Accessibility links

Breaking News

აშშ-ის მთავრობის პოზიცია

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ფხენიანში ვიზიტის დროს ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან ერთად რუსულ ლიმუზინს "აურუსს" ატარებს. 19 ივნისი, 2024წ.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ფხენიანში ვიზიტის დროს ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან ერთად რუსულ ლიმუზინს "აურუსს" ატარებს. 19 ივნისი, 2024წ.

კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკაზე (ჩრდილოეთ კორეაზე) გაეროს სანქციების დანერგვასთან დაკავშირებით, ბოლო 15 წლის განმავლობაში, 1718-ე რეზოლუციის კომიტეტის ექსპერტთა პანელი ამზადებდა და აწვდიდა გაეროს, ფაქტებზე დამყარებულ, დამოუკიდებელ ანალიზსა და რეკომენდაციებს. მასზე დაფუძნებით, გაეროს უშიშროების საბჭო ყოველწლიურად აგრძელებდა კომიტეტის მანდატს და ეს გრძელდებოდა 28 მარტამდე, ვიდრე მანდატის განახლებას რუსეთმა ვეტო არ დაადო.

ეს იყო მომაბეზრებელი ქცევა, მაგრამ არა - გასაკვირი, ეს გახლდათ მოკავშირისთვის განსაზღვრული სიკეთე. ჩრდილოეთ კორეა 2022 წლის ბოლოდან აწვდის რუსეთს შეიარაღებას უკრაინის წინააღმდეგ სისასტიკით გამორჩეული ომისთვის, თქვა გაეროში შეერთებული შტატების მუდმივმა წარმომადგენელმა ლინდა თომას გრინფილდმა. მისი განმარტებით, ”მანდატის განახლებაზე ვეტოს დადებით რუსეთი ცდილობდა... მსოფლიოსგან დაემალა სიმართლე ჩრდილოეთ კორეის სახიფათო ქმედებებზე და მასში რუსეთის თანამონაწილეობის თაობაზე”.

მართლაც, „ჩრდილოეთმა კორეამ რუსეთს დღემდე 20 000-ზე მეტი საბრძოლო მასალით დატვირთული კონტეინერი გაუგზავნა, რომელიც შეიცავდა მინიმუმ 6 მილიონ მძიმე საარტილერიო ჭურვს და 100-ზე მეტ ბალისტიკურ რაკეტას“, - განაცხადა გრინფილდმა.

მისი თქმით, “შემდგომში ეს რაკეტები უკრაინის მიმართულებით ისროლეს, დააზიანეს რა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და მის მახლობლად განლაგებული დასახლებული ტერიტორიები, მათ შორის - კიევი და ზაპორიჟია”.

სულ ახლახან, რუსეთმა „ ჩრდილოეთ კორეას კიდევ მიმართა და მას არამარტო საბრძოლო მასალა, არამედ ცოცხალი ძალაც სთხოვა, რათა უკრაინის წინააღმდეგ თავისი აგრესიული ომი გაეგრძელებინა, - თქვა ამერიკის ელჩმა. რუსეთმა უკრაინაში 11 000-ზე მეტი ადამიანისგან შემდგარი ჩრდილოეთ კორეის ელიტარული სპეცრაზმის შემადგენლობა განათავსა.

გრინფილდი აღნიშნავს, რომ “ეს ცალმხრივი მოძრაობა არ იყო. რაც უფრო მეტად ეყრდნობა რუსეთი კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მხარდაჭერას, მით მეტს იღებს სანაცვლოდ ჩრდილოეთ კორეაც, რაც აღრმავებს საფრთხეებს მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში”.

„ბოლო თვეების განმავლობაში, რუსეთმა ჩრდილოეთ კორეის საჯარისო ქვედანაყოფები საარტილერიო აღჭურვილობისა და უპილოტო საფრენი აპარატების მართვაში გაწვრთნა, ჩაუტარა მათ ვარჯიშები ქვეითთა საბაზისო ოპერაციებში, სანგრების გაწმენდის ჩათვლით, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები საფრონტო ოპერაციებში იღებენ მონაწილეობას და უშუალოდ მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში უკრაინის წინააღმდეგ”, - განაცხადა შეერთებული შტატების ელჩმა გაეროში.

გრინფილდის თქმით, შემაშფოთებელია ის ფაქტიც, რომ მათი შეფასებით, “რუსეთი შესაძლოა ახლოს იყოს ჩრდილოეთ კორეის ბირთვული იარაღის პროგრამის მიღებასთან, რაც ცვლის მოსკოვის ათწლეულების წინ აღებულ ვალდებულებას, კორეის ნახევარკუნძულის ბირთვულ განიარაღებასთან დაკავშირებით”.

„ჩვენი ღრმა რწმენით, მოსკოვი კიდევ უფრო შეიკავებს თავს არა მხოლოდ ფხენიანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის კრიტიკისგან, არამედ კიდევ უფრო მეტად დააბრკოლებს სანქციების ან რეზოლუციების მიღებას, რომელიც დაგმობს ჩრდილოეთ კორეის დესტაბილიზაციას, რაშიც უკვე დავრწმუნდით კიდეც”, - აცხადებს ელჩი და დასძენს:

“შეერთებული შტატები კვლავ მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს სამხედრო თანამშრომლობა კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკასთან, დაასრულოს უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ეს უაზრო აგრესიის ომი და დაუყოვნებლივ გაიყვანოს საკუთარი ძალები უკრაინის ტერიტორიიდან, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს გარეთ“.

სირიაში ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლების დაცემაში დიდი როლი ითამაშა მოკავშირეთა დახმარების ნაკლებობამ, რომლებიც მის რეჟიმს აქტიურად უჭერდნენ მხარს და ასადს ხელისუფლების შენარჩუნებაში ათწლეულების განმავლობაში ეხმარებოდნენ. ესენია: რუსეთი, ირანი და "ჰეზბოლა".

მაშინ, როცა ისლამისტმა ამბოხებულებმა სირიის ქალაქები ერთმანეთის მიყოლებით აიღეს, ასადის მხარდამჭერები მის დასახმარებლად ვეღარ გაეშურნენ, რადგან ან სხვა მიზანზე იყვნენ ფოკუსირებულები, ან ძალზე დასუსტდნენ: რუსეთი - უკრაინის ომით, “ჰეზბოლა” და ირანი კი - ისრაელის თავდაცვითი ქმედებების მოგერიებით, რომელსაც ზურგს შეერთებული შტატებისა და სხვა მოკავშირეების მხარდაჭერა უმაგრებს, რაც თან მოჰყვა ისრაელის წინააღმდეგ ირანისა და “ჰეზბოლას” იერიშების გაფართოების მცდელობას.

ახლო აღმოსავლეთი მნიშვნელოვნად შეიცვალა, აღნიშნა “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში ჯონ კირბიმ, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა.

მისი თქმით, „როცა ირანი იღვიძებს და რეგიონს გადახედავს, ის განსხვავებულია და მათი წინააღმდეგობის ღერძი ბევრგან, ბევრგანაა გადატეხილი... და ისინიც დასუსტდნენ საჰაერო თავდაცვის საკითხში, როგორც სამხედრო თვალსაზრისით, ისე შესაძლებლობების მხრივ”.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა დასკვნებს გამოიტანენ ირანელი ლიდერები ამ ახლადშექმნილ რეალობასთან დაკავშირებით:

“მათ ადგილზე რომ ვიყო, გადავხედავდი იმ ქმედებათა კურსს, რომელსაც ისინი ბოლო ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში მიმართავდნენ, როცა ტერორიზმის მხარდაჭერასა და რეგიონის შემდგომი დესტაბილიზაციის მცდელობას აგრძელებდნენ. ეს წარუმატებელი სტრატეგია იყო. თუ დააკვირდებით მათ მხარდაჭერას მარიონეტული დაჯგუფების მიმართ, მათ აშკარად ჰქონდათ სტრატეგია, რომლითაც ისინი ცდილობდნენ ისრაელის სახელმწიფოს მისი საზღვრების გარედან დამუქრებოდნენ, რათა მოეწყოთ განმეორებითი ტერორისტული თავდასხმები ისრაელში მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და რა თქმა უნდა, რეგიონის სხვა სუბიექტებზეც ახორციელებდნენ ტერორისტულ იერიშებს”.

მილერმა იმედი გამოთქვა, რომ ირანი გადახედავს საკუთარ წარუმატებელ პოლიტიკას და დეესკალაციის გზას დაადგება, შეწყვეტს არასტაბილურობის გაღვივებასა და ტერორიზმის მხარდაჭერის მცდელობებს.

“არ მაქვს ილუზია, რომ ისინი ძირეულად შეიცვლებიან, მაგრამ ვიფიქრებდი, რომ ეს უფრო გონივრული შეფასება იქნებოდა”, - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.

ახლახან გაკეთებულ, შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის დირექტორის ბოლო მოხსენებაში ნათქვამია, რომ ირანში ბოლო დროს საჯარო დებატები მიმდინარეობს, სადაც ბირთვული იარაღის შემაკავებელ ღირებულებაზე მსჯელობენ. დაზვერვის ცნობითვე, ირანს ამჟამად საკმარისი მასალა აქვს ათზე მეტი ასეთი იარაღის შესაქმნელად.

მილერმა კიდევ ერთხელ გაიმეორა და ხაზი გაუსვა ამერიკის გრძელვადიან პოლიტიკას: ”ჩვენ არ დავუშვებთ ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნას”.

Load more

XS
SM
MD
LG