Accessibility links

Breaking News

კოვიდ-19-თან ბრძოლაში მსოფლიოს დახმარება


ბრიტანეთში გამართული სამიტის ფარგლებში, დიდი შვიდეულის სახელით ცნობილმა დემოკრატიული სახელმწიფოების ჯგუფმა პირობა დადო, რომ მსოფლიოს სულ ცოტა, 870 მილიონ დოზა კოვიდ-19-ის ვაქცინას გაუზიარებს. ახალი პირობა, 2021 წლის თებერვლის შემდეგ გაკეთებულ დაპირებებთან ერთად, მომდევნო წელს ერთ მილიარდ დოზას გადააჭარბებს. აქედან ნახევარს ამერიკის შეერთებული შტატები გაიღებს.

„ჩვენი საერთაშორისო პრიორიტეტია უსაფრთხო და ეფექტური, იოლი და ხელმისაწვდომი ვაქცინების უღარიბესი ქვეყნებისთვის გადაცემა, მიიჩნევა რა ინტენსიური იმუნიზაცია გლობალური ჯანდაცვის სიკეთედ“ - ამბობს დიდი შვიდეულის ლიდერების ერთობლივი განცხადება.

ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიესალმა ისტორიულ დაპირებას, რომელიც მის განცხადებას მოჰყვა. სამიტის დაწყებამდე მან თქვა, რომ შეერთებული შტატები „ფაიზერ-ბიონტექის“ კოვიდ-19-ის ვაქცინის ნახევარ მილიარდ დოზას შეიძენს და ქველმოქმედების სახით გაუნაწილებს 100-მდე ქვეყანას, რომელთა შორის 92 დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე სახელმწიფოა. საუბარია ქვეყნებზე, სადაც პანდემიასთან ბრძოლის საქმეში ვაქცინების მწვავე დეფიციტია. როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა აღნიშნა, ამერიკა ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც „ერთჯერადად ყველაზე დიდი რაოდენობით კოვიდ-19-ის ვაქცინას შეიძენს და საქველმოქმედოდ გაიღებს“.

“ამ ნახევარი მილიარდი დოზის გადაგზავნა აგვისტოში დაიწყება, როგორც კი ვაქცინა საწარმოო ხაზს დატოვებს“ - განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა. „მათგან ორასი მილიონი წელს, 2021-ში დარიგდება და 300 მილიონი კი 2022 წლის პირველ ნახევარში“ - თქვა მან.

გლობალურად კოვიდ-19-თან საბრძოლველად გაღებული „ფაიზერ-ბიონტექის“ ვაქცინის ნახევარი მილიარდი დოზა, დაემატება შეერთებული შტატების მიერ დადებულ პირობას 80 მილიონი დოზის საქველმოქმედოდ გადაცემის თაობაზე, რაზეც განცხადება პრეზიდენტმა ბაიდენმა მანამდე გააკეთა. ამას გარდა, შეერთებული შტატები 2 მილიარდი დოლარის დახმარებას გაუწევს ჯგუფს „კოვაქსი“. ეს საერთშორისო მექანიზმია, რომელიც მსოფლიოში კოვიდ-19-ის უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინების სამართლიან გადანაწილებას ემსახურება.

დიდი შვიდეულის ქვეყნების ახალი დაპირება კი ნიშნავს, რომ შვიდეულში შემავალი პარტნიორი სახელმწიფოები მსოფლიოსთვის ჯამში 2 მილიარდ დოზა კოვიდ-19-ის ვაქცინას დააფინანსებენ. დიდი შვიდეული ასევე ერთგულია კიდევ ერთი დაპირების, რომელიც დაეხმარება ადგილობრივ წარმოებას და 2021-2022 წლებში სულ ცოტა, დამატებით ერთი მილიარდი დოზის უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინის წარმოებას უზრუნველყოფს. ამ მიმართულებაში ერთ-ერთია „ქუადის ვაქცინების პარტნიორობა“, სადაც ერთიანდებიან შეერთებული შტატები, ავსტრალია, ინდოეთი და იაპონია.

პრეზიდენტმა ბაიდენმა აღნიშნა, რომ დიდი შვიდეულის პარტნიორ ქვეყნებს შორის გამოიკვეთა კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ მათი შეთანხმება კოვიდ-19-ის პანდემიის დასრულებისკენ მიმართული უკანასკნელი მცდელობა არ არის. არამედ, ეს იქნება ხანგრძლივი დროის მონაკვეთზე გათვლილი, მტკიცე პროექტი.

XS
SM
MD
LG