაწყვეტილების შედეგად, თურქეთი არ დაუშვეს და შესაძლოა გაირიცხოს კიდეც ერთობლივი, გლობალური "ეფ-35" საბრძოლო თვითმფრინავების პარტნიორობიდან.

ეს სანქციები გამოკვეთილ გზავნილს შეიცავს: შეერთებული შტატებისთვის მიუღებელია მნიშვნელოვანი გარიგებები რუსეთის თავდაცვის და დაზვერვის სექტორებთან.

წერილობით განცხადებაში, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, თურქეთს მოუწოდა, „ეს-400-ის“ პრობლემასთან დაკავშირებით, შეერთებულ შტატებთან კოორდინაციის გზით, „გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ მიეღო“. პომპეოს თქმით, „თურქეთი ძვირფასი მოკავშირეა და ამერიკის შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი პარტნიორი რეგიონულ უსაფრთხოებაში. ჩვენი სურვილია, გავაგრძელოთ ათწლეულების ნაყოფიერი ისტორია თავდაცვის სფეროში, თურქეთის მიერ წინაღობის მოხსნით და ხმარებიდან „ეს-400“ სისტემის რაც შეიძლება სწრაფად ამოღებით“.

XS
SM
MD
LG