შეერთებული შტატები სერიოზულადაა შეშფოთებული ცნობებით, უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო მობილიზაციას ეხება და ასევე უკრაინის მიმართ მკაცრი რიტორიკით. თეთრი სახლის პრესმდივან ჯენ ფსაკის თქმით, შეერთებული შტატები რუსეთს „დაძაბულობის დეესკალაციისკენ“ მოუწოდებს.
„ჩვენ გარკვევით არ ვიცით მოსკოვის მიზნების შესახებ, თუმცა ვიცით მისი თამაშის წესები“, უთხრა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ჟურნალისტებს ნოემბერში, ვაშინგტონში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას ვიზიტის დროს. „ჩვენი შეშფოთება იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთმა შესაძლოა სერიოზული შეცდომა დაუშვას, თუკი ის 2014 წელს გადადგმული ნაბიჯის გადამღერებას შეეცდება. მაშინ მან ძალები უკრაინის საზღვრის გასწვრივ განალაგა, შეიჭრა სუვერენული უკრაინის ტერიტორიაზე, და ამასთან დაკავშირებით ყალბი განცხადება გააკეთა, თითქოს ეს პროვოცირებული იყო“ - განაცხადა ამერიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ენტონი ბლინკენმა ხაზი გაუსვა იმას, რომ შეერთებული შტატების ერთგულება უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობისადმი „კლდესავით მტკიცეა“.
SEE ALSO: ამერიკა უკრაინის სუვერენიტეტის ერთგულიაუკრაინის საზღვარზე რუსეთის არმიის უჩვეულო და პოტენციურად აგრესიულ აქტივობაზე საპასუხოდ, შეერთებული შტატები მჭიდროდ თანამშრომლობს თავის ევროპელ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რომელთა შორის უკრაინაც არის. მათ შორის ხდება დაზვერვის ინფორმაციის გაზიარება და მზადება მთელი რიგი გაუთვალისწინებელი გარემოებებისთვის.
ახლახან, შეერთებული შტატების უმაღლესი სამხედრო ოფიცერი, გაერთიანებული შტაბების მეთაური, გენერალი მარკ მილიც ესაუბრა ტელეფონით თავის რუს კოლეგას. პენტაგონის განცხადებით, დისკუსია ეხებოდა „უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ შეშფოთებას“ და „კომუნიკაციის გაგრძელებას... რათა მოხდეს რისკის შემცირება და ოპერატიული დეესკალაცია“.
პრესბრიფინგზე, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს „უკან არ დაუხევია ხმის ამაღლებისგან იმაზე, რისი მოწმეც ახლა ვართ [რუსეთ-უკრაინის საზღვარზე], საჯარო ანგარიშებზე და იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც ჩვენ გვაქვს რუსეთის უჩვეულო სამხედრო აქტივობის შესახებ და იმის გათვალისწინებით, რისი მოწმეც გავხდით 2014 წელს. ამ ყოველივეს ვაცხადებთ არამარტო იმისთვის, რომ უკრაინამ გარკვევით იცოდეს ჩვენი კლდესავით მტკიცე ერთგულების შესახებ, არამედ - რუსეთის ფედერაციისთვისაც“.
SEE ALSO: თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ხაზს უსვამს შავი ზღვის პარტნიორების მნიშვნელობასპრესსპიკერმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ შეერთებულმა შტატებმა მარტო მიმდინარე წლის მანძილზე, უკრაინის სუვერენიტეტის მხარდასაჭერად და მისი უსაფრთხოების გასაძლიერებლად, 400 მილიონი დოლარი დახარჯა. „ამ ადმინისტრაციის ხელისუფლების სათავეში მოსვლიდან მოყოლებული, ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ვაპირებთ და შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვადასხვა ინსტრუმენტები, რათა პასუხი გაეცეს რუსეთის საზიანო აქტივობას... ჩვენ არც მომავალში დავიხევთ უკან მათი საჭიროებისამებრ გამოყენებისგან“ - განაცხადა ნედ პრაისმა.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, ახლა ამერიკა დიპლომატიურ გზებს იყენებს. მომავალში კი, „იმის მიხედვით, თუ რას დავინახავთ ადგილზე, ან რას არ დავინახავთ, ჩვენ შევცვლით ჩვენს რიტორიკას, პოტენციურად, ჩვენ შევიცვლებით და ჩვენი ქმედებაც შეიცვლება“ - აცხადებს ნედ პრაისი.