Accessibility links

Breaking News

ამერიკამ, ბრიტანეთმა და ავსტრალიამ უსაფრთხოების ახალი პარტნიორული ხელშეკრულება გააფორმეს


შეერთებულმა შტატებმა ახლო მოკავშირეებთან, ავსტრალიასთან და გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად, განცხადება უსაფრთხოების ახალი, სამმხრივი პარტნიორული ხელშეკრულების თაობაზე გააკეთა. მას „აუკუსის“ (AUKUS - Australia, United Kingdom, United States) სახელით მოიხსენიებენ.

„შეერთებული შტატები, ავსტრალია და გაერთიანებული სამეფო დიდი ხანია ერთგული და უნარიანი პარტნიორები არიან, დღეს კი ჩვენ კიდევ უფრო დავახლოვდით“ - განაცხადა ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

„ჩვენ კიდევ ერთ ისტორიულ ნაბიჯს ვდგამთ, რათა უფრო გაღრმავდეს და ფორმალურად გაფორმდეს თანამშრომლობა ჩვენს სამ ერს შორის, რადგან ჩვენ ყველა ვაღიარებთ იმას, რომ აუცილებელია მშვიდობის და სტაბილურობის გრძელვადიანი უზრუნველყოფა ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში... იმიტომ, რომ თითოეული ამ ქვეყნის მომავალი, და რა თქმა უნდა, მსოფლიოსი, დამოკიდებულია თავისუფალ და ღია ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონზე, მის სიცოცხლისუნარიანობაზე და კეთილდღეობაზე მომდევნო ათწლეულების განმავლობაში“ - აღნიშნავს ამერიკის პრეზიდენტი.

ბაიდენის თქმით, „აუკუსი“ შეერთებული შტატების ალიანსების გაძლიერების მცდელობის ნაწილია, მიმდინარე და მომავალ საფრთხეებთან გასამკლავებლად.

„ეს გახლავთ ამერიკის უკვე არსებულ პარტნიორთა ახალი გზებით დაკავშირება, რაც აძლიერებს ჩვენი ურთიერთთანამშრომლობის უნარს, ხაზს უსვამს იმას, რომ არ არსებობს რეგიონული წყალგამყოფები, რომელიც ჩვენი ატლანტიკური და წყნარი ოკეანის პატრნიორულ ინტერესებს დააცალკევებს“ - აცხადებს პრეზიდენტი ბაიდენი.

მეტიც, პრეზიდენტის თქმით, ახალი ხელშეკრულების საფუძველზე, დარწმუნებული ვიქნებით, რომ თითოეულ ჩვენგანს გააჩნია „უახლესი საშუალებები... მანევრირებისთვის და თავის დასაცავად სწრაფად განვითარებადი საფრთხეების ფონზე“.

„აუკუსი” თავს მოუყრის ჩვენს მეზღვაურებს, ჩვენს მეცნიერებს, რათა შევინარჩუნოთ და განვავითაროთ ჩვენი უპირატესობა სამხედრო შესაძლებლობების და კრიტიკული ტექნოლოგიების მიმართულებით, როგორიცაა კიბერ-ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი, კვანტური და წყალქვეშა ტექნოლოგიები“ - აღნიშნავს პრეზიდენტი.

ახალი შეთანხმების ერთ-ერთი წამყვანი პროექტია ოპტიმალური გზის განსაზღვრა, ავსტრალიის მიერ საკუთარი საზღვაო ფლოტისთვის თანამედროვე შეიარაღების მქონე ბირთვული წყალქვეშა გემების შესაძენად. პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ „ამ მცდელობისკენ ნაბიჯები ისე გადაიდგმება, რომ მათზე აისახოს მტკიცე ლიდერობა გლობალური განიარაღების საკითხებში და შემოწმების მკაცრი სტანდარტები, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან პარტნიორობით და მათთან კონსულტაციებზე დაყრდნობით“.

70 წელზე მეტია ავსტრალია, გაერთიანებული სამეფო და შეერთებული შტატები სხვა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, ერთობლივად მუშაობენ იმისთვის, რომ დაიცვან საზიარო ფასეულობები და დააწინაურონ უსაფრთხოება და კეთილდღეობა. „აუკუსის“ ხელშეკრულება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში ამ მიზნების მიღწევის გზაზე.

XS
SM
MD
LG