პუტინის ომი უკრაინაში გაეროს ქარტიას შიგ გულში ურტყამს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაზე. ნიუ-იორკი, აშშ. 21 სექტემბერი, 2022 წ.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 77-ე სესიის წინაშე მდგომმა ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, მსოფლიოს ქვეყნებს მკაფიოდ მოუწოდა პატივი სცენ და მხარი დაუჭირონ იმ პრინციპებს და ფასეულობებს, რომლებიც საფუძვლად დაედო გაეროს დაფუძნებას.

იმ პრინციპებს შორის, რომლებიც გაეროს ქარტიაშია ამოტვიფრული, დასახელებულია „ძალადობის და ომის გამოყენების უარყოფა ქვეყნების დასაპყრობად, ან სისხლისღვრის გზით საზღვრების გაფართოება“ - განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

მან დამსწრე ქვეყნების წარმომადგენლებს მოუწოდა: „დავდგეთ გლობალურ პოლიტიკაში შიშის და ძალმომრეობის წინააღმდეგ; დავიცვათ მომცრო ქვეყნების სუვერენული უფლებები, რომლებიც დიდი სახელმწიფოების უფლებების თანაბარია; გავითავისოთ ელემენტარული პრინციპები, როგორიცაა გადაადგილების თავისუფლება, საერთაშორისო კანონმდებლობის პატივისცემა, შეიარაღების კონტროლი - იმის მიუხედავად, ვეთანხმებით თუ არა მათ“.

პრეზიდენტ ბაიდენის თქმით, გაეროს უშიშროების საბჭოს წევრმა „უსირცხვილოდ დაარღვია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დამფუძნებელი ქარტიის ფუნდამენტური პრინციპები“, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო.

SEE ALSO: რუსეთის ობსტრუქციის მიუხედავად, ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულება კვლავ მტკიცეა

„ეს ომი ძალიან მარტივად და მოკლედ რომ ითქვას, ემსახურება „უკრაინის სახელმწიფოს და მისი ხალხის არსებობის უფლების აღმოფხვრას“ - აღნიშნა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

მან დაგმო რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიერ რუსი მოქალაქეებისთვის გამოცხადებული „ნაწილობრივი“ სამხედრო მობილიზაცია, მისი „ღია მუქარა ევროპის წინააღმდეგ ბირთვული საფრთხეების თაობაზე“ და „[ბირთვული] ირაღის გაუვრცელებლობის დღის წესრიგით გათვალისწინებული ანგარიშვალდებულების უპასუხისმგებლო უგულვებელყოფა“.

ბაიდენმა შეაქო გაეროს გენერალურ ასამბლეაში მონაწილე 141 სახელმწიფო, რომელთაც დაგმეს რუსეთის ომი და თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინის უსაფრთხოების და ჰუმანიტარული დახმარების მიზნით, 25 მილიარდ დოლარზე მეტი თანხა გამოყო. მისი თქმით, „საქმეში ასევე ჩაერთნენ ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები მთელი მსოფლიოს მასშტაბით... დღეს, აქ წარმოდგენილმა 40-ზე მეტმა ქვეყანამ საკუთარი სახსრებიდან და მარაგიდან მილიარდობით დოლარის ოდენობის დახმარება მიაწოდა უკრაინას, რათა მან საკუთარი თავის დაცვა შეძლოს“.

„აქ მყოფი ნებისმიერი ჩვენგანი, რომელიც ერთგულია იმ პრინციპების და ფასეულობების, რომელთა დაცვის პირობაც ჩვენ, როგორც გაეროს წევრმა ქვეყნებმა დავდეთ, რეზოლუციის მიღებისას მტკიცე და შეუვალი უნდა იყოს. უკრაინას იგივე უფლებები აქვს, როგორიც ნებისმიერ სხვა სუვერენულ სახელმწიფოს. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით და სოლიდარობას ვუცხადებთ მას... რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. წერტილი“ - თქვა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

ბაიდენის თქმით, როგორც სხვებს, „შეერთებულ შტატებსაც სურს ამ ომის დასრულება იმ პირობებით, რომლებზეც ჩვენ ყველა შევთანხმდით - რომ ძალადობით სხვა ქვეყნის ტერიტორიის დაპყრობა არ შეიძლება... ამის მოწინააღმდეგე ერთადერთი ქვეყანა კი რუსეთია“.