მამაცი ჟურნალისტების დაფასება

პრესის თავისუფლების მხარდამჭერთა აქცია ჰონგ-კონგში

ახლახან, სამანტა პაუერმა - შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორმა - საგანგებოდ მიულოცა კურტ შორკის სახელობის საერთაშორისო ჟურნალისტური პრემიის წლევანდელ გამარჯვებულებს. საპატიო ჯილდო გადაეცემა ხშირ შემთხვევაში სათანადოდ დაუფასებელ ჟურნალისტებს, მათ მიერ კონფლიქტების, კორუფციის და უსამართლობის თემებზე მომზადებული რეპორტაჟებისთვის.

ამ წლის პრიზის მფლობელებს შორის არიან: ირანული წარმოშობის ამერიკელი ჟურნალისტი ჯეისონ მოთლა, ბრაზილიელი ჟურნალისტი რაფაელ სუარესი და სირიელი ხაბატ აბასი.

კურტ შორკის სახელობის საერთაშორისო ჟურნალისტური ჯილდო არსებობის მე-20 წელს ითვლის. შორკი დამოუკიდებელი ამერიკელი ჟურნალისტი იყო, რომელიც 2020 წელს სიერა-ლეონეში ჟურნალისტური მოვალეობის შესრულების დროს მოკლეს. ის იქ სააგენტო „როიტერისთვის“ რეპორტაჟს ამზადებდა.

SEE ALSO: შეერთებული შტატები ერთგულია დემოკრატიის ხელშეწყობის

აღიარებს რა თავისუფალი მედიის მნიშვნელობას, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო მხარდაჭერას უცხადებს 30-ზე მეტი ქვეყნის ჟურნალისტებს და მათ საფრთხის შემთხვევაში, დაცვას და იურიდიულ საკითხებში დახმარებას სთავაზობს. სააგენტოს ადმინისტრატორ სამატა პაუერის თქმით, მათი პროგრამები „ხელს უწყობს დამოუკიდებელ, ფაქტებზე დაფუძნებულ ჟურნალისტიკას, სამუშაოს, რომელიც ჩვენი გადასახედიდან, ჯანსაღი საზოგადოების და აყვავებული ეკონომიკის ფუნდამენტს წარმოადგენს“.

ჟურნალისტები ხშირად დიდი რისკის ქვეშ იმყოფებიან იმის გამო, რომ ისინი სიმართლეს ამბობენ და საზოგადოების ინფორმირებას ეწევიან, აღნიშნავს პაუერი.

მისი თქმით, „ეს დანამდვილებით ითქმის იმ ჟურნალისტებზე, რომელთაც დღეს ჯილდოს გადავცემთ, რომლებიც რეპორტაჟებს ამზადებდნენ ავღანეთის ომზე, ბრაზილიაში მომხდარ უსამართლო მკვლელობებზე, დამაბრმავებელ სისასტიკეზე სირიაში, პაკისტანელ ბავშვთა იძულებით დასაქმებაზე და კრიმინალურ სასამართლო სისტემაზე ნიგერიაში. მათმა საქმემ ნათელი მოჰფინა ომების და კონფლიქტების რეალობას და გამოააშკარავა ადამიანის უფლებების დარღვევების, დისკრიმინაციის და კორუფციის შემთხვევები. მათ მტკიცე ერთგულებას ძალაუფლების მქონეთათვის სიმართლის თქმის საქმეში, ადგილი აქვს იმ კრიტიკულ მომენტში, რომელიც დღეს ჟურნალისტიკის წინაშე დგას“.

ჟურნალისტებზე მიტანილი იერიშების მასშტაბი იზრდება, იქნება ეს „ფიზიკური შეტევა, იურიდიული, პოლიტიკური, თუ ზოგადად - პრესის თავისუფლებაზე მიტანილი იერიში“ - აცხადებს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორი. სამანტა პაუერის თქმით, შეერთებული შტატები მამაცი ჟურნალისტების გვერდით დგას, მხარს უჭერს დამოუკიდებელ მედია-ორგანიზაციებს და დამოუკიდებელ ჟურნალისტებს, თუ უშტატო კორესპონდენტებს, რომლებიც აღნიშნული საფრთხეების მიუხედავად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებენ.

SEE ALSO: ადამიანის უფლებები აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ცენტრალური ნაწილია