შეერთებული შტატების „პარტნიორობა უკრაინელ ხალხთან მყარი და გამძლეა“, თქვა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თავის განცხადებაში. „ყურადღება გვაქვს გამახვილებული უკრაინის გადაუდებელ ჰუმანიტარულ საჭიროებებზე, რაც რუსეთის წინასწარგანზრახულ, არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ თავდასხმაზე ჩვენი პასუხის მნიშვნელოვანი ნაწილია.“
რიგითი უკრაინელების კეთილდღეობისთვის, შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა თითქმის 54 მილიონი დოლარის ჰუმანიტარული დახმარება მათთვის, ვისაც რუსეთის თავდასხმა უშუალოდ შეეხო. ეს დაფინანსება მოიცავს დაახლოებით 26 მილიონ დოლარს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისგან და 28 მილიონ დოლარს - აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან (USAID).
შეერთებული შტატები უკრაინის ერთ-ერთი უდიდესი ჰუმანიტარული დონორია. რვა წლის წინ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მოწყვლადი თემებისთვის მისი ჰუმანიტარული დახმარება ახლა დაახლოებით 405 მილიონ დოლარს შეადგენს. „ჰუმანიტარული დახმარების უახლესი ტრანში, დამოუკიდებელი ჰუმანიტარული ორგანიზაციების მეშვეობით შევა, რომლებიც საჭიროებაზე დაფუძნებულ დახმარებას მიუკერძოებლობის, ჰუმანურობის, ნეიტრალურობის და დამოუკიდებლობის პრინციპებით მიაწვდიან“, თქვა სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა.
SEE ALSO: უკრაინის საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერაეს დახმარება საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს საშუალებას მისცემს უკრაინელ ხალხს მხარი დაუჭირონ საკვებით, სუფთა სასმელი წყლით, თავშესაფრით, გადაუდებელი სამედიცინო დახმარებით, ზამთრისთვის მომზადებით და დაცვით. ამერიკული დაფინანსება ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს ასევე დაეხმარება იმაში, რომ კონფლიქტის გამო განცალკევებულ ოჯახების წევრებს შორის კონტაქტები შეინარჩუნონ, რაც იმედია მათი კვლავ გაერთიანების საწინდარი გახდება.
შეერთებული შტატები იწონებს რეგიონში მეზობელი ქვეყნების სტუმართმოყვარეობას, რომლებიც გაქცეულ უკრაინელებს იღებენ და დიპლომატიურად არის ჩართული იმ ძალისხმევის მხარდასაჭერად, რომ საზღვრები ღია დარჩეს და საერთაშორისო დაცვის მაძიებლებს დახმარება გაეწიოთ. გაეროს ცნობით, ამ დროისთვის უკრაინა 600,000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა. წინა ხაზზე მყოფი ქვეყნები, რომლებიც ლტოლილებს იღებენ, პოლონეთი, რუმინეთი, უნგრეთი, მოლდოვა და სლოვაკეთია. USAID-ის ადმინისტრატორმა სამანტა პაუერმა ბოლო ინტერვიუში თქვა: „პოლონელებმა გახსნეს თავისი გულები, თავისი სახლები; არის ცხელი კერძები და საჭირო საგნები, ერთჯერადი საცვლები და საბავშვო ეტლები მშობლებისთვის, და ტანსაცმელი. “ ადმინისტრატორ პაუერის შეფასებით, უახლოეს მომავალში „მეზობელ ქვეყნებში“ შესაძლოა „სამიდან ხუთ მილიონამდე ადამიანის“ შედინება მოხდეს.
სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, დაცვის მაძიებელთა საჭიროებებს გამოეხმაურონ და თავშესაფრის მაძიებლები უკრაინაში არ გააბრუნონ, სადაც შესაძლოა ისინი მძიმე საფრთხის პირისპირ აღმოჩნდნენ. შეერთებული შტატები ამ კრიზისის საპასუხოდ, სხვა დონორების შემოწირულებებს მიესალმება და კვლავ დაჟინებით მოუწოდებს, რომ უკრაინის და რეგიონის გადაუდებელ ჰუმანიტარულ საჭიროებებს მხარი გულუხვად დაუჭირონ.