Accessibility links

Breaking News

აშშ-ის მთავრობის პოზიცია

ოქტომბერში, თეთრმა სახლმა განცხადება ისტორიული გადაწყვეტილების თაობაზე გააკეთა. განცხადების მიხედვით, დიდი შვიდეულის (მოწინავე ეკონომიკის მქონე დემოკრატიულ სახელმწიფოთა ჯგუფის) სხვა წევრებთან ერთად, შეერთებული შტატები უკრაინას სესხის სახით, $50 მილიარდს გამოუყოფს. თანხას მოკავშირეები რუსეთისთვის ჩამორთმეული აქტივებიდან მიღებული მოგებით დააფინანსებენ.

მას შემდეგ, რაც 2022 წელს, რუსეთი მეზობელ უკრაინაში შეიჭრა და იქ სრულმასშტაბიანი ომი გააჩაღა, ამერიკამ და მისმა მოკავშირეებმა რუსეთს დაახლოებით $260 მილიარდი დოლარის აქტივები გაუყინეს. ისინი ამ ჩამორთმეული აქტივებიდან მიღებულ მოგებას, უკრაინისთვის გაცემული კრედიტის დასაზღვევად გამოიყენებენ.

დალიპ სინგჰმა, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლის მოადგილემ, რომელიც საერთაშორისო ეკონომიკურ მიმართულებას კურირებს, ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე შემდეგი განცხადება გააკეთა: „ახლა, როცა უკრაინა ომის მესამე ზამთრისთვის ემზადება, ის მიიღებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ეკონომიკურ დახმარებას. დიდი შვიდეულის შეთანხმება სწრაფ სარგებელს მოუტანს უკრაინას, რათა მან ბოლო საბიუჯეტო დანაკლისი შეავსოს, შეინარჩუნოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა და დააფინანსოს საკუთარი თავდაცვა”.

სინგჰის თქმით, “ეს ნაბიჯი იმის დემონსტრაციაა, თუ როგორ ერთიორად აძლიერებს მულტილატერალიზმი საგარეო პოლიტიკაში წარმოდგენილ ძალებს. ვერცერთი ქვეყანა ვერ შეძლებდა ამ გარიგების დამოუკიდებლად დასრულებას. ახლა კი, დიდი შვიდეულის ყველა ქვეყანა მონაწილეობს ამ სესხის გაცემაში. ყველა ერთად ვაგზავნით ერთობლივ სიგნალს, რომ მსოფლიოს წამყვანი დემოკრატიული ქვეყნები არ დაიღლებიან უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლის საქმეში, მისთვის ზურგის გამაგრებით”.

აღნიშნული შეთანხმება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ “პუტინისთვისაც უტყუარი სიგნალია” იმისა, რომ “დრო მის სასარგებლოდ არ მუშაობს”, - აღნიშნავს თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილე.

„ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც შეერთებულმა შტატებმა დიდ შვიდეულს რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვისკენ უბიძგა, რაც 2022 წელს, პუტინის მიერ ომის დაწყებიდან, სულ რაღაც ორ დღეში მოხდა, იყო მოულოდნელობით განპირობებული ქმედების სიმწვავე და ერთიანობიდან გამომდინარე, მისი სიმძიმე, რაც ჩვენ კარგად მოგვეხსენებოდა. ჩვენ გვწამდა, რომ ჩვენს კოლექტიურ გადაწყვეტილებას შეიძლება შეეცვალა პუტინის გაანგარიშება, ამ უაზრო ომის გაგრძელების ხარჯებთან დაკავშირებით. გასულ კვირას გამოცხადებული გარიგება, რომლის საფუძველზეც, ჩვენ მიერ, ორი წლის წინ გაყინული რუსეთის აქტივებიდან $50 მილიარდი დოლარი გამოთავისუფლდება, იმის დემონსტრაციაა, რომ ეს ხარჯები გაგრძელდება მანამ, სანამ ომი მიმდინარეობს”, - აცხადებს დალიპ სინგჰი.

შეერთებული შტატების წილი აღნიშნულ სესხში $20 მილიარდს შეადგენს. უკრაინა დამატებით $30 მილიარდს სხვა ქვეყნებისგან, მათ შორის ევროკავშირიდან, ბრიტანეთიდან, კანადიდან და იაპონიიდან მიიღებს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადება ამბობს: „ეს სესხები უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერადაა, რომელიც საკუთარ ქვეყანას იცავს და აღადგენს. ჩვენი ძალისხმევა ცხადყოფს: ტირანები პასუხს აგებენ მათ მიერ მიყენებულ ზარალზე”.

რუსი ჯარისკაცები უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში. 17 ოქტომბერი, 2024 წ.
რუსი ჯარისკაცები უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში. 17 ოქტომბერი, 2024 წ.

ომის უკვე მესამე ზამთრის პირზე, რუსეთი უკრაინაში აგრძელებს და ამასთან ერთად, მართლაც რომ ამძაფრებს სასტიკ თავდასხმებს მის მშვიდობიან მოსახლეობაზე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.

”ულმობელი ძალადობის გზით, რუსეთი ანგრევს უკრაინის ინფრასტრუქტურას, ხოცავს უამრავ მშვიდობიან მოქალაქეს, მილიონობით ადამიანს სახლ-კარის დატოვებას აიძულებს და საშიშროების ქვეშ აყენებს როგორც გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას, ისე - ევროპის ენერგომომარაგებას,” - განაცხადა რობერტ ვუდმა, გაეროში შეერთებული შტატების ალტერნატიულმა წარმომადგენელმა სპეციალურ პოლიტიკურ საკითხებში. ”ახლა კი, უკრაინის დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების დამხობის მცდელობაში დამარცხების შემდეგ, რუსეთი კონფლიქტის გაფართოებას ცდილობს“, - აღნიშნა მან.

რობერტ ვუდის განცხადებით, შეერთებული შტატები გაეცნო ცნობებს იმის თაობაზე, რომ “ჩრდილოეთ კორეის სახალხო დემოკრატიულმა რესპუბლიკამ უკრაინაში რუსეთის მხარეს საბრძოლველად ძალები გააგზავნა და იქ ჩასაყვანად კიდევ დამატებით ძალებს ამზადებს”. ვუდი ამბობს, რომ “თუკი რუსეთი ჩრდილოეთ კორეას ადამიანური რესურსით დასახმარებლად მართლაც მიმართავს, მაშინ ეს კრემლის მხრიდან სასოწარკვეთილების ნიშანია”.

გაეროში შეერთებული შტატების ალტერნატიული წარმომადგენლის აზრით, “ვინაიდან რუსეთს არ ძალუძს, საკუთარი აგრესიის დახმარების გარეშე გაგრძელება, ეს იმას ნიშნავს, რომ ომი დასრულდება, თუკი ირანი და ჩრდილოეთ კორეა შეწყვეტენ მისთვის სამხედრო დახმარების გაწევას და თუ ჩინეთი შეწყვეტს [მოსკოვისთვის] ორმაგი დანიშნულების მქონე საომარი კომპონენტების გადაცემას“. ვუდი ასევე ხაზს უსვამს, რომ „ეს პარტნიორობები ამწვავებს მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის შექმნილ რისკებს, რომელთა მასშტაბიც უკრაინის ფარგლებს სცდება და საშიშროებას უქმნის არამარტო ევროპის, არამედ - ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონს, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკას”.

„მოსკოვი ცდილობდა უკრაინიდან სურსათის ექსპორტის ჩაშლას მიწოდების ჯაჭვის ყველა რგოლში, იქნებოდა ეს თავად სურსათის განადგურება, თუ მისი წარმოებისა და გადაზიდვის საშუალებების მოსპობა“, - თქვა მან და დასძინა: „პუტინმა იცის, რომ ამგვარმა ქმედებებმა გლობალური შიმშილის გაღრმავება გამოიწვია, მაგრამ მას ეს არ ანაღვლებს”.

ვუდი აცხადებს, რომ რუსეთი სურსათის ბაზარზე უკრაინის ჩანაცვლებას ცდილობს და ამისთვის “კრემლი ცინიკურად იყენებს მის მიერვე გამოწვეულ სასურსათო დაუცველობას, აიძულებს რა აფრიკის ისედაც მყიფე პოზიციების მქონე ქვეყნებს, რუსეთზე დამოკიდებულები გახდნენ, რუსეთს მიმართონ, როგორც სურსათის მიმწოდებელ წყაროს”.

„თუკი რუსეთს შეუძლია დაუსჯელად იმოქმედოს, როცა გადაწყვეტს, რომ მეორე ქვეყანა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი ‘არ არის ნამდვილი სახელმწიფო’, რომ არც მისი ხალხია ნამდვილი ერი, მაშინ რაღა აზრი აქვს გაეროს წესდებას და ჩვენს სხვა, კიდევ უფრო მნიშვნელოვან პრინციპებს? რა პრეცედენტს უქმნის ეს რუსეთს, ან სხვა ექსპანსიონისტ ძალებს, რომელთაც თვალი უჭირავთ მცირე ზომის, ან ნაკლებად განვითარებულ მეზობლებზე”? - კითხულობს ვუდი.

გაეროში შეერთებული შტატების ალტერნატიული წარმომადგენლის თქმით, „უსამართლო მშვიდობა შეარყევს საერთაშორისო სამართლის სიძლიერეს, დააზიანებს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფოთა დამოუკიდებლობის პატივისცემის ფუნდამენტურ პრინციპებს საერთაშორისო სისტემაში. უსამართლო მშვიდობა შემდგომ კონფლიქტს გამოიწვევს. უსამართლო მშვიდობა საერთოდ არ იქნება მშვიდობა“.

„რუსეთს არ შეიძლება მიეცეს უკრაინის ნაწილის ანექსიის უფლება და არც უკრაინას უნდა უთხრან, რომ შეწყვიტოს საკუთარი ტერიტორიის დაცვა. ეს გაცილებით დიდი საფრთხეა გლობალური სტაბილურობისა და ყველაფერ იმისთვის, რისი დაცვაც ამ ინსტიტუტის [გაეროს] ვალდებულებაა“, - აცხადებს რობერტ ვუდი.

Load more

XS
SM
MD
LG