ევროპის უშიშროების და თანამშრომლობის ორგანიზაციამ ანგარიში გამოსცა, რომელიც ბელარუსში ადამიანის უფლებათა დარღვევების მასობრივ და სისტემურ ხასიათს ამხელს. საუბარია პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ, 9 აგვისტოს არჩევნებზე და მას შემდეგ მომხდარ მასობრივ დარღვევებზე.
ეუთოს ანგარიში აბმბობს, რომ ლუკაშენკოს მიერ საპროტესტო აქციების დარბევის მთავარი მიზანი „დემონსტრაციის მონაწილეთა დასჯა, მათი და სხვა პოტენციურ მონაწილეთა დაშინებაა“.
ძალადობა აქციების მშვიდობიან მონაწილეებზე, ოპოზიციის აქტივისტებზე და ჟურნალისტებზე, მოიცავს წამებას, სადავო დაკავებებს, გამოხატვის, სიტყვის და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებების შეზღუდვას.
ანგარიშში საერთაშორისო სამართლის წამყვანი სპეციალისტი, ავტორი და პროფესორი ვოლფგანგ ბენედეკი აღნიშნავს, რომ „განსაკუთრებული შეშფოთების საგანია უსაფრთხოების ძალების მიერ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ წამების და ცუდად მოპყრობის კარგად დოკუმენტირებული შემთხვევები, რომელთა გამო პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავისთვის დაუკისრებიათ. ეს თავისთავად, პოლიტიკური საქმეების განხილვისთვის სამართლიანი სასამართლოს არქონის ფონზე, ქვეყანაში არსებული დაუსჯელობის ბრალდებებს ადასტურებს“.
სადავო არჩევნების შემდეგ, ბელარუსში მასობრივი დემონსტრაციები გრძელდება, რაც პრეზიდენტ ლუკაშენკოზე არსებულ წნეხს ზრდის. ის ქვეყანას 26 წელია მართავს და უარს ამბობს აღიაროს, რომ არჩევნები გაყალბდა.
მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, პრეზიდენტი ლუკაშენკო ძალაუფლებას კიდევ უფრო იმტკიცებს. მან ნაწილობრივ დახურა დასავლეთის საზღვარი, გამოცვალა შინაგან საქმეთა მინისტრი და უსაფრთხოების ძალებს, რომლებიც საპროტესტო აქციებს მეთვალყურეობენ, მოუწოდა დემონსტრანტების დარბევა უფრო მეტად გაახშირონ.
ამერიკა „იმედით უყურებს ბელარუსი ხალხის მიერ გამოჩენილ გამძლეობას და ღირსებას“ - თქვა განცხადებაში სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ. „შეერთებული შტატები კვლავ მოუწოდებს ბელარუსის მმართველებს, შეწყვიტონ დარბევა და ყური მიაპყრონ ბელარუსი ხალხის მოთხოვნებს, დამოუკიდებელი დამკვირვებლების დახმარებით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების შესახებ“.
ეუთოს ანგარიშში მითითებული რეკომენდაციები, ბელარუსის მმართველებს კრიზისის დასრულების გზებს და საშუალებებს სთავაზობს. გეგმა მოიცავს: ეუთოს დამკვირვებელთა მისიას, ბელარუსი ხალხის მიმართ ძალადობის დასრულებას და წარსულში მომხდარ ძალადობის ფაქტებში მონაწილეთათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამას გარდა, ყველა, ვინც უსამართლოდაა დაკავებული, უნდა გათავისუფლდეს და დაიწყოს შინაარსიანი ეროვნული დიალოგი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ პოლიტიკური ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
შეერთებული შტატები ბელარუსი ხალხის გვერდში დგას, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის სამართლის ძიების გზაზე.