Accessibility links

Breaking News

სირიაში ვითარება ცუდიდან უარესისკენ იცვლება


ალ-რუკბანის ლტოლვილთა ბანაკი აღმოსავლეთ სირიაში
ალ-რუკბანის ლტოლვილთა ბანაკი აღმოსავლეთ სირიაში

გაეროს განცხადებით, სირიაში მძიმე კრიზისია და პოლიტიკური გადაწყვეტილების გარეშე, იქ უკვე შეუძლებელია უამრავ პრობლემათა მთელი წყების მდგრადად მოგვარება. წარუმატებელი ეკონომიკისა და უსაფრთხოების მხრივ გამუდმებულად დაძაბული და ძალადობრივი სიტუაციის გარდა, „ჰუმანიტარული ვითარება კვლავ მკვეთრად უარესდება, რასაც ემატება ღრმა ეკონომიკური კრიზისი“.

სირიელ ხალხს ესაჭიროება შეუფერხებელი დახმარება და დახმარების მიწოდების არხებზე წვდომა. თუმცა, ძალიან ხშირად, ჰუმანიტარული დახმარების მიწვდენა შეუძლებელი ხდება, რადგან მხარეები სირიის მთელი მასშტაბით, უარს ეუბნებიან საზღვრის გადამკვეთ კოლონებს. მდგომარეობა მძიმეა, განსაკუთრებით კი - აღმოსავლეთ სირიაში მდებარე, რუკბანის იძულებით გადაადგილებულთა ბანაკში.

„შეერთებული შტატები ერთგული რჩება გაეროს მიერ ჰუმანიტარული დახმარების გაწევისადმი, ყველა გზითა და საშუალებით, მათ შორის, საზღვრისპირა ხაზების ჩათვლით“, - განაცხადა გაეროში ამერიკის მუდმივმა წარმომადგენელმა ლინდა თომას-გრინფილდმა. „ასადის რეჟიმი კი უარზეა. ჩვენ ამის მოწმე ვართ სამხრეთ-აღმოსავლეთ სირიაში, სადაც რეჟიმის ქმედებებმა,რუსეთის მიერ სრულიად და სამარცხვინოდ მხარდაჭერილმა, ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია”.

ლინდა თომას-გრინფილდის განმარტებით, სირიის ლიდერის, ბაშარ ალ ასადის „რეჟიმი ოთხი წლის განმავლობაში უარყოფდა გაეროს წვდომას რუკბანის ბანაკში ათასობით მშვიდობიანი მოქალაქისთვის, რის გამოც ისინი კატასტროფის ზღვარზე იმყოფებოდნენ. დღეს ორი თვე ხდება მას შემდეგ, რაც რეჟიმმა დაბლოკა კომერციული წვდომაც. ეს კატასტროფა ახლა გაცილებით უფრო ახლოსაა, ვიდრე როდესმე“.

გაეროში შეერთებული შტატების ელჩის თქმით, სირიაში “ახლა საკვები და სამედიცინო მარაგი მწირია, რაც ათასობით სამოქალაქო პირისთვის ვითარებას მკვეთრად აუარესებს, ზრდის დაავადებათა გავრცელების საფრთხეს, არასრულფასოვანი კვებით გამოწვეული მალნუტრიციის რისკებს, აუარესებს სასურსათო უსაფრთხოების მხრივ შექმნილ სიტუაციას”.

„შეერთებული შტატები მოუწოდებს ასადის რეჟიმს, ითანამშრომლოს გაეროს მოთხოვნებთან რუკბანზე კომერციული წვდომის გასახსნელად და ბანაკის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით“, - თქვა ლინდა თომას-გრინფილდმა. „არავითარი გამართლება არ აქვს იმ დაბრკოლებას და სისასტიკეს, რომელიც იქ ხდება, არავითარი“.

„ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთსა და ასადის რეჟიმს, შეწყვიტონ [დახმარების] შეჩერება და ამის გამართლება“, - განაცხადა გაეროში ამერიკის ელჩმა. „წლებია, ვიცოდით, რომ სირიის პრობლემის გადაჭრაში პროგრესის ნაკლებობა რეგიონში უფრო გაამწვავებდა კონფლიქტის რისკებს. ახლა ეს რისკი რეალობად იქცა”.

„ირანი,მისი მარიონეტები და პარტნიორები სულ უფრო ხშირად იყენებენ სირიის ტერიტორიას ისრაელისთვის საფრთხის შესაქმნელად და სახიფათო იარაღის გადასატანად”, - განაცხადა ლინდა თომას გრინფილდმა.

მისი თქმით, „მიუხედავად იმისა, თუ რა საკითხებს აყენებს აქ, ამ პალატაში განსახილველად ასადის რეჟიმი, თავად სირიელებმა იციან, რომ ირანის მებრძოლი მარიონეტები და პარტნიორები ცდილობენ მხოლოდ საკუთარი დესტაბილიზაციის დღის წესრიგის დაწინაურებას, და არა სირიელი ხალხის დახმარებას”.

„ამ სახიფათო მომენტში, მნიშვნელოვანია ვიმუშაოთ... დაძაბულობის შესამცირებლად და ესკალაციის თავიდან ასაცილებლად სირიაში და მეზობელ ქვეყნებში“, - განაცხადა ლინდა თომას-გრინფილდმა. მისი თქმით, ამ მიზნით, შეერთებული შტატები კვლავაც გააგრძელებს მუშაობას თავის დიპლომატიურ პარტნიორებთან ერთად.

XS
SM
MD
LG