Accessibility links

Breaking News

აშშ-ის მთავრობის პოზიცია

საპროტესტო აქცია თბილისში, რომელზეც ე.წ. "უცხოეთის აგენტების" კანონს აპროტესტებენ. საქართველო, 28 მაისი, 2024 წ.
საპროტესტო აქცია თბილისში, რომელზეც ე.წ. "უცხოეთის აგენტების" კანონს აპროტესტებენ. საქართველო, 28 მაისი, 2024 წ.

საქართველოს პარლამენტმა, რომელშიც უმრავლესობას პარტია „ქართული ოცნება“ ფლობს, მიმდინარე წლის 28 მაისს მიიღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, რომლებიც დაფინანსების მინიმუმ 20 პროცენტს საზღვარგარეთიდან იღებენ, კანონი სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას ითხოვს. მათ ასევე უნდა განაცხადონ, რომ „უცხო სახელმწიფოს ინტერესებს ატარებენ“.

განხილვის დღეებში, კანონმა, რომელსაც ბევრი საქართველოში “რუსულ კანონს” უწოდებს, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, უდიდესი საპროტესტო ტალღა გამოიწვია. ხელისუფლებამ ამ პროტესტს არაპროპორციული, გადაჭარბებული ძალით უპასუხა.

მაშინ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა იმ პირებს, ვინც საქართველოს დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობაში მონაწილეობდა.

16 სექტემბერს კი, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა და ხაზინამ სანქციები დაუწესა საქართველოს მთავრობის კიდევ ორ თანამდებობის პირს. მათ სანქციები “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონის წინააღმდეგ გამართულ, მშვიდობიან საპროტესტო გამოსვლებზე ძალადობრივი რეაგირებისას, ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებში მონაწილეობის გამო დაუწესდათ. ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევებისთვის სანქციებში ასევე მოყვა ძალადობრივი ექსტრემისტული ჯგუფის ორი ლიდერი.

ზვიად “ხარება” ხარაზიშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორია. საპროტესტო აქციების დროს, ის და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური ზედამხედველობდნენ ქვედანაყოფებს, რომლებმაც ძალადობრივად ამოიღეს სამიზნეში საქართველოს მოქალაქეები, პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერები, ჟურნალისტები და ახალგაზრდა აქტივისტები, რომლებიც მშვიდობიანად გამოხატავდნენ საკუთარ მოსაზრებებს.

კონსტანტინე მორგოშია მედიაკომპანია “ალტ-ინფოს” დამფუძნებელია, რომელიც მან დეზინფორმაციის გასაძლიერებლად და მარგინალიზებული ჯგუფების წინააღმდეგ მუქარისა და სიძულვილის ენის გასავრცელებლად გამოიყენა. 2021 წლის ივლისში და 2023 წელს, მან მოუწოდა ძალადობრივი თავდასხმისკენ მარგინალიზებულ თემთა წარმომადგენლების წინააღმდეგ, რომლებიც მშვიდობიანად იყენებდნენ გამოხატვისა და შეკრების ფუნდამენტურ თავისუფლებებს. ის წინ უძღოდა ასობით მიმდევარს, როცა ისინი არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებში შეჭრნენ, ან თავს ესხმოდნენ შემთხვევის ადგილზე მყოფ ჟურნალისტებსა და პოლიციის ოფიცრებს.

ზურაბ მახარაძეც “ალტ-ინფოსთან” ასოცირებული მედია-პერსონაა. ის ინტერნეტით უშუალოდ მოუწოდებდა და ახალისებდა ძალადობას უმცირესობათა ჯგუფებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ, მარგინალიზებულ თემებზე მომხდარი ძალადობრივი თავდასხმების წინ. ის ეხმარებოდა 2021 და 2023 წლებში მომხდარი, ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო ძალადობის ფაქტების ორგანიზებას, მართვასა და ამისთვის სახსრების მოძიებას.

ოთხივე სანქცირებულია 13818-ე აღმასრულებელი განკარგულებით, რომელიც მთელ მსოფლიოში სამიზნეში იღებს ადამიანის უფლებების სერიოზულ დამრღვევებს და კორუფციაში მონაწილე დამნაშავეებს.

„დღევანდელი ქმედება ხაზს უსვამს ჩვენს შეშფოთებას, საქართველოში ანტიდემოკრატიული ქმედებების შედეგებისა და მთავარი მოქმედი პირების მცდელობათა მიმართ, გამოიყენონ ძალადობა და დაშინება თავიანთი მიზნების მისაღწევად“, - განაცხადა ბრედლი სმითმა, ტერორიზმისა და ფინანსური დაზვერვის საკითხებში ხაზინის მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა. „შეერთებული შტატები კვლავაც ერთგულია მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრებისადმი, ვინც ქართველი ხალხის უფლებების შელახვას ცდილობს”.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი (მარჯვნივ) და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლემი
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი (მარჯვნივ) და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლემი

ლონდონში ცოტა ხნის წინ გამართული ვიზიტის განმავლობაში, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ დევიდ ლემის შეხვდა. მათ ორივე ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე იმსჯელეს.

მათ შორის წამყვანი უკრაინის მხარდაჭერაა, განაცხადა ბლინკენმა.

„ჩვენ ერთად ვმუშაობთ, რათა დავრწმუნდეთ იმაში, რომ უკრაინას შეუძლია საკუთარი ტერიტორიის მიმდინარე აგრესიისგან დაცვა, რომ ის შეძლებს მტკიცედ დადგეს ფეხზე, სამხედრო თვალსაზრისით იქნება ეს, ეკონომიკურად, თუ დემოკრატიულად და რომ დარჩეს იმ კურსზე, რომელიც უკრაინელ ხალხს ასე ძალიან სურს - უფრო მჭიდრო ინტეგრაცია ევროპასთან, ტრანსატლანტიკურ ინსტიტუტებთან“.

ბრიტანელ კოლეგასთან ერთად, ბლინკენმა ასევე განიხილა ორი ქვეყნის ერთობლივი ძალისხმევა ტაივანის სრუტეში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ნაოსნობისა და ფრენის თავისუფლების საკითხებში.

„ორივე ჩვენგანისთვის აუცილებელია მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, სტატუს-კვოს შენარჩუნება... ეს არსებითია არა მხოლოდ ჩვენთვის, ეს კვლავ მნიშვნელოვანია მსოფლიოს ქვეყნებისთვის“, - თქვა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა.

უკრაინის წინააღმდეგ ომის საწარმოებლად, პუტინი იარაღს იძენს ირანიდან და კორეის სახალხო რესპუბლიკიდან, რაც აშკარად არღვევს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, განაცხადა მან.

ბლინკენის თქმით, „თეირანი დიდი ხანია [რუსეთს] მომაკვდინებელი დრონებით ამარაგებს, რუსეთში დრონების საწარმო ააშენა, გაწვრთნა რუსი პერსონალი და ასწავლა მათი მართვა. გარკვეული ხნის მანძილზე, შეერთებული შტატები აფრთხილებდა დამატებით რისკებზე - ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდებაზე, მათი უკრაინაში გამოყენების მიზნით... რუსეთმა ახლა უკვე მიიღო ბალისტიკური რაკეტების ტვირთი და სავარაუდოდ, მათ უკრაინელების წინააღმდეგ მომდევნო კვირებში გამოიყენებს“.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ასევე აცხადებს, რომ რუსეთი ირანს უზიარებს ტექნოლოგიას, რომელიც მას სჭირდება, მათ შორის ბირთვული მიმართულებით, ისევე როგორც კოსმოსის სფეროში. ბლინკენი შიშობს, რომ ამან შესაძლოა "მნიშვნელოვანი ეკონომიკური შედეგები მოუტანოს თეირანს, მისი შემდგომი ქმედებებისთვის".

რაც შეეხება ისრაელსა და ღაზის სექტორში განვითარებულ მოვლენებს, ორივე ლიდერმა განიხილა ზომები, ახლო აღმოსავლეთში კრიზისის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად. „ჩვენი ქვეყნები დაეხმარნენ ისრაელს რამდენიმე თვის წინ, ირანის უპრეცედენტო თავდასხმისგან თავდაცვაში. ჩვენ მზად ვართ ვიმოქმედოთ ერთად, რათა დავეხმაროთ ისრაელს მომავალში თავის დაცვაში“, - თქვა ბლინკენმა და დასძინა: „ჩვენ თანაბრად ერთგულნი ვართ იმის, რომ რაც შეიძლება მალე დავასრულოთ კონფლიქტი ღაზაში“.

შეერთებული შტატები მადლიერია, რომ გაერთიანებული სამეფოს სახით, ჰყავს ძლიერი პარტნიორი, რომელიც თვალს უსწორებს ტრანსატლანტიკური საზოგადოების წინაშე მდგარ გადაუდებელ გამოწვევებს.

Load more

XS
SM
MD
LG