პუტინის ომი ბავშვებთან

უკრაინიდან დეპორტირებული ბავშვები რუსეთის ქალაქ ბელგოროდის მატარებლის სადგურიდან რუსეთის მეორე ქალაქში, პენზაში გადაჰყავთ. ფოტო აღებულია ბელგოროდის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის ტელეარხზე, 2024 წლის 22 მარტს გამოქვეყნებული ვიდეოდან.

აგრძელებს რა უკრაინის წინააღმდეგ თავის უკანონო და სასტიკ ომს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დაუნდობლად იღებს სამიზნეში უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას, კერძოდ, კი მათ ბავშვებს.

რუსეთის მიერ უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი ერთ-ერთი ყველაზე საშინელი დანაშაულია მათი ოჯახების თანხმობის გარეშე, ათიათასობით ბავშვის გატაცება და ტრანსპორტირება რუსეთში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ბელარუსში. ამ ბავშვების მშობლები რუსეთის მიერ დაპყრობილ ტერიტორიებზე შეჭრისას მოკლეს, ან დააკავეს. ასევე საუბარია ბავშვებზე, რომლებმაც მშობლებთან კონტაქტი აქტიურ საომარ ზონაში დაკარგეს. ზოგიერთი მათგანი ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკრაინის სახელმწიფო ინსტიტუტებიდან გაიტაცეს. გატაცებული ბავშვების ნაწილი მშობლებმა ზაფხულის საბავშვო ბანაკებში გააგზავნეს, რადგან მათ წარმოდგენაში ბანაკები უსაფრთხოების ზონას წარმოადგენდა, მაგრამ მას შემდეგ მათ საკუთრი შვილები აღარ უნახავთ.

SEE ALSO: რუსეთის მიერ დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების ხსნა

გატაცებულ ბავშვებს ტვინს რუსული პროპაგანდით ურეცხავენ და მათ სამხედრო წვრთნებსაც კი უტარებენ. ამუშავებულია პრორუსული შეხედულებებით ბავშვების ინდოქტრინაციის მანქანა, რომელიც ცდილობს ყალბი ინფორმაციის ნაკადით, მათი გონებიდან და მეხსიერებიდან წაშალოს უკრაინის განსხვავებული ისტორია, კულტურა და ენა.

2023 წლის მარტში, მას შემდეგ, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დაასკვნა, რომ უკრაინელი ბავშვების გატაცება უდრიდა ომის დანაშაულს, კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულსა და გენოციდს, სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის - ვლადიმირ პუტინისა და მარია ლვოვა-ბელოვას - ბავშვთა უფლებების საკითხებში რუსეთის კომისრის დაპატიმრების ორდერი გასცა.

გასულ ზაფხულს, შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ორ რუსულ ორგანიზაციას და 11 ფიზიკურ პირს, უკრაინელი ბავშვების საინდოქტრინაციო ბანაკებში გადაყვანისა და დეპორტაციის გამო.

და ამა წლის 24 აგვისტოს, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა რუსეთის მიერ მართულ ახალგაზრდულ ორგანიზაციას „პირველთა მოძრაობას“ (რუსულად - Движение Первых) და მის სამ ლიდერს, უკრაინელი ბავშვებისთვის იძულებითი ხელახალი განათლების მიცემის მცდელობაში მონაწილეობის გამო.

„პირველთა მოძრაობა“ ვლადიმირ პუტინმა 2022 წლის დეკემბერში შექმნა. სხვადასხვა პროგრამების საშუალებით, რომლებიც ორგანიზებულ საომარ თამაშებსაც მოიცავს, მისი პროგრამების საშუალებით, უკრაინელ ბავშვებს, მათ შორის რუსეთში არალეგალურად დეპორტირებულებს, ხელახალ განათლებას აძლევენ. საომარი თამაშები მოიცავს საბრძოლო სიტუაციების სიმულაციას, ასევე ბრძოლის ველზე აღჭურვილობის მომზადებასა და მსგავს წვრთნებს.

ბავშვები მომავალია და ქვეყანას, რომელიც საკუთარ ბავშვებს კარგავს, მომავალი არ გააჩნია. ვლადიმირ პუტინს ეს კარგად მოეხსენება. უკრაინელი ბავშვების გონებიდან თავისი ქვეყნის კულტურისა და ისტორიის წაშლით, პუტინს იმედი აქვს, რომ მის მომავალს შეცვლის და მოარგებს მას საკუთარ მახინჯ, დაბრეცილ ნარატივს.

მას ამის უფლება არ უნდა მიეცეს. შეერთებული შტატების მთავრობა გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას და მისი ბავშვების დაცვას რუსეთის აგრესიისგან, ქვეყნის თავდაცვის ხელშეწყობასთან ერთად.