შეერთებული შტატები აფართოებს იმ ეკონომიკური ზომების მასშტაბს, რომლებიც მან რუსეთს უკრაინაზე თავდასხმის გამო დაუწესა. მარტის შუა რიცხვებში პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეწყვეტს რუსეთიდან წიაღისეული საწვავის და მისგან დამზადებული პროდუქტების იმპორტირებას.
ნავთობი და გაზი რუსეთის ექსპორტის 63%-ს შეადგენს, რაც ქვეყნის ფედერალური შემოსავლების 40%-ს უტოლდება. ქვანახშირი რუსეთის შემოსავლებში სიდიდით მეხუთეა.
ამდენად, „შეერთებული შტატები სამიზნეში რუსეთის ეკონომიკის მთავარ არტერიას იღებს“ - განაცხადა ბაიდენმა.
პრეზიდენტის თქმით, ამერიკა კრძალავს „რუსული ნავთობის, გაზის და ენერგიის ყოველგვარ იმპორტს. ეს ნიშნავს, რომ რუსული ნავთობი დაუშვებელია შეერთებული შტატების პორტებში და ამერიკელი ხალხი პუტინის ომის მანქანას კიდევ ერთ ძლიერ დარტყმას აყენებს“.
SEE ALSO: რუსული პროვოკაციის შედეგები8 მარტს პრეზიდენტმა ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომლის საფუძველზეც რუსეთიდან შეერთებულ შტატებში აიკრძალა შემდეგი პროდუქტების იმპორტი: გადაუმუშავებელი ნავთობის და ზოგიერთი ნავთობპროდუქტის, ასევე გათხევადებული ბუნებრივი აირის და ქვანახშირის. ამით კრემლს მილიარდობით დოლარის შემოსავალი მოაკლდება.
საპრეზიდენტო განკარგულება ასევე კრძალავს შეერთებული შტატების ინვესტიციებს რუსეთის ენერგოსექტორში. ამ გზით იმის უზრუნველყოფა ხდება, რომ ამერიკულმა კომპანიებმა და ამერიკელმა ინვესტორებმა არ დააფინანსონ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მცდელობა, გაზარდოს ენერგიის წარმოება ქვეყნის შიგნით.
პრეზიდენტ ბაიდენის თქმით, შეერთებულ შტატებს ამ გადაწყვეტილების მიღებისკენ ნაბიჯი მარტო არ გადაუდგამს.
„ჩვენ ეს გადაწყვეტილება მთელი მსოფლიოს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მჭიდრო კონსულტაციების შემდეგ მივიღეთ, კერძოდ - ევროპასთან ერთად... პუტინის აგრესიაზე ერთიანი პასუხი ჩემი ყურადღების ცენტრში იყო და სხვა საკითხებზე დომინირებდა, რათა ნატოს და ევროკავშირის ყველა წევრი, თუ ჩვენი მოკავშირე, ბოლომდე ერთიანი ყოფილიყო“ - აცხადებს ამერიკის პრეზიდენტი.
ბაიდენის თქმით, „შეერთებული შტატები ადგილობრივად გაცილებით მეტ ნავთობს აწარმოებს, ვიდრე ერთად აღებული მთელი ევროპის ქვეყნები... ასე რომ, ჩვენ გვაქვს ამ ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობა, სხვებს კი - არა“.
გასულ წელს, ევროპის კავშირში იმპორტირებული ბუნებრივი აირის 45% რუსეთიდან მოდიოდა. იმავე დღეს, როცა პრეზიდენტმა ბაიდენმა რუსეთის წიაღისეული საწვავის იმპორტი აკრძალა, ევროკავშირმა განცხადება საკუთარი გეგმის შესახებ გააკეთა, რომელიც რუსული გაზის შესყიდვას ამ წლის ბოლომდე 2/3-ით შეამცირებს.
“ჩვენ ასევე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ევროპასთან და ჩვენს პარტნიორებთან ერთად, გრძელვადიანი სტრატეგიის განვითარებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს რუსულ ენერგიაზე მათი დამოკიდებულების შემცირებას“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
ბაიდენის თქმით, „ამერიკელები გაერთიანდნენ... უკრაინელი ხალხის გარშემო და ცხადი გახადეს ის, რომ ჩვენ არ გავხდებით პუტინის ომის სუბსიდირების ხელშემწყობი ქვეყანა“.