ირანის და მის მიერ მხარდაჭრილი აქტორების მხრიდან, დესტაბილიზაციურ აქტივობათა მასშტაბი ფართოა როგორც ახლო აღმოსავლეთში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
ის მოიცავს ირანის მარიონეტების, ჰუთების მიერ წითელ ზღვაში და ადენის ყურეში მყოფი კომერციული გემების წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებს. მასში შედის ხომალდების სამიზნეში ამოღებისას, მათი მონიტორინგი და სადაზვერვო მონაცემები, რომლითაც ირანი ჰუთებს უზრუნველყოფს. ასევე - ირანის მარიონეტის, „ჰამასის“ მიერ განხორციელებული 7 ოქტომბრის საზარელი თავდასხმა ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობაზე; ირანის მხარდაჭერით, „ჰეზბოლას“ დაჯგუფების მიერ, უპილოტო თვითმფრინავების და სხვა იარაღის გაგზავნა ლიბანის მოსაზღვრე, ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში; რაკეტებით და დრონებით მიტანილი იერიშები „ისლამურ სახელმწიფოსთან“ მებრძოლ, შეერთებული შტატების ძალებზე ერაყსა და სირიაში, ირანის მხარდაჭერილი მებრძოლების მხრიდან და კიდევ - რუსეთისთვის გადაცემული ირანული დრონები, რომელთა საშუალებითაც უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს კლავენ.
შეერთებული შტატები შეშფოთებულია იმით, რომ ახლა ირანი რუსეთის დახმარების გაფართოებას განიხილავს და უკრაინაზე მოსკოვის გაუმართლებელი თავდასხმების ხელშეწყობის მიზნით, კრემლისთვის ახლო რადიუსის ბალისტიკური რაკეტების მიწოდებას გეგმავს.
SEE ALSO: რუსეთს და ირანს შორის ურთიერთობა ღრმავდებაჯონ კირბი, შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს კოორდინატორი სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში, აღნიშნავს, რომ მოლაპარაკება მათ შორის „აქტიურად წინ მიიწევს“. თუმცა, კირბი იმასაც ამბობს, რომ შეერთებული შტატების აზრით, ირანს რაკეტები რუსეთისთვის ჯერ არ მიუწოდებია.
„2023 წლის სექტემბერში, ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსმა (IRGC) ირანში უმასპინძლა რუსეთის თავდაცვის მინისტრ შოიგუს, აჩვენა მას თავისი ახლო რადიუსის ბალისტიკური რაკეტა „აბაბილი“ და სხვა სარაკეტო სისტემები. ამ მოვლენით აღინიშნა ბალისტიკური რაკეტების პირველი საჯარო ჩვენება, 2022 წლის თებერვლის შემდეგ, როცა რუსი მაღალჩინოსანი ბოლოს ირანს სტუმრობდა“ - თქვა კირბიმ.
მისი თქმით, „სულ ცოტა ხნის წინ, დეკემბრის შუა რიცხვებში, IRGC-ის საჰაერო კოსმოსურმა ძალებმა განათავსა ბევრი ბალისტიკური რაკეტა და რაკეტათა მხარდაჭერის სისტემები ირანის სასწავლო ზონაში, რათა ის სტუმრად მყოფი რუსეთის დელეგაციისთვის ეჩვენებინათ. ჩვენი შეფასებით, რუსეთი ირანისგან სარაკეტო სისტემების შეძენას აპირებს“.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს კოორდინატორი ამბობს, რომ შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სანქციებისა და ექსპორტის კონტროლის გამო, რუსეთი მსოფლიო ასპარეზზე სულ უფრო და უფრო იზოლირებული ხდება და იძულებულია სამხედრო აღჭურვილობისთვის თანამოაზრე სახელმწიფოებს მიმართოს. მათ შორისაა ჩრდილოეთ კორეა და ირანი.
კირბის თქმით, შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ირანის ქმედებაზე პასუხად, შეიარაღებაზე ამ გარიგების საკითხს გაეროს უშიშროების საბჭოში დააყენებენ. შეერთებული შტატები ასევე დააწესებს დამატებით სანქციებს მათ წინააღმდეგ, ვინც ხელს უწყობს მსგავს გარიგებებს და საჯაროდ გამოავლენს მათ, რათა თავიდან აიცილოს სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის სამხედრო მანქანის ფარული მხარდაჭერა.
როგორც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აღნიშნა, შეერთებული შტატები აგრძელებს „მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რათა პასუხი გაეცეს ირანის დესტაბილიზაციურ აქტივობას, რომელიც საფრთხეს უქმნის რეგიონულ და გლობალურ უსაფრთხოებას“.