Accessibility links

Breaking News

ბორის ნემცოვის 7 წლისთავი


ბორის ნემცოვის შვილი ჟანა ნემცოვა (მარცხნიდან მეორე) მამის საფლავთან. მოსკოვი, 3 მარტი, 2015 წელი.
ბორის ნემცოვის შვილი ჟანა ნემცოვა (მარცხნიდან მეორე) მამის საფლავთან. მოსკოვი, 3 მარტი, 2015 წელი.

7 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ბორის ნემცოვმა ქვეყნის სამსახურისთვის საფასური საკუთარი სიცოცხლით გადაიხადა.

2015 წლის 27 თებერვალს, რუსეთის ოპოზიციის ლიდერს და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ცნობილ კრიტიკოსს, ზურგში ტყვიები დაუშინეს, მაშინ როცა ის ბოლშოი მოსკოვრეცკის ხიდზე, უკრაინელ მეგობარ ქალთან ერთად სეირნობდა.

მკვლელობის გამოძიება 5 წარმოშობით ჩეჩენი მამაკაცის გასამართლებით დასრულდა, რომელთაც მკვლელობის კონტრაქტი შეასრულეს, მაგრამ არა - დამკვეთი პირის. მკვლელობის შემკვეთი ადამიანის ვინაობა დღემდე უცნობი რჩება. ევროპის უშიშროების და თანამშრომლობის ორგანიზაციამ (ეუთო), ასევე ევროპის საბჭომ, რუსეთის ოფიციალურ პირებს არაერთხელ მოუწოდეს გამჭვირვალე გამოძიებისკენ, თუმცა მთავრობამ მათი მოწოდება უპასუხოდ დატოვა.

ბატონი ნემცოვი რეფორმატორი და ანტიკორუფციული აქტივისტი იყო, რომელიც თავის ქვეყანას ბევრ სხვადასხვა როლში ემსახურა: ფედერალურ მთავრობაში და პარლამენტში; ნიჟნი ნოვგოროდის გუბერნატორის, თუ პოლიტიკური ლიდერის როლში. მისი მიზანი იყო, დახმარებოდა რუს ხალხს იმაში, რომ მათ საკუთარი ქვეყნის მმართველობაში მეტი მონაწილეობა მიეღოთ და საკუთარი სათქმელი ეთქვათ. 2014 წელს, ნემცოვი ხმამაღლა აკრიტიკებდა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის მცდელობას და იყო ერთ-ერთი ლიდერი უკრაინაში რუსეთის პოლიტიკის საწინააღმდეგო დემონსტრაციების. საპროტესტო აქცია მოსკოვში 1 მარტს იგეგმებოდა, ნემცოვის მოკვლიდან 2 დღეში.

ნემცოვის მკვლელობის 7 წლისთავზე, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა სპეციალური განცხადება გაავრცელა. „ნემცოვის ერთ-ერთი ბოლო პროექტი, ვიდრე მას 2015-ში მოკლავდნენ, იყო ანგარიში, რომელშიც ის ამხელდა რუსეთის სამხედრო ინტერვენციას უკრაინაში, რასაც პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი [მაშინ] უარყოფდა“ - განაცხადა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა. მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ პოლიციამ ნემცოვის ბინა ჩხრეკის მიზნით გადაატრიალა, „მათ ვერ შეძლეს მისი მემკვიდრეობის წაშლა“.

ნედ პრაისის განცხადების მიხედვით, ბორის ნემცოვის სული და მემკვიდრეობა დღესაც ცოცხლობს „რუსეთის მამაც მოქალაქეებში, რომლებიც საჯაროდ გმობენ კრემლის მიმდინარე თავდასხმას უკრაინაზე; პეტიციებში, რომელთაც ხელს ასობით ჟურნალისტი, თუ მუნიციპალური ლიდერები აწერენ, რომლებიც გმობენ უკრაინაში შეჭრას; ათასობით მშვიდობიან დემონსტრანტში, რომლებიც ბოლო დღეებია ომის საწინააღმდეგო მიტინგებზე გამოდიან და რომელთაც რუსეთის მთავრობა აპატიმრებს. კრემლი პარალელურად ცდილობს დეზინფორმაცია გაავრცელოს და შეავიწროვოს განსხვავებულად მოაზროვნეები“. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ასევე ამბობს: „ჩვენ ღრმა პატივისცემას ვუცხადებთ რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც ბორის ნემცოვის მაგალითს მიჰყვებიან და ხმამაღლა, მამაცად ამბობენ იმას, რაც სწორია“.


XS
SM
MD
LG