აპრილის ბოლოს, გაეროს უშიშროების საბჭოს თხუთმეტმა წევრმა კოსმოსში ბირთვული იარაღის აკრძალვის რეზოლუციას უყარა კენჭი. რეზოლუციას ხმა ცამეტმა წევრმა მისცა, ჩინეთმა თავი შეიკავა და მის წინააღმდეგ მხოლოდ რუსეთი წავიდა.
„24 აპრილს, რუსეთმა ვეტო დაადო რეზოლუციას, რომელსაც შეეძლებოდა განემტკიცებინა ყველა სახელმწიფოს ერთობლივი მიზანი, თავიდან აიცილონ გამალებული შეიარაღება კოსმოსში და მოუწოდებდა, რომ კოსმოსი მხოლოდ კვლევისა და მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოეყენებინათ“, - თქვა სპეციალურ პოლიტიკურ საქმეებში შეერთებული შტატების ალტერნატიულმა წარმომადგენელმა რობერტ ვუდმა.
„მას შეეძლებოდა დაედასტურებინა, კოსმოსის შესახებ შეთანხმების ყველა მონაწილე სახელმწიფოს მოვალეობა, არ განალაგოს არანაირი ობიექტი დედამიწის გარშემო ორბიტაზე, რომელიც ბირთვულ, ან მასობრივი განადგურების ნებისმიერ სხვა სახის იარაღს ატარებს. შეთანხმებას 115 ქვეყანა შეუერთდა“, მათ შორის ჩინეთი და რუსეთი, - განაცხადა მან.
ვუდის თქმით, რეზოლუციას „ასევე შეეძლო წევრი სახელმწიფოებისთვის მოეწოდებინა, საერთოდ არ შეემუშავებინათ ბირთვული იარაღი, რომელიც კონკრეტულად ორბიტაზე განლაგებისთვისაა შექმნილი და ეს კოსმოსში ბირთვული კატასტროფის რისკს შეამცირებდა“.
რუსეთის მიერ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე წარმოდგენილი ვეტოს გამართლება, შეერთებული შტატებისა და დასავლეთის ქვეყნების წინააღმდეგ ბრალდებების მთელი სიისგან შედგებოდა, რომელიც იარაღის შესაძლო განლაგების გეგმებსაც შეიცავდა. ამის შემდეგ რუსეთმა საკუთარი რეზოლუცია წარმოადგინა, რომელიც კოსმოსში ნებისმიერი იარაღის აკრძალვისკენ მოუწოდებს.
რუსეთის რეზოლუცია „წევრი სახელმწიფოების დანაწევრებისთვისაა შექმნილი და არა მათ გასაერთიანებლად“, აღნიშნა ვუდმა.
„არ შეცდეთ, ეს არის დიპლომატიური ფასდი, რომელიც რუსეთის ნამდვილ ზრახვებს მალავს. სიმართლე იმაშია, რომ ამჟამად რუსეთს ორბიტაზე თანამგზავრების საწინააღმდეგო რამდენიმე არაბირთვული იარაღი უკვე აქვს. ერთი მათგანი 2019 წელს გამოსცადეს. უფრო მეტიც, რუსეთი არაერთხელ დაიმუქრა, რომ თანამგზავრებს სამიზნეში ამოიღებს, მათ შორის - კომერციულ თანამგზავრებსაც“.
სინამდვილეში, ვუდის თქმით, „არსებობს სანდო ინფორმაცია, რომ რუსეთი მუშაობს ახალ თანამგზავრზე, რომელზეც ბირთვული დანადგარები იქნება“, - აღნიშნა შეერთებული შტატების წარმომადგენელმა. „ჩვენ მოვისმინეთ პრეზიდენტ პუტინის მიერ საჯაროდ ნათქვამი, რომ რუსეთი კოსმოსში ბირთვული იარაღის განლაგებას არ აპირებს. ეს რომ მართლაც ასე იყოს, მაშინ რუსეთი ამ რეზოლუციას ვეტოს არ დაადებდა“.
„რუსეთის ქმედებები აჩენს მნიშვნელოვან ეჭვს იმაზე, შეასრულებს თუ არა ის, კოსმოსთან დაკავშირებით მიღებულ შეთანხმებაზე დაფუძნებულ, საკუთარ იურიდიულ ვალდებულებებს და ასევე, აჩენს შეშფოთებას იმაზე, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ეს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“, თქვა ვუდმა.
შეერთებული შტატების ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, „ამიტომაცაა ყველა ჩვენგანისთვის ასე კრიტიკულად მნიშვნელოვანი, დღეს ხმა ავიმაღლოთ კოსმოსზე შეთანხმებისა და მის [რუსეთის] მიერ ორბიტაზე ბირთვული იარაღის ნათლად აკრძალვის მხარდასაჭერად“.