Accessibility links

Breaking News

ღაზის სექტორის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება


ჰუმანიტარული დახმარება ღაზის სექტორში ქალაქ რაფაში, ეგვიპტიდან შედის. 21 ოქტომბერი, 2023 წ.
ჰუმანიტარული დახმარება ღაზის სექტორში ქალაქ რაფაში, ეგვიპტიდან შედის. 21 ოქტომბერი, 2023 წ.

როდესაც 7 ოქტომბერს, პალესტინელთა ისლამისტურმა დაჯგუფება „ჰამასმა“ ისრაელზე დამანგრეველი თავდასხმა განახორციელა, ამან რეგიონში ომი გამოიწვია. როგორც წესი, ასეთ დროს საფასურს ორივე მხარეს მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობა იხდის. „ჰამასის“ თავდაპირველი თავდასხმების და ისრაელის საპასუხო იერიშების შედეგად, 30-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქე ათასობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა.

დაბომბვის დაწყებამდე, ისრაელმა ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობა გარკვევით გააფრთხილა, რომ ევაკუაცია დაეწყოთ. თუმცა, „ჰამასმა“ ბრძანება გამოსცა, რომ ადამიანები თავიანთ სახლებში დარჩენილიყვნენ და გზები გადაკეტათ, რათა მათი გასვლა არ დაეშვა. აშკარაა, რომ სამოქალაქო მოსახლეობა დაჯგუფების მებრძოლებისთვის ცოცხალი ფარი უნდა გამხდარიყო.

„ვიცით, რომ „ჰამასი“ პალესტინელ ხალხს არ წარმოადგენს და „ჰამასის“ მიერ ჩადენილი მასობრივი ხოცვა-ჟლეტა პალესტინელ სამოქალაქო მოსახლეობას არ უნდა დაბრალდეს“, განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა. ენტონი ბლინკენის თქმით, „პალესტინელი სამოქალაქო მოსახლეობა დაცული უნდა იყოს“.

ღაზის სექტორი, რომელიც ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს გასწვრივ, 41 კილომეტრი სიგრძის და 6-დან 12 კილომეტრამდე სიგანის მიწის ზოლია, მთლიანად 365 კვადრატულ კილომეტრს იკავებს. იქ 2,375,000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. სექტორში დაახლოებით მილიონი ადგილნაცვალი პალესტინელია, რომელთაც ღაზის დატოვების არანაირი საშუალება არ აქვთ და ეს იმას ნიშნავს, რომ ჰუმანიტარულ დახმარებას მათი გადარჩენისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.

„ჩვენ ვაგრძელებთ ეგვიპტესთან, ისრაელთან და რეგიონში სხვა პარტნიორებთან, ასევე გაეროსთან მჭიდრო კოორდინაციას, რათა შევქმნათ მექანიზმები, რომელიც ღაზის სამოქალაქო მოსახლეობის მისამართით ჰუმანიტარულ დახმარების სტაბილურად შედინებას უზრუნველყოფს ისე, რომ ამით „ჰამასმა“ ან ნებისმიერმა სხვა ტერორისტულმა ჯგუფმა ვერ ისარგებლოს“, თქვა სახელმწიფო მდივანმა.

ბლინკენის განცხადებით, „შეერთებული შტატები ერთგულია ღაზის და მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის პალესტინელებისთვის დამატებით 100 მილიონი დოლარის მოცულობის ჰუმანიტარული დახმარების გაცემის დაპირების, რომლითაც პალესტინელი ხალხისთვის ბოლო ორ წელიწადნახევრის განმავლობაში გაწეული მთლიანი დახმარების მოცულობა, 1.6 მილიარდ დოლარზე მეტი იქნება. ამით შეერთებული შტატები პალესტინელებისთვის ყველაზე მსხვილი დონორი ქვეყანა გახდება. მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, კერძოდ მათ, ვისაც შესაძლებლობა აქვს, შემოგვიერთდნენ გაეროს მოწოდების შესრულებაში, რომელიც ღაზაში ჰუმანიტარულ ვითარებას ეხება“.

„ამ კონფლიქტში და ზოგადად ყველა კონფლიქტში უდანაშაულო სიცოცხლეების გადარჩენის ჩვენი ძალისხმევის შუაგულში არის რწმენა, რომ ყველა სამოქალაქო პირის სიცოცხლე თანაბრად ფასეულია“, თქვა ბლინკენმა. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ასევე აცხადებს, რომ „არ არსებობს იერარქია, როდესაც საქმე სამოქალაქო პირების სიცოცხლის დაცვას ეხება. სამოქალაქო არის სამოქალაქო, მოქალაქეობის, ეროვნების, ასაკის, სქესის, სარწმუნოების მიუხედავად“.

XS
SM
MD
LG