მაიკლ კარპენტერმა, ამერიკის ელჩმა ევროპის უშიშროების და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო), ვაშინგტონში ჟურნალისტებს უთხრა, რომ მარტში და აპრილში, კიევიდან და მისი მიმდებარე ტერიტორიიდან იძულებითი უკანდახევის შემდეგ, რუსეთის შეიარაღებული ძალები გადაჯგუფებისას ძალისხმევის კონცენტრაციას უკრაინის სამხრეთის და აღმოსავლეთისკენ წარმართავდა. იმავდროულად, კრემლის პოლიტიკური გეგმების ფოკუსშიც იგივე ტერიტორია მოექცა.
ელჩმა კარპენტერმა თქვა: „ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის სცენარი შედგენილია იმის მიხედვით, თუ რას გეგმავს ის უკრაინის სამხრეთში და აღმოსავლეთში“. მან ისაუბრა მერების და სხვა ადგილობრივი ოფიციალური პირების გატაცების ცნობებზე, ასევე სკოლების დირექტორების, ჟურნალისტების და ადგილობრივი აქტივისტების ძალისმიერი გაუჩინარების ფაქტებზე. ასევე ვრცელდება ცნობები კრემლის გეგმების შესახებ, სკოლებს რუსული სასწავლო პროგრამა დაუწესონ და ადგილობრივ მოსახლეობას რუსული "რუბლის" გამოყენება აიძულონ. არსებული შეტყობინებების მიხედვით, რუსული ძალები სამხრეთში და აღმოსავლეთში ინტერნეტზე და მობილურ სატელეფონო კავშირზე წვდომას ჭრიან, რათა რეგიონში სანდო ინფორმაციის ნაკადი დაბლოკოს.
SEE ALSO: შიმშილი, როგორც ომის იარაღი
„ამასთან ერთად“, თქვა ამერიკის წარმომადგენელმა ეუთოში, „ჩვენ გვჯერა, რომ შესაძლოა კრემლი შეეცადოს თვალთმაქცური რეფერენდუმი მოაწყოს, რათა ვითარების შელამაზება დემოკრატიული, არჩევნებზე დაფუძნებული ლეგიტიმაციით სცადოს... როგორც იცით, მათ ასეთი თვალთმაქცური რეფერენდუმების ორგანიზება ყირიმში, ლუჰანსკში, დონეცკში და სხვა ადგილებში შეძლეს.“
ელჩ კარპენტერის თქმით, ზუსტად ისე, როგორც კრემლმა „ეს ვითომ სახელმწიფოები, ე.წ. 'დონეცკის სახალხო რესპუბლიკა' და 'ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკა' შეაკოწიწა", შეერთებული შტატები ფიქრობს, რომ შესაძლოა, რუსეთი ხერსონის ოლქში 'ხერსონის სახალხო რესპუბლიკის' მოწყობას ცდილობს.
„საერთაშორისო საზოგადოება,“ თქვა კარპენტერმა, „მათ შორის ეუთო, სადაც ელჩად ვმუშაობ, ძალიან ნათლად გამოხატავდა, რომ არც ასეთი რეფერენდუმი, ასეთი თვალთმაქცური რეფერენდუმი, გაყალბებული ხმები და არც უკრაინის დამატებითი ტერიტორიის ანექსიის ნებისმიერი მცდელობა, ლეგიტიმურად არ განიხილება“.
ეუთო და სხვა მრავალმხრივი ფორუმები, განაცხადა ელჩმა კარპენტერმა, გააგრძელებენ რუსეთის ქმედებების მხილებას და მის დიპლომატიურ იზოლაციაში მოქცევას. ისინი იმუშავებენ იმაზე, რომ მთელ უკრაინაში გაჭირვებულმა მოსახლეობამ ჰუმანიტარული დახმარება მიიღოს და მოუწოდებენ, „დასრულდეს ეს არჩევანით დაწყებული საზარელი ომი, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს“.