100 წელი ქალთა ხმის მიცემის უფლების მოპოვების და მე-19 შესწორების მიღებიდან

26 აგვისტოს ამერიკელებმა კონსტიტუციის მე-19 შესწორების ძალაში შესვლა აღნიშნეს, რომელიც აცხადებს, რომ „შეერთებული შტატების მოქალაქეებს არ უნდა ეთქვათ უარი, ან არ უნდა შეეზღუდოთ ხმის მიცემის უფლება სქესის გამო, შეერთებული შტატების, ან რომელიმე შტატის მიერ“. ამ დღეს, 26-მა მილიონმა ამერიკელმა ქალმა მოიპოვა უფლება, მიიღოს მონაწილეობა საკუთარი ქვეყნის ფუნქციონირებაში და მის მომავალში.

ქალთა სუფრაჟისტული მოძრაობა ოფიციალურად დაიწყო 1848 წელს, როცა ქალთა უფლებების პირველი კონვენცია ჩატარდა. მომდევნო 70 წლის მანძილზე სუფრაჟისტი ქალები თუ მამაკაცები, ქალებისთვის ხმის მიცემის ლეგალიზებას ნებისმიერი გზით ცდილობდნენ.

მათ დაიწყეს კონსტიტუციაში შესწორების შეტანის ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესი, მოძრაობა, რომელიც ქალებისთვის ხმის მიცემის გარანტია იქნებოდა. პარალელურად, ქალების ნაწილი ხმის მიცემას არალეგალურად ცდილობდა და შემდეგ, როცა მათი მცდელობა ჩაიშლებოდა, მათ საჩივარი შეჰქონდათ იმ იმედით, რომ მოსამართლეები მათ მხარეს დაიჭერდნენ.

ამ პროცესის ჩავარდნის შემდეგ, მათ დაიწყეს შტატების დონეზე მუშაობა, სადაც მათ გაცილებით მეტ წარმატებას მიაღწიეს: იმ დროისთვის, როცა კონსტიტუციაში მე-19 შესწორება შევიდა, შტატების ნახევარზე მეტს, უმთავრესად ქვეყნის დასავლეთ სანაპიროზე, ქალებისთვის ხმის მიცემის უფლება უკვე დამტკიცებული ჰქონდა.

მას შემდეგ, რაც 2019 წლის ივნისში, მე-19 შესწორება ბოლოს და ბოლოს კონგრესში შევიდა, მან ხმების საჭირო რაოდენობა მიიღო, რათა შტატებში რატიფიკაციისთვის გადაეგზავნათ. ამისთვის, მაშინდელი 48 შტატიდან ¾ იყო საჭირო. ამერიკის ბოლო შტატი, სადაც მე-19 შესწორების რატიფიკაცია 1920 წლის 18 აგვისტოს მოხდა, იყო ტენესი.

ეს ჩვენ, შეერთებული შტატების ხალხი ვიყავით. არა - თეთრკანიანი მამაკაცი მოქალაქეები, არც - მხოლოდ მამაკაცი მოქალაქეები, არამედ - ჩვენ, ხალხი, ყველანი, ვინც შევქმენით ეს კავშირი
სუზან ბ. ენტონი


1873 წლის ცნობილ გამოსვლაში, სუზან ბ. ენტონიმ, ქალთა სუფრაჟისტული მოძრაობის ერთ-ერთმა მთავარმა ლიდერმა, ქალთა პოლიტიკური უფლებებით აღჭურვა შეერთებული შტატების კონსტიტუციის პირველი სიტყვებით განმარტა: „ჩვენ, შეერთებული შტატების ხალხი, უფრო სრულყოფილი ერთობის შექმნის მიზნით, სამართლიანობის დასამკვიდრებლად, შიდა სტაბილიზაციის დასამყარებლად, ერთობლივი თავდაცვის უზრუნველსაყოფად, სოციალური დონის გასაუმჯობესებლად და ჩვენი და ჩვენი შთამომავლობის თავისუფლების განსამტკიცებლად, ვსაზღვრავთ და ვაფუძნებთ მოცემულ კონსტიტუციას ამერიკის შეერთებული შტატებისათვის“.

„ეს ჩვენ, შეერთებული შტატების ხალხი ვიყავით. არა - თეთრკანიანი მამაკაცი მოქალაქეები, არც - მხოლოდ მამაკაცი მოქალაქეები, არამედ - ჩვენ, ხალხი, ყველანი, ვინც შევქმენით ეს კავშირი“ - თქვა მან. „და ჩვენ ის შევქმენით არა თავისუფლების მადლის გასაცემად, არამედ მის განსამტკიცებლად; არა ჩვენი მოსახლეობის ნახევრის და ჩვენი კეთილდღეობის ნაწილისთვის, არამედ - მთელი ხალხისთვის, როგორც ქალების, ისე კაცებისთვის“.