Accessibility links

Breaking News

ირანი კვლავ შეერთებული შტატების ფოკუსშია


ბირთვული მოლაპარაკება ავსტრიის დედაქალაქ ვენაში
ბირთვული მოლაპარაკება ავსტრიის დედაქალაქ ვენაში

დღემდე ირანთან მოლაპარაკების 6 რაუნდი გაიმართა, რომელშიც გაეროს უშიშროების საბჭოს 5 მუდმივი წევრი და გერმანია მონაწილეობდა. მოლაპარაკება ცდილობს შეერთებული შტატები და ირანი დააბრუნოს იმ საერთაშორისო ბირთვულ შეთანხმებაში, რომელსაც ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაცია მხარს მტკიცედ უჭერს.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას, ჯეფრი დელორენტისი, შეერთებული შტატების პრეზიდენტის საგანგებო მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში, საუბრობდა რა 2015 წლის ბირთვული შეთანხმების რეზოლუციის დანერგვაზე (UNSCR 2231), მიესალმა გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის მხარდაჭერას, ვენაში ბირთვულ საკითხებზე მიმდინარე დისკუსიების მიმართ. მან ასევე შეაქო გაეროს ახლანდელი ანგარიში ირანის იმ ბირთვული აქტივობების შესახებ, რომლებიც 2231-ე რეზოლუციასთან შეუსაბამობაში მოდის.

„ეს ანგარიში ხაზს უსვამს იმას, რაც უკვე რამდენიმე ხანია აშკარაა“ - განაცხადა დელორენტისმა. მისი თქმით, „ირანი აგრძელებს 2231-ე რეზოლუციის უგულვებელყოფას, რომელიც ირანს მოუწოდებს არ გადადგას ნაბიჯი ბირთვული იარაღისთვის გამიზნული ბალისტიკური რაკეტების შექმნის მიმართულებით“.

თეთრი სახლის უფროსმა მრჩეველმა ასევე აღნიშნა, რომ გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის და რაფაელ გროსის - ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორის - მიერ შედგენილი ანგარიში აჩვენებს, რომ ირანი ასევე დგამს ნაბიჯებს საერთაშორისო ბირთვული შეთანხმებით გათვალისწინებული ლიმიტების გადაჭარბებისკენ. ელჩი დელორენტისი მოუწოდებს ირანს, „თავი შეიკავოს ესკალაციისკენ მიმართული შემდგომი ნაბიჯებისგან და დაუბრუნდეს საერთაშორისო ბირთვული შეთანხმების ვალდებულებების დანერგვას, მათ შორის - ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მხრიდან შემოწმებას, მონიტორინგს და დამატებითი პროტოკოლის დანერგვას“.

ირანის მიერ ტერორიზმის მხარდაჭერაც შეშფოთების საგნად რჩება, რადგან ეს საფრთხეს უქმნის შეერთებული შტატების ძალებს, დიპლომატიურ პერსონალს და შეერთებული შტატების მოკავშირეებს - თქვა ელჩმა დელორენტისმა. „ჩვენ გავაგრძელებთ ყველა ჩვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტის გამოყენებას, რათა დავუპირისპირდეთ რეგიონში ირანის მადესტაბილიზებელ აქტივობას და იმისთვის, რომ დავაწინაუროთ უშიშროების საბჭოს სხვა რეზოლუციების იმპლემენტაცია, რომლებიც ირანის განიარაღებას სტანდარტული შეიარაღების მიმართულებით ითვალისწინებს“ - ამბობს ის.

რაც შეეხება ირანის ბირთვულ აქტივობას, თეთრი სახლის საგანგებო მრჩეველი ხაზს უსვამს იმას, რაც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გარკვევით განაცხადეს: „შეერთებული შტატები ერთგულია იმ დაპირების, რომ ირანმა ბირთვული იარაღი ვერასდროს მიიღოს. ჩვენ გვჯერა, რომ დიპლომატია, მოკავშირეებთან და რეგიონულ პარტნიორებთან კოორდინაცია ამ მიზნების მიღწევის საუკეთესო გზაა“. ელჩ დელორენტისის თქმით, „ვენაში გამართული დისკუსიების ბოლო რამდენიმე რაუნდმა იმ რამდენიმე არჩევანის კრისტალიზებას შეუწყო ხელი, რაც საჭიროა შეერთებული შტატების და ირანის ბირთვულ შეთანხმებასთან შესაბამისობაში ერთობლივი დაბრუნებისთვის“.

XS
SM
MD
LG