რუსეთი კვლავ ესხმის თავს უკრაინის მშვიდობიან მოქალაქეებს

უკრაინელი ჯარისკაცის ანდრი კოზირის საფლავი სოფელ ჰროზაში, უკრაინა. როცა ჰროზის კაფეს რუსეთის რაკეტა მოხვდა, იქ ხალხი მის პანაშვიდზე იყო შეკრებილი. ინციდენტში სულ ცოტა, 51 ადამიანი დაიღუპა. 2023 წლის ოქტომბერი.

რუსეთის სასტიკი თავდასხმები უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე და მისი სამოქალაქო ინფრასტრუქტურის სამიზნეში ამოღება, უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი გახდა. და ეს იმის მიუხედავად ხდება, რომ მშვიდობიან მოსახლეობაზე იერიშების მიტანა ეწინააღმდეგება საერთაშორისო კანონმდებლობას და ომის დანაშაულშიც კი შეიძლება გადაიზარდოს.

5 ოქტომბერს, რუსეთმა სარაკეტო შეტევა განახორციელა უკრაინის ხარკივის რეგიონზე. მისი ერთ-ერთი სამიზნე იყო პატარა ქალაქი ჰროზა, სადაც სულ 330 მოსახლეა და მას არავითარი სტრატეგიული ღირებულება არ გააჩნია. ერთი რაკეტა ხალხით სავსე კაფეს მოხვდა, სადაც უკრაინელები დაკრძალვის შემდეგ შეიკრიბნენ. კაფეში სამძიმარზე მისული 32 ადამიანი დაიღუპა.

„რუსეთის აგრესიის შედეგად, მხოლოდ ერთ დილას, [ჰროზის] მოსახლეთა 15% იქნა მოკლული, განაცხადა რობერტ ვუდმა, საგანგებო პოლიტიკურ საქმეებში, შეერთებული შტატების საგანგებო წარმომადგენელმა გაეროში.

„იქ იყო ხალხი, ვინც გარდაცვლილის საგლოვად შეიკრიბა. მინდა, აქ ყველა ერთი წამით დაფიქრდეს და გაიაზროს ეს შემზარავი ფაქტი. ადამიანები, რომლებიც მათთვის საყვარელი ადამიანის საგლოვად მივიდნენ, ახლა თავად არიან საგლოვი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვერპლიანი დარტყმა, რომელიც რუსეთმა უკრაინაზე მიიტანა, გასულ წელს ქვეყანაში დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ“, თქვა მან.

SEE ALSO: მეტი სანქცია რუსეთს, უკრაინაში მიმდინარე ომში პასუხისმგებლობის გამო

ამის მიუხედავად, თავისი შოკისმომგვრელად თავხედი ქმედებით, რუსეთი, რომელიც უკრაინაში ჩადენილი ქმედებების გამო, 2022 წლის აპრილში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან კენჭისყრის საფუძველზე გააძევეს, კვლავ შეეცადა დაებრუნებინა ადგილი ამ ორგანოში, როგორც აღმოსავლეთ ევროპის ორი წარმომადგენელიდან ერთ-ერთს.

რუსეთმა კენჭისყრა წააგო. მაგრამ, რობერტ ვუდის თქმით, ცინიზმის ამგვარი მასშტაბი მაინც გამაოგნებელია.

„გასული წლის აპრილში, უფლებამოსილების შეჩერების შემდეგ, რუსეთს შეეძლო შეეწყვიტა ადამიანის უფლებების აშკარა უგულებელყოფა. სანაცვლოდ, მან [ჩადენილი ქმედებების] გაორმაგება არჩია. მის მიერ ბრალის უარყოფის და სხვაზე გადატანის მცდელობის მიუხედავად, ნება მიბოძეთ მკაფიოდ განვაცხადო: სწორედ რუსეთის ქმედებებია ის, რაც მას ადამიანის უფლებათა საბჭოში მუშაობისთვის შეუფერებელს ხდის“ - აღნიშნავს გაეროში შეერთებული შტატების წარმომადგენელი.

„კიდევ რა დამატებითი მტკიცებულება ესაჭიროება საერთაშორისო საზოგადოებას? უკრაინაში მასშტაბურად დაღუპულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. ყოველდღე ნახულობენ ახალ, ენით აღუწერელ საშინელებებს. ბავშვები ყოველდღიურად განიცდიან მძიმე ტკივილს და ტანჯვას, მათ შორის - ოჯახებიდან დაშორების შემდეგ. ყოველდღე ღრმავდება ჰუმანიტარული კრიზისი. ყოველ დღეს უკრაინისთვის ქაოსი მოაქვს, როცა რუსეთის რაკეტები და უპილოტო თვითმფრინავები მათ უკან ტოვებენ უაზრო სიკვდილის და ნგრევის კვალს“, აცხადებს რობერტ ვუდი.

„შეერთებული შტატები კვლავ მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს სასტიკი თავდასხმები უკრაინაზე და გაიყვანოს თავისი ძალები უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიიდან“, განაცხადა ამერიკის ელჩმა და დასძინა: ”მხოლოდ რუსეთს შესწევს იმის ძალა, რომ დაასრულოს ომი, რომელიც მან ასე დაუნდობლად წამოიწყო“.