ბლინკენი ახალი მსოფლიო წესრიგის გამოწვევებზე

ენტონი ბლინკენი ტეხასის უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე. ოსტინი, აშშ. 4 ოქტომბერი, 2023 წ.

ისტორიაში გარდატეხის მომენტები არაერთხელ ყოფილა, თქვა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ოსტინში, ტეხასის უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე. ენტონი ბლინკენის თქმით, „ჩვენთვის გარდატეხის მომენტი იყო მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდი. კიდევ ერთი გარდატეხა ცივი ომის დასრულებას უკავშირდება. ვფიქრობთ, რომ ახლაც ერთ-ერთი მათგანის პირისპირ ვართ“.

სახელმწიფო მდივნის თქმით, დღესაც სახეზეა „კონკურენცია ხელახლა წარმოჩენილ დიდ ძალებს შორის, რომლებიც უპირველეს ყოვლისა, მომავლის ფორმირებაზე გვიქმნიან წარმოდგენას. ჩვენ გავიარეთ ის ეტაპი, როცა ცივი ომი დასრულდა და ახლა მიმდინარეობს კონკურენცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ეპოქა მოვა ამის შემდეგ“ - თქვა ბლინკენმა. „ამავე დროს, განსაკუთრებული ტრანსნაციონალური გამოწვევების წინაშე ვიმყოფებით, ისეთი პრობლემების პირისპირ, რომლებიც ადამიანებს მსოფლიოს ყველა კუთხეში ეხება, მათ შორის შეერთებულ შტატებშიც, იქნება ეს სასურსათო უსაფრთხოება, კლიმატი, მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენების გზები, თუ მასობრივი მიგრაცია“.

SEE ALSO: აშშ და გერმანია ძლიერ გლობალურ პარტნიორებად რჩებიან

ამასთან, სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ „არცერთ ჩვენგანს, მათ შორის შეერთებულ შტატებსაც კი არ ძალუძს ამ გამოწვევებთან მარტოდმარტო გამკლავება“.

ის ასევე ხაზს უსვამს „ამერიკის ჩართულობის და ამერიკის ლიდერობის“ მნიშვნელობას მსოფლიო ასპარეზზე, რადგან თუ შეერთებული შტატები ამ როლს საკუთარ თავზე არ აიღებს, მოხდება „ორიდან ერთი რამ: ან ვინმე სხვა დააპირებს ამის გაკეთებას, და სავარაუდოდ - ისე, რომ მის ქმედებაში ჩვენი ინტერესები და ჩვენი ფასეულობები გათვალისწინებული არ იქნება, ან კიდევ, თანაბრად ცუდ შემთხვევაში, ამ როლს აღარავინ იკისრებს და შეიქმნება ვაკუუმი, რომელიც უფრო ცუდი რამით შეივსება, ვიდრე კარგით“.

ასევე, აღსანიშნავია ერთობლივი ინტერესებისკენ სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის ახალი გზების გამოძებნის სიკეთე, ამბობს სახელმწიფო მდივანი. „და ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული... არცერთ ქვეყანას დედამიწის ზურგზე არ შესწევს უფრო მეტი უნარი, გაუწიოს სხვებს მოლიზაცია ერთობლივი დადებითი ქმედებისკენ, როგორც შეერთებულ შტატებს“.

და ბოლოს, აღნიშნავს ამერიკის სახელმწიფო მდივანი, „ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ჩვენ რამდენიმე ისტორიული ინვესტიცია განვახორციელეთ... რათა უფრო ძლიერ პოზიციაზე ვყოფილიყავით არამარტო ჩვენი ხალხისთვის, არამედ მსოფლიოში უფრო ეფექტიანი კონკურენციის მიზნით. და თუ შინ ძლიერი ფუნდამენტი გაქვს, ამას გასაოცარი შედეგები მოაქვს საერთაშორისო არენაზე გაძლიერებაში. ესაა ის, რაშიც ჩვენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყოველდღიურად ვრწმუნდებით“.