Accessibility links

Breaking News

ამერიკის ხმა 79 წლის გახდა


24 თებერვალს „ამერიკის ხმა“ პირველი მაუწყებლობიდან 79 წლის გასვლას აღნიშნავს.

მეორე მსოფლიო ომის პირველ, ბნელ დღეებში, შეერთებული შტატების მთავრობამ გადაწყვიტა, საკუთარი მაუწყებლობით წინ აღდგომოდა ნაცისტურ პროპაგანდას და მსმენელისთვის ზუსტი, მიუკერძოებელი ახალი ამბები და ინფორმაცია შეეთავაზებინა. ასე დაფუძნდა 1942 წლის 1 თებერვალს, „ამერიკის ხმა“, რომლის პირველი 15-წუთიანი გადაცემა გერმანულ ენაზე, რადიოეთერში 24 თებერვალს გავიდა.

“ეს ამერიკიდან მომავალი ხმაა. ყოველდღიურად, ამ დროს, ჩვენ ამერიკაზე და ომზე მოგითხრობთ. ახალი ამბები ხან კარგი იქნება და ხან ცუდი, მაგრამ ჩვენ აუცილებლად სიმართლეს მოგახსენებთ“ - ამ სიტყვებით გაიხსნა „ამერიკის ხმის“ პირველი ეთერი.

დასაწყისიდანვე „ამერიკის ხმა“ (Voice of America - VOA) ჩაფიქრებული იყო, როგორც ერთგვარი სარკმელი ამერიკულ ყოველდღიურობაში. კანონი „ამერიკის ხმისგან“ ითხოვს, რომ მისი ინფორმაცია იყოს ზუსტი, ობიექტური და მრავალფეროვანი. მაუწყებელმა დაბალანსებულად, მრავალმხრივად უნდა ასახოს ამერიკული რეალობა და ამერიკული ინსტიტუტების მუშაობა, ისევე როგორც შეერთებული შტატების პოლიტიკა.

„ამერიკის ხმის“ მოვალეობაა „გააცნოს მსოფლიოს ამერიკული ამბები“ - განაცხადა პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ „ამერიკის ხმის“ 20 წლის იუბილეზე.

მისი თქმით, „ეს განსაკუთრებით რთული და ფაქიზი მოვალეობაა. ერთის მხრივ, თქვენ მთავრობის და შესაბამისად, ერის მკლავი ხართ და მოვალენი ხართ მთელ მსოფლიოს ჩვენს შესახებ მოუთხროთ ისე, რომ დემოკრატიის და შეერთებული შტატების დადებით შუქში წარმოჩენას ემსახუროთ. მეორეს მხრივ კი, თავისუფლების იდეის სამსახურში, როგორც თავისუფლების მკლავი, თქვენი ვალია ამბები მთელი თავისი სიმართლით გააშუქოთ, მოყვეთ ისე, როგორც ოლივერ კრომველი იყტოდა თავის პორტრეტზე: „დაგვხატეთ ყველა ხარვეზით და მეჭეჭით, ყველაფერ იმით, რამაც შეიძლება იმთავითვე არ მოგხიბლოთ“.

ასე შეიტყო, „ამერიკის ხმის“ საშუალებით, სხვადასხვა ხალხმა მთელი მსოფლიოს გარშემო, საუკუნის უდიდესი მოვლენების შესახებ. მათ შორის იყო მთვარეზე პირველი დაჯდომის ამბავი, რომელსაც 1969 წლის 20 ივლისს რეკორდული რაოდენობა, 615 მილიონი ადამიანი უსმენდა.

1 თებერვალს სახელმწიფო დეპარტამენტის „ტვიტერის“ გვერდზე ეწერა: „თავისი პირველი მაუწყებლობის დროს, „ამერიკის ხმამ“ მსმენელებს უთხრა, რომ ახალი ამბები ხან კარგი იქნება და ხან ცუდი, მაგრამ ისინი მათ აუცილებლად სიმართლეს ეტყოდნენ. იმ დღიდან მოყოლებული, დღემდე „ამერიკის ხმა“ თავისუფლების და დემოკრატიის მხარდაჭერის მიზნით, უზრუნველყოფს ინფორმაციის გავრცელებას, ჩართულობას და მსოფლიოს გარშემო ხალხების დაკავშირებას“.


XS
SM
MD
LG