სურსათის კუთხით, ეს წელი გლობალურად ისტორიაში ყველაზე ნაკლებად უსაფრთხო იქნება - აცხადებს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია. გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოში აშშ-ის წარმომადგენელი ლისა კარტი ამბობს, რომ გაჭირვება უმეტესწილად კონფლიქტმა გამოიწვია.
„მეომარი მხარეები უფრო და უფრო მეტად, განზრახ ანადგურებენ ფერმებს, ან ბლოკავენ სავაჭრო გზებს გამოკვეთილი მიზნით, გამოიწვიონ ადამიანთა შიმშილი“.
რუსეთი ამ ტაქტიკას უკრაინაში ომის ნაწილად იყენებს და მსოფლიოს ყველაზე მოწყვლადი ნაწილი მის შედეგებს უკვე გრძნობს, აღნიშნა ელჩმა კარტიმ.
„უკრაინა მსოფლიოში ხორბლის მეხუთე უმსხვილესი და მზესუმზირის ზეთის მეორე უმსხვილესი ექსპორტიორია. რუსეთმა ამ წამყვანი კულტურების მოსავლის მოყვანა დაარღვია სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვით, უკრაინის მიწაში ნაღმების ჩამარხვით და უკრაინის მარცვლეულის საცავების განზრახ და მრავალგზის დაზიანებითაც კი - ექვსჯერ, ჩვენი ბოლო მონაცემებით. რუსეთის მიერ უკრაინის პორტების ბლოკადა აჩერებს იმ სურსათს, რომელიც უკრაინას ჯერ კიდევ აქვს და შეეძლო ექსპორტირება ქვეყნებში, რომლებიც მათ უკიდურეს დეფიციტს განიცდიან.“
გასაკვირი არ არის, რომ რუსეთის არჩევანით დაწყებული ომი, სურსათის სისტემებზე, ყველა დონეზე - გლობალურიდან ადგილობრივამდე - დამანგრეველ გავლენას ახდენს. შედეგები საზარელი იქნება. რეგიონები, რომლებიც უკვე ახლა სურსათის ნაკლებობას განიცდიან, სურსათზე ფასების ზრდასთან ერთად, სავარაუდოდ, კატასტროფული შიმშილობის და სიკვდილის პირისპირ აღმოჩნდებიან.
SEE ALSO: გამარჯვება შიმშილის და მალნუტრიციის წინააღმდეგ ბრძოლაში„იემენში, ადამიანების რიცხვი, რომლებიც სავარაუდოდ შიმშილობის წინაშე იქნება, ივნისში გახუთმაგდება - და ეს პროგნოზი მანამდე გაკეთდა, სანამ რუსეთის არჩევანით დაწყებული ომი სურსათის ფასებზე ასახვას დაიწყებდა...
ეთიოპიაში, ცხრა მილიონი ადამიანი სურსათის დეფიციტის პირისპირ იმყოფება. კონკრეტულად ტიგრეიში, ადამიანების 90 პროცენტზე მეტს დახმარება სჭირდება.
სამხრეთ სუდანში, კონფლიქტმა ბოლო ხუთ წელიწადში ორი შიმშილობა გამოიწვია და ანალიტიკოსები გაფრთხილებას გამოთქვამენ, რომ კიდევ ერთი, 2022 წელს მოხდება.
და სირიაში, დაახლოებით 12 მილიონი ადამიანი სურსათის მწვავე ნაკლებობას განიცდის“ - აცხადებს შეერთებული შტატების ელჩი გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოში.
და მაინც, „ეს კრიზისები გარდაუვალი არ არის. სინამდვილეში ჩვენ ნანახი გვაქვს, თუ როგორ დაეხმარა ადრეული და წინასწარი ქმედება შიმშილობის თავიდან აცილებას“, აღნიშნა ლისა კარტიმ.
ელჩის თქმით, თავის მხრივ, „შეერთებული შტატები USAID-ის და Feed the Future-ის მეშვეობით, სიცოცხლის გადამრჩენი დახმარების გაწევას გააგრძელებს. ჩვენ გავაგრძელებთ მსოფლიო სურსათის პროგრამისთვის და სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისთვის ყველაზე დიდ დონორ ქვეყნად ყოფნას“.
„ჩვენ შეგვიძლია სიცოცხლეების ხსნა თუ ადრეულად ვიმოქმედებთ, სანამ კრიზისის ყველაზე უარეს გავლენას ვიგრძნობთ... დღეს შიმშილობას გამართლება არ შეიძლება ჰქონდეს“ - ამბობს ლისა კარტი.