23 მაისს, ბელარუსის ოფიციალურმა პირებმა კომერციულ თვითმფრინავს, რომელიც ბელარუსის საჰაერო სივრცეს კვეთდა, ყალბი ინფორმაცია მიაწოდეს, თითქოს ბორტზე ბომბის საფრთხე იყო, რის შემდეგაც ეკიპაჟი აიძულეს თვითმფრინავი ქვეყნის დედაქალაქ მინსკში დაესვა. ირლანდიური ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავი „რაინეარი“, 126 მგზავრით და ეკიპაჟის 6 წევრით, ათენიდან (საბერძნეთი) მიემართებოდა ვილნიუსში (ლიეტუვა).
ბორტზე ბომბი არ აღმოჩნდა. როგორც ცნობილია, დაჯდომითანავე, ბელარუსის ოფიციალურმა პირებმა დააკავეს თვითმფრინავში მყოფი ბელარუსი ჟურნალისტი რამან პრატასევიჩი და მისი თანმხლები პირი სოფია საპეგა. 27 მაისს, სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის საბჭომ გადაწყვიტა გამოძიება დაეწყო, რათა დადგინდეს, ჰქონდა თუ არა ადგილი სამოქალაქო ავიაციის ბოროტად გამოყენებას, საერთაშორისო რეისების უსაფრთხოების და დაცულობის ინტერესებიდან გამომდინარე.
ბატონი პრატასევიჩი ქვეყნის ავტორიტარი ლიდერის, ალექსანდრე ლუკაშენკოს ცნობილი კრიტიკოსია. ის დევნილობაშია და ლიეტუვაში ცხოვრობს.
„შეერთებული შტატები მკაცრად გმობს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ფრენის მიმართულების იძულებით შეცვლას, რასაც რეისიდან ჟურნალისტ რამან პრატასევიჩის მოხსნა და მინსკში მისი დაკავება მოჰყვა“ - თქვა წერილობით განცხადებაში სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა. „ჩვენ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ. ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ ჩადენილმა ამ შოკისმომგვრელმა ქმედებამ საფრთხეში ჩააგდო 120 მგზავრის სიცოცხლე, რომელთა შორის შეერთებული შტატების მოქალაქეებიც იყვნენ“.
ბატონი პრატასევიჩი ოპოზიციონერი ბლოგერი და აქტივისტია. ის თანადამფუძნებელია „ტელეგრამის“ არხის „ნექსტა“ და წარსულში იყო რედაქტორი საინფორმაციო სააგენტოს „ნექსტა ლაივი“. სააგენტოს შეეძლო ფუნქციონირება სამთავრობო ცენზურისთვის გვერდის ავლით, რასაც ბელარუსის მთავრობა გამოხატვის და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ ახორციელებდა. გასულ წელს ის აშუქებდა ქვეყნის გაყალბებულ საპრეზიდენტო არჩევნებს, ისევე როგორც მის შემდგომ მოვლენებს - ლუკაშენკოს საეჭვო გამარჯვების წინააღმდეგ მიმდინარე მასობრივ საპროტესტო აქციებს. ჟურნალისტური საქმიანობისთვის პრატასევიჩს ბელარუსის ოფიციალურმა პირებმა ტერორიზმის და ძალადობის პროვოცირების ბრალდებები წაუყენეს.
„დამოუკიდებელი მედია დედაბოძია, რომელიც ხელს უწყობს კანონის უზენაესობას და დემოკრატიული საზოგადოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს“ - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. სახელმწიფო მდივნის თქმით, „შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ გმობს ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ ჟურნალისტებზე ძალადობას და მათ საეჭვო დაკავებებს. ჩვენ ბელარუსი ხალხის გვერდში ვართ, თავისუფალი, დემოკრატიული და აყვავებული მომავლისკენ სწრაფვის გზაზე და მხარს ვუჭერთ რეჟიმისკენ მიმართულ მათ მოწოდებებს ადამიანის უფლებების და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემისკენ“.