
21 იანვარს მარკო რუბიომ ფიცი საზეიმოდ დადო და მუშაობას შეერთებული შტატების 72-ე სახელმწიფო მდივნად შეუდგა.
ცოტა ხნით ადრე, მის ამ პოსტზე დასამტკიცებლად გამართულ მოსმენაზე, მომავალმა სახელმწიფო მდივანმა ამერიკელ სენატორებს შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაზე საკუთარი ხედვა გააცნო.
რუბიოს თქმით, ცივი ომის დასასრულს შეიქმნა არასწორი კონსენსუსი, თითქოს ამერიკის ეროვნული ინტერესების ჩანაცვლება შესაძლებელი იყო ისეთით, რომელიც ლიბერალურ მსოფლიო წესრიგს ემსახურებოდა.
„ეს მხოლოდ ფანტაზია არ გახლდათ. ახლა ჩვენ ვიცით, რომ ეს იყო სახიფათო ილუზია”, - განაცხადა რუბიომ სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე.
მისი თქმით, შეერთებული შტატების სამრეწველო შესაძლებლობა ჩამოიშალა; მომარაგების კრიტიკულმა ჯაჭვებმა მოწინააღმდეგეთა ხელში გადაინაცვლა; მასობრივმა მიგრაციამ საფრთხე შეუქმნა საზოგადოებათა და მთავრობათა სტაბილურობას. რუბიოს განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატები ”ძალიან ხშირად გლობალურ წესრიგს უფრო მაღლა აყენებდა, ვიდრე ჩვენს მთავარ ეროვნულ ინტერესებს, სხვა ერები... მანიპულირებდნენ ამით, რათა ეს ჩვენი ინტერესების ხარჯზე, საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ გამოეყენებინათ”.
”ჩვენ მივესალმეთ ჩინეთის კომუნისტურ პარტიას გლობალურ დღის წესრიგში და მათ ისარგებლეს რა ყველა მისი უპირატესობით, უგულებელყვეს ყველა მისი ვალდებულება და პასუხისმგებლობა,” - განაცხადა რუბიომ. „ნარკოტერორისტები, დიქტატორები და დესპოტები სარგებლობენ გახსნილი საზღვრებით, რათა ხელი შეუწყონ ქალებითა და ბავშვებით ვაჭრობისკენ მიმართულ მასობრივ მიგრაციას და ჩვენი საზოგადოების დატბორვას მომაკვდინებელი “ფენტანილითა” და ძალადობრივი დამნაშავეებით. დიქტატორები მოსკოვში, თეირანში, ფხენიანში - თაღლით სახელმწიფოებში - ახლა ქაოსსა და არასტაბილურობას თესავენ... და შემდეგ კი იმალებიან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლების, ან ბირთვული ომის მუქარების უკან”.
რუბიოს თქმით, იმისთვის, რომ ამჟამინდელ გეოპოლიტიკურ არასტაბილურობას გავუმკლავდეთ, საჭიროა ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც „ძლიერი და თავდაჯერებულია... რომელიც ჩართულია მსოფლიოს საერთაშორისო ურთიერთობებში და რომელიც კიდევ ერთხელ, ჩვენს მთავარ ეროვნულ ინტერესებს ყველაფერზე მაღლა აყენებს“.
დღეს უკვე შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ აღნიშნა, რომ „ამერიკის სიძლიერე ჩვენი მოწინააღმდეგეებისთვის შემაკავებელი იყო და რომ ამან დიპლომატიაში ბერკეტები მოგვცა“.
“ახლა კი, ტრაგიკულად,” - აცხადებს ის, ”შემაძრწუნებელი სისასტიკით ჩადენილ დანაშაულსა და წარმოუდგენელ ადამიანურ ტანჯვას პრაქტიკულად ყველა კონტინენტზე შეხვდებით”. რუბიოს თქმით, იმის გამო, რომ შეერთებული შტატები დაფუძნდა „რევოლუციურ ჭეშმარიტებაზე“, რომ ყველა ადამიანი თანაბრადაა შექმნილი და მათ ღვთით მინიჭებული უფლებები აქვთ, „ჩვენ არასდროს ვიქნებით გულგრილნი ჩვენი თანამემამულეების ტანჯვის მიმართ“. ამ ყველაფრის ფონზე, “საბოლოო ჯამში, პრეზიდენტ ტრამპის მმართველობის დროს, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარი პრიორიტეტი იქნება შეერთებული შტატები”, - აცხადებს ის.
”ბოლოს და ბოლოს,” განაცხადა რუბიომ, ”როგორ შეძლებს ამერიკა დედამიწაზე მშვიდობის დამყარების ხელშეწყობას, თუკი ის შინ თავად არ იქნა უსაფრთხოდ? რა სარგებლობას მოუტანს ამერიკა ჩვენს მოკავშირეებს, თუკი ის თვითონ არ იქნება ძლიერი? და როგორ შეძლებს ამერიკა ღვთის შვილთა ტანჯვის დასრულებას მთელ მსოფლიოში, თუკი ის საკუთარ სახლში არ იქნა აყვავებული”?