Accessibility links

Breaking News

აბრაამის შეთანხმება წინსვლის ხელშეწყობას აგრძელებს


ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა მინისტრი აბდულა ბინ ზაედ ალ-ნაჰიანი და ბაჰრეინის საგარეო საქმეთა მინისტრი ხალიდ ბინ აჰმედ ალ ხალიფა (მარცხნიდან მარჯვნივ), თეთრ სახლში აბრაამის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა მინისტრი აბდულა ბინ ზაედ ალ-ნაჰიანი და ბაჰრეინის საგარეო საქმეთა მინისტრი ხალიდ ბინ აჰმედ ალ ხალიფა (მარცხნიდან მარჯვნივ), თეთრ სახლში აბრაამის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ.

სექტემბერში აღინიშნება მეორე წლისთავი აბრაამის შეთანხმებიდან, რომლითაც ისრაელმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან და ბაჰრეინთან ურთიერთობის ნორმალიზების შეთანხმებას მოაწერა ხელი. ცოტა ხნის შემდეგ ამ შეთანხმებას მაროკოც შეუერთდა.

ეს ისტორიული შეთანხმებები „ისრაელისთვის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისთვის, ბაჰრეინისთვის და მაროკოსთვის გარდამქმნელი იყო,“ განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა. „ისინი ახლო აღმოსავლეთში და მის მიღმა, თანამშრომლობის და რეგიონული ინტეგრაციის ახალ ფორმებს ჩაუდგნენ სათავეში. ამაში შედის ისტორიული ნეგევის ფორუმი, რომელმაც ისრაელთან და მის მეზობლებთან დაგვაახლოვა“.

„იერუსალიმ-პოსტის“ ბოლოდროინდელ სარედაქციო წერილში, არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის მინისტრმა თანი ალ-ზაიუდიმ დაწერა, რომ აბრაამის შეთანხმება იყო „არა მხოლოდ 48-წლიანი მტრობის და უნდობლობის დასრულების, არამედ ჩვენი რეგიონისთვის ახალი პოლიტიკური და ეკონომიკური ეპოქის დასაწყისის სიგნალი“.

საგარეო ვაჭრობის მინისტრ ზაიუდის თქმით, შეთანხმების ხელმოწერიდან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ისრაელს შორის ორმხრივი ვაჭრობის მოცულობამ 3 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. 2022 წლის პირველ ნახევარში ვაჭრობის მოცულობა კი 1.3 მილიარდ დოლარს აღემატებოდა, რომელიც მთელი 2021 წლის განმავლობაში აღირიცხა.

შეთანხმებამ ასევე წარმოშვა უნიკალური ერთობლივი შეთანხმებები, რომლებიც გამიზნულია ახლო აღმოსავლეთის წინაშე მდგარი ისეთი გამოწვევების გადასაწყვეტად, როგორიცაა წყლის ნაკლებობა და განახლებადი ენერგია. ამასთან არის დაკავშირებული ცოტა ხნის წინ დადებული სამმხრივი შეთანხმება ისრაელს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და იორდანიას შორის, რომელიც მზის ენერგიასთან დაკავშირებულ ძალისხმევას დააფინანსებს.

ავი ჰესონმა, სტარტაპ „ნეიშენ ცენტრალის“მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა, იმ არაკომერციული ორგანიზაციის, რომელიც ისრაელის ინოვაციების რეკლამირებას ეწევა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, თქვა, რომ აბრაამის შეთანხმებამ „ჩვენი რეგიონისთვის დიდი შესაძლებლობები და პოტენციალი გააჩინა.“ მან დაამატა: „ჩვენ დიალოგი თავდაცვისა და უსაფრთხოების თემიდან ინოვაციისა და თანამშრომლობის თემაზე გადავრთეთ“.

ჰესონი აღნიშნავს, რომ 2023 წელს, ისრაელსა და აბრაამის შეთანხმების ხელმომწერ ქვეყნებს შორის გაორმაგდება ვაჭრობა და ინვესტიციები და მათი საკვანძო შემადგენელი ნაწილი ინოვაცია და ტექნოლოგია იქნება.

"ჩვენ ისრაელსა და არაბ და მუსლიმი უმრავლესობის ქვეყნებს შორის ამ შეთანხმების გაძლიერების და გაფართოების ერთგული ვართ, რათა რეგიონული უსაფრთხოება, კეთილდღეობა და მშვიდობა გაძლიერდეს,“ განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა. ენტონი ბლინკენის თქმით, „შეერთებული შტატები გეგმავს, რომ მომავალში ამ პარტნიორობების გაძლიერებას და გაღრმავებას დაეხმაროს“.

XS
SM
MD
LG