Accessibility links

Breaking News

ირანი ახალი რეალობის წინაშეა, როგორ მოიქცევა ის?


სირიაში ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლების დაცემაში დიდი როლი ითამაშა მოკავშირეთა დახმარების ნაკლებობამ, რომლებიც მის რეჟიმს აქტიურად უჭერდნენ მხარს და ასადს ხელისუფლების შენარჩუნებაში ათწლეულების განმავლობაში ეხმარებოდნენ. ესენია: რუსეთი, ირანი და "ჰეზბოლა".

მაშინ, როცა ისლამისტმა ამბოხებულებმა სირიის ქალაქები ერთმანეთის მიყოლებით აიღეს, ასადის მხარდამჭერები მის დასახმარებლად ვეღარ გაეშურნენ, რადგან ან სხვა მიზანზე იყვნენ ფოკუსირებულები, ან ძალზე დასუსტდნენ: რუსეთი - უკრაინის ომით, “ჰეზბოლა” და ირანი კი - ისრაელის თავდაცვითი ქმედებების მოგერიებით, რომელსაც ზურგს შეერთებული შტატებისა და სხვა მოკავშირეების მხარდაჭერა უმაგრებს, რაც თან მოჰყვა ისრაელის წინააღმდეგ ირანისა და “ჰეზბოლას” იერიშების გაფართოების მცდელობას.

ახლო აღმოსავლეთი მნიშვნელოვნად შეიცვალა, აღნიშნა “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში ჯონ კირბიმ, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა.

მისი თქმით, „როცა ირანი იღვიძებს და რეგიონს გადახედავს, ის განსხვავებულია და მათი წინააღმდეგობის ღერძი ბევრგან, ბევრგანაა გადატეხილი... და ისინიც დასუსტდნენ საჰაერო თავდაცვის საკითხში, როგორც სამხედრო თვალსაზრისით, ისე შესაძლებლობების მხრივ”.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა დასკვნებს გამოიტანენ ირანელი ლიდერები ამ ახლადშექმნილ რეალობასთან დაკავშირებით:

“მათ ადგილზე რომ ვიყო, გადავხედავდი იმ ქმედებათა კურსს, რომელსაც ისინი ბოლო ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში მიმართავდნენ, როცა ტერორიზმის მხარდაჭერასა და რეგიონის შემდგომი დესტაბილიზაციის მცდელობას აგრძელებდნენ. ეს წარუმატებელი სტრატეგია იყო. თუ დააკვირდებით მათ მხარდაჭერას მარიონეტული დაჯგუფების მიმართ, მათ აშკარად ჰქონდათ სტრატეგია, რომლითაც ისინი ცდილობდნენ ისრაელის სახელმწიფოს მისი საზღვრების გარედან დამუქრებოდნენ, რათა მოეწყოთ განმეორებითი ტერორისტული თავდასხმები ისრაელში მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და რა თქმა უნდა, რეგიონის სხვა სუბიექტებზეც ახორციელებდნენ ტერორისტულ იერიშებს”.

მილერმა იმედი გამოთქვა, რომ ირანი გადახედავს საკუთარ წარუმატებელ პოლიტიკას და დეესკალაციის გზას დაადგება, შეწყვეტს არასტაბილურობის გაღვივებასა და ტერორიზმის მხარდაჭერის მცდელობებს.

“არ მაქვს ილუზია, რომ ისინი ძირეულად შეიცვლებიან, მაგრამ ვიფიქრებდი, რომ ეს უფრო გონივრული შეფასება იქნებოდა”, - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.

ახლახან გაკეთებულ, შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის დირექტორის ბოლო მოხსენებაში ნათქვამია, რომ ირანში ბოლო დროს საჯარო დებატები მიმდინარეობს, სადაც ბირთვული იარაღის შემაკავებელ ღირებულებაზე მსჯელობენ. დაზვერვის ცნობითვე, ირანს ამჟამად საკმარისი მასალა აქვს ათზე მეტი ასეთი იარაღის შესაქმნელად.

მილერმა კიდევ ერთხელ გაიმეორა და ხაზი გაუსვა ამერიკის გრძელვადიან პოლიტიკას: ”ჩვენ არ დავუშვებთ ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნას”.

XS
SM
MD
LG