ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის საგამოძიებო ჯგუფი, სახელად - გამოძიების და იდენტიფიკაციის ჯგუფი (IIT) - აკრძალული ქიმიური იარაღის გამოყენებაში სირიის სამხედრო ძალებს ფორმალურად სდებს ბრალს.
ქიმიური იარაღი პირველად გამოყენებული იქნა პირველ მსოფლიო ომში ორივე მხარის მიერ. ის კლავს და ასახიჩრებს განურჩევლად ყველას, იწვევს საშინელ ტანჯვას და გადარჩენილებიც კი დასახიჩრებულნი რჩებიან, ხშირად - ცხოვრების ბოლომდე.
საერთაშორისო საზოგადოებამ ქიმიური იარაღის ომში გამოყენება 1925 წელს, ჟენევის პროტოკოლის დანერგვით აკრძალა. მოგვიანებით, ქიმიური იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენციის მანდატით, დამატებითი მკაცრი შეზღუდვები დაწესდა. კონვენცია კრძალავს მის გამოყენებას, განვითარებას, წარმოებას, შესყიდვას, შეგროვებას, შენახვას და გადაცემას.
ამის მიუხედავად, სირიაში, ბაშარ ალ ასადის ხელისუფლება ქიმიურ იარაღს ისევ და ისევ იყენებს. ამასთან, არამარტო მოწინააღმდეგეების მისამართით, არამედ - ძირითადად მშვიდობიანი მოქალაქეებით დასახლებული უბნების მიზანში ამოღებით.
ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის გამოძიების და იდენტიფიკაციის ჯგუფის (OPCW IIT) მიერ შედგენილი ანგარიშის მიხედვით, სირიის სამხედრო ვერტმფრენმა 2018 წლის 4 თებერვალს, ამბოხებულების მიერ კონტროლირებულ ქალაქ სარაქებში, სულ ცოტა ერთი ბომბი ჩამოაგდო, რომელიც ქლორინის გაზს შეიცავდა. Მომხდარში მინიმუმ 12 ადამიანი დაშავდა.
„ეს ბოლო ამბავი საკვირველი არავისთვის ყოფილა“, თქვა წერილობით განცხადებაში სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა. „ასადის რეჟიმი პასუხისმგებელია უამრავ საშინელებაზე, რომელთა შორის, ზოგი კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს უტოლდება. რეჟიმი სირიელი ხალხის მხრიდან წამოსულ რეფორმირების და ცვლილების დანერგვის მოწოდებებს, გამუდმებით პასუხობდა სიკვდილით და ნგრევით“.
ასადის რეჟიმი და მისი მთავარი ხელშემწყობი, რუსეთი, კვლავ ენთუზიაზმით უარყოფენ სირიის სამთავრობო ძალების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტებს. ამის ნაცვლად, ისინი ბრალს ამბოხებულებს უყენებენ, თითქოს მათ დადგეს იერიშები და შექმნეს ყალბი მტკიცებულებები. თუმცა, პრესსპიკერ პრაისის თქმით, „რეჟიმის და მისი მხარდამჭერების მხრიდან, დეზინფორმაციის, შეთქმულების თეორიების და ფაქტების დამახინჯების ვერანაირი მოცულობა ვერ გაამართლებს ასადის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ფაქტებს“.
„შეერთებული შტატები გმობს ქიმიური იარაღის გამოყენებას ნებისმიერი მხარის მიერ, სად და რა დროსაც არ უნდა მოხდეს ეს“ - თქვა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა. მისი განცხადებით, „ქიმიური იარაღის გამოყენება ნებისმიერი სახელმწიფო თუ არასახელმწიფო პირის მიერ, მიუღებელ საშიშროებას უქმნის ყველა ქვეყნის უსაფრთხოებას და შეუძლებელია დაუსჯელი დარჩეს“.
ნედ პრაისმა ხაზგასმით აღნიშნა: „სოლიდარობის ნიშნად, პასუხისმგებლობის მქონე ყველა სახელმწიფო ერთად უნდა დადგეს ქიმიური იარაღის გადაცემის წინააღმდეგ, მისი გამოყენების გლობალური ნორმების დაცვის გზით. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, პასუხი მოვთხოვოთ ასადის რეჟიმს და ნებისმიერ სხვას, ვინც გადაწყვეტს ამ საშინელი იარაღის გამოყენებას“.