სამი ზღვის ინიციატივა

სამი ზღვის ინიციატივა მოიცავს ევროპის კავშირის წევრ 12 დემოკრატიულ სახელმწიფოს, რომლებიც ბალტიის, შავი და ადრიატიკის ზღვებს შორის მდებარეობს. მისი მიზანია ახალი ინფრასტუქტურული ინიციატივების წახალისება და ამით ჩრდილოეთს და სამხრეთს შორის კავშირების დაწინაურება, ეკონომიკური ზრდა და ენერგოუსაფრთხოება, რაც თავის მხრივ ისეთ ავტორიტარული რეჟიმებს შეუქმნის დაბრკოლებას, როგორიცაა რუსეთი და ჩინეთი.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ, ახლახან მიმართა სამი ზღვის ინიციატივის სამიტს. მან წევრ ქვეყნებს მოუწოდა, ისარგებლონ „ჩვენს წინაშე არსებული შესაძლებლობებით, რათა ჩვენი ხალხის ცხოვრება გავაუმჯობესოთ“.

„ჩვენ მოგვეცა ზრდის და კერძო სექტორში ინვესტიციების მოზიდვის ხელახალი შანსი, ისე რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ცხოვრების სტანდარტი ავამაღლოთ. ასევე, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ერთმანეთს ისე დავაკავშიროთ ჩვენი ინფრასტრუქტურა და ენერგიის ბაზრები, რომ მომავალი თაობებისთვის ეკონომიკური უსაფრთხოება გავზარდოთ“ - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

მაიკ პომპეოს თქმით, კარგად დაფინანსებული და ქმედით შედეგებზე ორიენტირებული შავი ზღვის ინიციატივა, ამ საერთო მიზნების მიღწევას შეუწყობს ხელს. თუმცა, მან გაფრთხილებაც გამოთქვა, რადგან ახლაც კი, „ავტორიტარები მოსკოვში და პეკინში, ინფრასტრუქტურულ შეთანხმებებს თავისუფალი ხალხის წინააღმდეგ, სტრატეგიული და პოლიტიკური ბერკეტების გასაძლიერებლად იყენებენ. ჩვენ ამაში ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მაგალითზე დავრწმუნდით, დავინახეთ მსოფლიოში ჩინეთის ინფრასტრუქტურული ხელშეკრულებების დამანგრეველი ეფექტი, ლაოსიდან მონტენეგრომდე და პაკისტანამდე“.

შეერთებულ შტატებს არ სურს იხილოს, თუ როგორ ზღუდავენ ავტორიტარული ძალები თავისუფალი ერების სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. ამის დემონსტრაცია იყო ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, სამი ზღვის ინიციატივის ინფრასტრუქტურულ პროექტებში, მილიარდ დოლარამდე ინვესტიციის გამოცხადება. სახელმწიფო მდივანი დაბეჯითებით მოუწოდებს სამი ზღვის ინიციატივის წევრ ქვეყნებს, ვისაც ეს ნაბიჯი ჯერ არ გადაუდგამს, ფონდში დამატებითი ინვესტიცია განახორციელოს.

შემდეგი ნაბიჯი კერძო სექტორის ბერკეტად გამოყენება იქნება. ამისთვის, მაიკ პომპეოს თქმით, უნდა არსებობდეს სამართლიანი და თანაბარი თამაშის წესები. „კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული პოლიტიკა იყოს მაქსიმალურად მომხიბლავი, არ მიენიჭოს უპირატესობა სახელმწიფო მფლობელობაში მყოფ საწარმოებს და ინვესტიციებს არ შეექმნას დაბრკოლება პოლიტიკის გამო“ - აღნიშნავს სახელმწიფო მდივანი.

მისი თქმით, შეშფოთების კიდევ ერთი საგანი უსაფრთხოებაა. „ჩინეთის კომუნისტურ პარტიას ერთი სული აქვს თქვენი მონაცემები მტვერსასრუტით შეისრუტოს“ - აფრთხილებს პომპეო სამი ზღვის ინიციატივის წევრ ქვეყნებს. არასანდო პარტნიორი კომპანიები უნდა გამოირიცხოს ენერგიის და სატრანსპორტო ქსელების კრიტიკული ტელეკომუნიკაციიდან.

საბოლოო ჯამში, სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სიტყვა საქმედ იქცეს. „მე მოგიწოდებთ, უპირველეს ყოვლისა [ტრანსნაციონალური პროექტი] კონცეფციიდან ძალიან სწრაფად გადავიდეს ფუნდამენტის დასრულების ეტაპზე“.

„საქმის დაწინაურების შემდეგ, უნდა იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ“ - განაცხადა მაიკ პომპეომ. „ჩვენ ევროპელ მეგობრებთან ერთად ვდგავართ დემოკრატიის და თავისუფლების ძლიერ ფუნდამენტზე, რომელიც ჩვენი მეგობრობის საძირკველია ახლაც და ასე იქნება მომავალშიც.