ჰოლოკოსტის ხსოვნის დღე - 2023

ჰოლოკოსტის მემორიალი ბერლინში, გერმანია

ბალტიმორში მდებარე ჰოლოკოსტის მემორიალის შავი გრანიტის კვარცხლბეკზე ჯორჯ სანტაიანას ყველაზე ცნობილი ფრაზაა ამოტვიფრული: „ვინც წარსულს ივიწყებს, მისი განმეორებისთვისაა განწირული“. სწორედ ამიტომ, 27 იანვარს, 1945 წელს, აუშვიც-ბირკენაუს საკონცენტრაციო და სიკვდილის ბანაკის კომპლექსის გათავისუფლების დღეს, მსოფლიო ჰოლოკოსტის ხსოვნის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

ჰოლოკოსტი იყო ნაცისტური გერმანიის მიერ, როგორც ისინი უწოდებდნენ - „ებრაული პრობლემის“ მოსაგვარებლად მიღებული „საბოლოო გადაწყვეტილების“ შედეგი - ევროპული ებრაელობის სრული ამოწყვეტის სისტემური მცდელობა.

ის ნაცისტების ომის ძალისხმევისგან გამოყოფილი იყო. რა თქმა უნდა, „საბოლოო გადაწყვეტილება“ ხშირად ომის საჭიროებებზე წინ იდგა. ფრონტის წინა ხაზზე პერსონალის და რესურსების უკიდურესი საჭიროების მიუხედავად, სიკვდილის ბანაკებში მოვალეობებისგან არავინ გაუთავისუფლებიათ და მათი სამსახურის მიმართულება არ შეუცვლიათ. შედეგად, „საბოლოო გადაწყვეტილებამ“ 6 მილიონი ებრაელის მკვლელობა გამოიწვია.

დღეს, როცა მეორე მსოფლიო ომის საშინელი მოვლენები წარსულის მოგონებებიდან ზედაპირზე ამოტივტივდა, ბევრ ქვეყანაში ჰოლოკოსტის უგულვებელყოფის და დამახინჯების შემთხვევები მზარდია.

SEE ALSO: ჰოლოკოსტის ხსოვნის დღე - 2022

„წარმოუდგენლია, რომ მეორე მსოფლიო ომის და ჰოლოკოსტის დასრულებიდან 75 წელზე მეტი ხნის შემდეგ, ხალხი კვლავ უარყოფს ან ამახინჯებს გენოციდის ფაქტებს - კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესოდ დოკუმენტირებული, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მასობრივი დანაშაულის ფაქტებს“ - თქვა ელენ ჟერმანმა. ის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში, ევროპის და ევრაზიის ურთიერთობების ბიუროს საგანგებო დესპანია ჰოლოკოსტის საკითხებში. „ჩვენ გვაქვს მტკიცებულებათა ზვინები, გადარჩენილთა უამრავი ჩვენება, და იმ თვითმხილველთა მიერ დოკუმენტირებული ფაქტები, რომელთაც სიკვდილის ბანაკები გაათავისუფლეს. ამის მიუხედავად, ჰოლოკოსტის უარყოფა და დამახინჯება გრძელდება“ - აღნიშნავს ელენ ჟერმანი.

ჰოლოკოსტის ხსოვნის საერთაშორისო ალიანსი ამბობს, რომ „ჰოლოკოსტის უარყოფა არის ისტორიიდან ჰოლოკოსტის წაშლის მცდელობა. ამ ქმედებას საფუძვლად ნაციზმის და ანტისემიტიზმის ლეგიტიმაცია უდევს. ჰოლოკოსტის დამახინჯება კი აღიარებს ჰოლოკოსტს, როგორც ფაქტობრივ მოვლენას, მაგრამ ამის მიუხედავად, სხვადასხვა მედია-საშუალებებით ცდილობს გაამართლოს, მინიმუმზე დაიყვანოს, ან არასწორად წარმოაჩინოს ჰოლოკოსტი“.

ელენ ჟერმანის თქმით, „აუცილებელია წინ აღვუდგეთ ჰოლოკოსტის უარყოფას და დამახინჯებას, რადგან მომხდარი ფაქტების მინიმიზაციის ან მცდარად წარმოჩენის ნებისმიერი მცდელობა, შეურაცხყოფაა მისი მსხვერპლის და გადარჩენილი ადამიანების. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ის [ჰოლოკოსტის უარყოფა და დამახინჯება] ახალისებს ანტისემიტიზმს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან მას ასევე შეუძლია ძალადობრივი ექსტრემიზმის შემდგომი წახალისებაც“.

სახელმწიფო დეპარტამენტის საგანგებო დესპანის თქმით, საბოლოო ჯამში, ჰოლოკოსტის უარყოფის და დამახინჯების წინააღმდეგ ბრძოლა მნიშვნელოვანია იმის გამოც, რომ ეს საფრთხეს უქმნის ისტორიის გაკვეთილებიდან სწორი დასკვნების გამოტანას.

„აღარასოდეს! - ესაა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მორალური გაკვეთილი, რაც მსოფლიომ ჰოლოკოსტით უნდა ისწავლოს“ - აღნიშნავს ელენ ჟერმანი.